Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა აფხაზეთის კონფლიქტის ფონზე


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 20 იანვარს მოსკოვში დაწყებულ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ოფიციალურ ვიზიტს რუსეთის პრესა ”შემრიგებლური” მისიის დატვირთვას ანიჭებს.

რუსი ექსპერტების განცხადებით, ქართველი სპიკერი მოსკოვს საკმაოდ რთული ამოცანით - აფხაზეთის კოფნლიქტის ირგვლივ მორიგი დაძაბული სიტუაციის განსამუხტად ესტუმრა. შეძლებს თუ არა ნინო ბურჯანაძე თავისებური თეთრი მანდილის როლის შესრულებას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში აფხაზეთის კონფლიქტის ფონზე?

რუსეთის პრესა ყურადღებას მიაპყრობს პარლამენტის თავმჯდომარის მეტად დაძაბულ დღის წესრიგს - რუსეთის პრეზიდენტისა და პრემიერის გარდა, ნინო ბურჯანაძე რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის პრაქტიკულად ყველა მეტ-ნაკლებად სერიოზულ პირს ხვდება. 21 იანვარს, რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერ სერგეი მირონოვთან შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა განაცხადეს, რომ ორივე ქვეყნის პარლამენტებმა ხელი უნდა შეუწყონ რუსეთ-საქართველოს ე.წ. ჩარჩო ხელშეკრულების მიღებასა და რატიფიცირებას.
სხვათა შორის, ინტერნეტგამოცემა ”დნის” ვარაუდზე, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი ასეთი ყურადღება მოახლოებული არჩევნებისას რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი პოლიტიკოსის მოძიებით არის განპირობებული, რუსეთის პოლიტიკურ მეცნიერებათა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა იგორ იაკოვლევმა შენიშნა, რომ ”ჩვეულებრივ, სახელმწიფოები სხვა ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერებთან თავიანთ დამოკიდებულებაში ბოლო მომენტამდე ცდილობენ ინტრიგის შენარჩუნებას და მიზნის ვადამდე გამჟღავნება ცუდ ტონად ითვლება”. ამავე დროს, იგორ იაკოვლევის აზრით, საქართველოში არ არის ნაკლებობა გამოკვეთილი პოლიტიკოსებისა, რომლებიც კონკურენციას გაუწევენ თუნდაც ნინო ბურჯანაძეს და რომლებიც უფრო ლოიალურ პოლიტიკას გაატარებენ რუსეთის მიმართ.
როგორც ჩანს, პრეზიდენტი შევარდნაძე პარლამენტის თავმჯდომარის მოსკოვურ ვიზიტს განსაკუთრებულ იმედებს არ უკავშირებს. 21 იანვარს თბილისში ჩამოვიდნენ საქართველოს ელჩები გაეროსა და აშშ-ში რეზო ადამია და ლევან მიქელაძე, რომლებიც 31 იანვრისთვის დაგეგმილი გაეროს უშიშროების საბჭოს წინ პრეზიდენტ შევარდნაძესთან კონსულტაციებს ჩაატარებენ. პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოთხშაბათს, მთავრობის სხდომის ნაცვლად, გაიმართება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელიც ასევე აფხაზეთში ბოლო მოვლენების ფონზე საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის განსაზღვრას მიეძღვნება.
ამასობაში თბილისში ძალას იკრებს რუსეთის მშვიდობისმყოფელების აფხაზეთში ყოფნის მოწინააღმდეგეთა მოძრაობა. 21 იანვარს აფხაზეთიდან დევნილებმა ერთი საათით გადაკეტეს ჭავჭავაძის პროსპექტი. 22 იანვარს ისინი ქუჩის გადაკეტვას პარლამენტის წინ გეგმავენ. აქციის მონაწილეები მოითხოვენ რუსეთის სამშვიდობო ნაწილების დაუყოვნებლივ გაყვანას აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან.
საპირისპირო მოსაზრება აქვს გაეროს გენერალურ მდივანს კოფი ანანს, რომელმაც ქართულ მხარეს რუსეთის სამშვიდობო ნაწილებისთვის მანდატის ივლისამდე გაგრძელების რეკომენდაცია მისცა. რუსეთის შეიარაღებული ნაწილების გაყვანის შემთხვევაში, კონფლიქტის ზონას გაეროს მეთვალყურეებიც დატოვებენ.
XS
SM
MD
LG