Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ მოხსნეს ბორის იორდანი?


ანდრო ეული, პრაღა ამერიკელი ფინანსისტი ბორის იორდანი, რომელიც ორი წლის წინათ დამოუკიდებელი ტელეარხის NTV-ს მფლობელი სახელმწიფო კომპანიის, "გაზპრომ-მედიის" უფროსად დანიშნეს,

პარასკევს კრემლმა თანამდებობიდან გაათავისუფლა.

შეგახსენებთ, რომ ტელეარხი NTV, ისევე, როგორც რუსეთში მოქმედი ინფორმაციის არაერთი სხვა დამოუკიდებელი საშუალება, ეკუთვნოდა ამჟამად ლტოლვილობაში მცხოვრებ მასმედიის მაგნატს ვლადიმირ გუსინსკის, რომელიც 1999 წელს მთავარ ოპოზიციურ ძალად მოევლინა კრემლს, ხოლო მისი ტელეარხი NTV თავის გადაცემებში ულმობლად აკრიტიკებდა მთავრობას.

მას შემდეგ, რაც 2000 წელს ხელისუფლებას ვლადიმირ პუტინი მოექცა სათავეში, გუსინსკის მედიაჰოლდინგს, მათ შორის ტელეარხ NTV-ს, სახელმწიფო კომპანია "გაზპრომი" დაეპატრონა და ამ უკანასკნელის დირექტორად ბორის იორდანი დანიშნეს.

და აი, პარასკევს, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, იორდანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. იგი "გაზპრომის" ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ დიბალმა შეცვალა. საგულისხმოა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა NTV-ს მისამართით კრიტიკა გამოთქვა იმის გამო, თუ როგორ გააშუქა ამ ტელეარხმა შარშან, ოქტომბერში მომხდარი კრიზისი, როცა ჩეჩენმა ექსტრემისტებმა მოსკოვის დუბროვკის თეატრალურ ცენტრში მძევლად აიყვანეს 700-ზე მეტი ადამიანი.

ბორის იორდანი სულაც არ არის მიჩნეული სიტყვის თავისუფლების სიმბოლოდ, მაგრამ, როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, იორდანის მოხსნა მორიგი დასტურია იმისა, რომ კრემლი ოპოზიციისადმი შეურიგებელი რჩება.

როგორც ორშაბათს, სატელევიზიო ინტერვიუში აღნიშნა მემარჯვენე ძალთა კავშირის ლიდერმა ბორის ნემცოვმა, იორდანის მოხსნას პოლიტიკური სარჩული უდევს და დაკავშირებულია მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან, როცა ეთერში კრემლის მისამართით კრიტიკა აღარ უნდა ისმოდეს: [ბორის ნემცოვის ხმა] "იორდანმა და მენეჯერთა გუნდმა შეძლეს ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და პოპულარული ტელევიზიის შექმნა, ხოლო იორდანისა და მისი გუნდის წასვლით ახლა უკვე ცხადი ხდება, რომ NTV საბოლოოდ და სამუდამოდ გადაიქცევა ტელევიზიად, რომელიც მთლიანად დაექვემდებარება სახელმწიფოს, ცენზურასა და კონტროლს."

ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა რიჩარდ ბაუჩერმა განაცხადა, რომ აშშ "უაღრესად შეშფოთებულია" ბორის იორდანის მოხსნის გამო.

იორდანის მმართველობის დროს NTV აღარ იყო კრემლთან აშკარა ოპოზიციაში და რამდენადმე შეარბილა კილო, თუმცა თვით სკეპტიკოსებიც აღიარებენ, რომ ტელეარხი განაგრძობდა სწრაფვას დამოუკიდებლობისკენ, რაც არც ისე ადვილია დღევანდელ რუსეთში, სადაც ხელისუფლებამ მასმედია მთლიანად დაუქვემდებარა საკუთარ კონტროლს.

მთავრობის საგანგებო სხდომაზე, ნოემბერში, ვლადიმირ პუტინმა დაუსახელებლად გააკრიტიკა ტელეარხი, რომელმაც პირდაპირ გადასცა, როგორ ემზადებოდნენ უშიშროების ძალები მძევალთა გათავისუფლების მიზნით დაგეგმილი საგანგებო ოპერაციისთვის. ბორის იორდანმა უარყო ხსენებული ოპერაციის პირდაპირი გადაცემის ფაქტი.

მოსკოვის "საგანგებო ვითარებათა ჟურნალიზმის" ცენტრის ხელმძღვანელის ოლეგ პანფილოვის აზრით, ბორის იორდანმა ვერ გაიცნობიერა იმ ბიზნესის თავისებურება, რომელშიც ორი წლის წინათ ჩაერთო. ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში პანფილოვმა განაცხადა: [ოლეგ პანფილოვის ხმა] "არსებითად მართალი იყო იორდანი, როცა ყოველთვის ამბობდა, რომ თავისუფალი პრესა ბიზნესია. მაგრამ ვფიქრობ, მას ბოლომდე არ ჰქონდა გაცნობიერებული, რომ რუსეთში თავისუფალი პრესა პროპაგანდაა."

ოლეგ პანფილოვმა დასძინა, რომ ამჯერად რუსეთის ხელისუფლება ნამდვილად მუხლებზე დააჩოქებს NTV-ს.
XS
SM
MD
LG