Accessibility links

ტერორიზმთან ბრძოლის როლი რუსეთ-საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობაში


კიშინიოვის სამიტის შემდეგ ოდნავ შერბილებული რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა ისევ უარესდება. პოლიტიკური დაძაბულობის მიზეზი აფხაზეთის საკითხია,

თუმცა მოსკოვის თბილისთან დამოკიდებულების გამწვავებასა და საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებში კვლავ არანაკლებ როლს თამაშობს საქართველოში დაკავებული ჩეჩენი მეომრების ექსტრადიციისა და პანკისის ხეობის თემა.

მოსკოვი ახლა ღიად აღარ მოითხოვს პანკისის ხეობის დაბომბვას და თბილისზე ზეწოლას სხვა მეთოდებით ახერხებს. კერძოდ კი, ბოლო დროს რუსული მედიის საშუალებით ინტენსიურად ვრცელდება ცნობები პანკისის ხეობასთან ათასი ჯურის ტერორისტების კავშირის შესახებ. საქართველოს ხელისუფლებაში ასეთი საინფორმაციო კამპანიის შედეგად მიიჩნევენ დასავლეთის სახელმწიფოთა სულ უფრო მზარდ ინტერესსა და შეშფოთებას პანკისის ხეობაში შექმნილი ვითარების გამო.

კერძოდ, რუსული წყაროების ინფორმაციით, რომელიც შემდეგ „ფაინეშელ ტაიმსმა“ გამოაქვეყნა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რუსეთში ალექსანდრ ვერშბოუმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი მოითხოვს პანკისის ხეობაში მოქმედი ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებას. ყურადღება მახვილდება ხეობაში საქართველოს უშიშროების სამინისტროს მიერ მომწამლავი ქიმიური ნივთიერების „რიცინისა“ და ალ-ყაიდას წევრების აღმოჩენის ფაქტებზე. იმავე ვერშბოუს თქმით, საქართველოს ხელისუფლება ზოგიერთ რამეს არამარტო მოსკოვს, არამედ ვაშინგტონსაც უმალავს.
[ჯაფარიძის ხმა] „ვერშბოუს განცხადება... აშშ-ს ელჩის განცხადება... რუსეთში მან სწორედ ეს განცხადება გააკეთა... რაზე იყო ეს დაფუძნებული?... თუ ის იყო დაფუძნებული სწორედ ამ რამდენიმე ხნის წინათ გაშუქებულ ფაქტებზე, ნუ, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ბატონმა ვერშბოუმ არასწორი ინტერპრეტაცია გააკეთა.“ [სტილი დაცულია]

ეს კომენტარი საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა თედო ჯაფარიძემ 21 იანვარს გააკეთა. ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი ლევან მიქელაძე კი უარყოფს ვერშბოუს მიერ ამგვარი აზრის გამოთქმის შესაძლებლობას და მას რუსული მედიის ფანტაზიას მიაწერს.

უკავშირდება თუ არა ყოველივე ამას 21 იანვარს საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლის შეხვედრა, ძნელი სათქმელია. ოფიციალურად მისი ვიზიტის მიზეზად ბიუროს წარმომადგენლობის გახსნისთვის მზადება დასახელდა.

თუმცა ვაშინგტონი რომ კვლავაც შეწუხებულია პანკისის პრობლემის პოლიტიკური შედეგებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ საქართველოს პრეზიდენტისთვის გამოგზავნილი წერილიდანაც ჩანს. წერილში ჯორჯ ბუში მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების იდეას უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს, საქართველოსა და რუსეთს შორის სამმხრივი თანამშრომლობის შესახებ.

ბუშს მიაჩნია, რომ ასეთ თანამშრომლობას კარგ საფუძველს უქმნის პრეზიდენტების - შევარდნაძისა და პუტინის - კონსტრუქციული შეხვედრა კიშინიოვში. იქ მიღწეული შეთანხმებების რეალიზება კი ხელს შეუწყობს პანკისის პრობლემის დაძლევას და მოხსნის ორ სახელმწიფოს შორის სერიოზულ გამაღიზიანებელ ფაქტორს.

ამ მიმართულებით სასიკეთო ცვლილებებს ჯორჯ ბუში აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტისა და სხვა საკითხებში რუსეთ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის ნაყოფიერ ნიადაგად მიიჩნევს.

შეგახსენებთ, რომ კიშინიოვში პრეზიდენტმა შევარდნაძემ ჩეჩენი მეომრების რუსეთში ექსტრადიციის პირობაც დადო. თუმცა ამ პირობის შესრულება ოფიციალურ თბილისს საერთაშორისო ავტორიტეტის შელახვად დაუჯდება. საქართველოში დაკავებულ ჩეჩენ მეომართაგან უკვე ექსტრადირებულების საქმეს ევროსასამართლოში განხილვა ელოდება. მათ ადვოკატებს მოპოვებული აქვთ დოკუმენტები რუსეთში ჩეჩენ პატიმართა წამების ფაქტების შესახებ, რაც საქართველოსთვის ექსტრადიციის განხორციელების პირდაპირი აკრძალვაა. ეს მასალები ექსტრადიციის მომლოდინე ჩეჩენ მეომრებსაც ეხება. მათი სასამართლო პროცესი 20 იანვარს 30 იანვრამდე გადაიდო. სასამართლოს ნებისმიერი ფორმის გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებას რთული საერთაშორისო პრობლემის გადაწყვეტის აუცილებლობის წინაშე აყენებს.
XS
SM
MD
LG