Accessibility links

ელექტროენერგიასთან დაკავშირებული თანხები უკონტროლოდ მოძრაობს


ენერგეტიკის დარგში გამეფებული ქაოსი საქართველოში აღარავის უკვირს და ეს , ცხადია, ელექტროენერგიასთან კავშირშიც სწორედ ასეა. გარდა იმისა, რომ გადასახადების გადახდაზე თავს დიდად არავინ იწუხებს,

ხშირად გადახდილი თანხის ტრაექტორიაც ეჭვებს იწვევს. თუკი მოინდომა კაცმა, დღეს თურმე იმის დამალვაც ადვილია, თუ რომელი საწარმო, გენერაციის რომელი ობიექტიდან და რამდენ ელექტროენერგიას ღებულობს.

ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის მესვეურები მიიჩნევენ, რომ ამგვარი აურზაური იმ კონტრაქტების ბრალია, რომლებსაც მომხმარებლები გენერაციის ობიექტებთან პირდაპირი წესით, ანუ ბაზრის გვერდის ავლით, აფორმებდნენ. პრეზიდენტის 2002 წლის 26 დეკემბრის განკარგულების საფუძველზე, ამგვარი კონტრაქტები სასწრაფო წესით უნდა გადაიხედოს და კონტრაქტორთა შორის შუამავლის როლში აუცილებლად უნდა ჩადგეს საბითუმო ბაზარი. ამასთან, დენის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა ფინანსური ოპერაცია ბაზრის სატრანსფერო ანგარიშის გავლით უნდა განხორციელდეს. მარტივად რომ ვთქვათ, საბითუმო ბაზარმა მკაცრად უნდა შეასრულოს იმ ნეიტრალური ტერიტორიის როლი, სადაც მომხმარებლები ფულის სანაცვლოდ - ელექტროენერგიას, ხოლო გენერაციის ობიექტები, ელექტროენერგიის სანაცვლოდ, ფულს მიიღებენ.

გენერაციის ობიექტებსა და მათ მომხმარებლებს, რომლებიც დღეს პირდაპირი კონტრაქტის წესით მუშაობენ, ყოველივე ეს, ცხადია, არ სიამოვნებთ. მით უმეტეს მათ, ვინც ამ გზით უზარმაზარ თანხებს მალავს და ბნელი გზებით ამოძრავებს. ბუნებრივია, მსაჯად და მეთვალყურედ გამწესებული საბითუმო ბაზარი თანხების მოძრაობას იოლად მიადევნებს თვალს და, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები ირწმუნებიან, ფინანსურ ოპერაციებს გამჭვირვალეს გახდის.

რა სიკეთეს მოიტანს ამ შემთხვევაში დემოკრატიული ეპოქის უსაყვარლესი ეპითეტი - “გამჭვირვალე” ?! როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, ყოველივე ეს ენერგოსისტემაში ასე დეფიციტური და ასე სანატრელი თანხების მობილიზებას შეუწყობს ხელს. ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის გენერალური დირექტორის მოადგილე იოსებ ნატროშვილი მიიჩნევს, რომ მობილიზებული თანხებით, უპირველეს ყოვლისა, ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულთა ხელფასები დაფინანსდება:

(იოსებ ნატროშვილის ხმა:) “რაც მეტი თანხა მოგროვდება ელექტროენერგიის მომხმარებლებისგან და დაუბრუნდება იმ ხალხს (ხელფასების სახით), ვინც ელექტროენერგია აწარმოა, ამას ფისკალური ეფექტიც ექნება. დღეს ენერგეტიკაში, დაახლოებით, 25 ათასი კაცი მუშაობს და მათი ხელფასი ყოველთვიურად 2,5 მილიონ ლარს შეადგენს. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ თანხების მოგროვების იმ დონეს, რომ ყველა ამ ადამიანმა შეძლოს კუთვნილი ხელფასის მიღება. და, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ უკვე უნდა დაფინანსდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები.”

ნატროშვილის განცხადებით, 2002 წელს თითქმის ყველა სადგურზე დარიგდა 9-10 თვის ხელფასი, ხოლო ენგურჰესს (როგორც პრიორიტეტს) 13 თვის ხელფასი ერგო. იმ ფაქტს, რომ შარშან სახელფასო დავალიანება მნიშვნელოვნად არ გაზრდილა, ექსპერტები უკვე საკმაოდ კარგ შედეგად მიიჩნევენ. ვერაფერს ვიზამთ, ასეთია ღარიბი და მოუხერხებელი სახელმწიფოს რეალობა.
XS
SM
MD
LG