Accessibility links

logo-print

აჭარა თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის საკითხს მიუბრუნდა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი აჭარის ავტონომია 1994 წლიდან დღემდე აქტიურად ლობირებს ”თავისუფალი ეკონომიკური ზონების შესახებ კანონის” განხილვას. თბილისში აჭარის მისწრაფებას ამგვარი ზონის

შექმნისაკენ რეგიონზე კონტროლის საბოლოოდ დაკარგვის მომასწავებლად მიიჩნევენ და კანონპროექტის განხილვას მაქსიმალურად აჭიანურებენ. ცოტა ხნის წინ თბილისში, აჭარის წარმომადგენლობაში, აღნიშნული თემა კიდევ ერთხელ გახდა განსჯის საგანი.

თავისუფალი ეკონომიკური ზონების კანონის მიღება, რასაც აჭარის ლიდერი 1994 წლიდან აყენებს დღის წესრიგში, თავის დროზე ცენტრსა და ავტონომიას შორის ფარული კონფლიქტის ღია დაპირისპირებაში გადაზრდის ინდიკატორად იქცა. ბათუმი ამ საკითხს დღის წესრიგიდან არ ხსნის და დროდადრო საჯარო განხილვებსაც მართავს. ოფიციალური თბილისი კი ღია საუბრებს ყოველთვის თავს არიდებს და თავად თემის წამოწევას სეპარატიზმის გამოვლინებად მიიჩნევს.

მაინც რით არის საშიში თავისუფალი ვაჭრობის ზონა ცენტრალური ხელისუფლებისათვის და რატომ არის ასე მომხიბვლელი იგივე საკითხი ავტონომიისთვის?

ხშირად, როდესაც თავისუფალ ეკონომიკურ ზონაზეა საუბარი, აჭარა იმ ქვეყნების გამოცდილებაზე აპელირებს, სადაც ვაჭრობის შეღავათიანი რეჟიმებია დაწესებული. ბევრგან, მაგალითად, ჩინეთში, მსგავსმა ექსპერიმენტებმა გაამართლა და ამგვარი თავისუფალი ზონები ეკონომიკურ ოაზისებად იქცა, მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარია დიდ ქვეყნებზე და თანაც იმგვარ სახელმწიფოებზე, რომლებშიც საზღვრისპირა რეგიონების ან ეთნიკური უმცირესობების პრობლემა არ არსებობს.

ცოტა ხნის წინ აჭარის წარმომადგენლობამ თბილისში ამ თემაზე მორიგი დისკუსია გამართა და საზოგადოებას სპეციალურად მოწვეული ჩინელი სპეციალისტების პროექტი გააცნო. აღნიშნული პროექტის თანახმად, უნდა შეიქმნას საკოორდინაციო საბჭო, რომელიც შეისწავლის და ქვეყნის პრეზიდენტს დასამტკიცებლად გადასცემს საგანგებო კანონპროექტს, ხოლო თავად თავისუფალ ეკონომიკურ ზონებზე მონიტორინგი უნდა განახორციელოს მმართველმა ბიურომ, რომელიც პრეზიდენტის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული. აჭარელი ლობისტები აღნიშნავენ, რომ ამგვარი თავისუფალი ვაჭრობის პირობებში ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაიზრდება, დასაქმების პრობლემაც მოიხსნება, იმატებს ინვესტიციები და, შედეგად, როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონალურ ბიუჯეტშიც დამატებითი შემოსავლები გაჩნდება.

თავისუფალი ეკონომიკური ზონა სავაჭრო ტარიფების ლიბერალიზაციას ან მათ თითქმის სრულ ნიველირებას მოიცავს, რამაც, ეკონომიკური ლოგიკით, მართლაც, უნდა გამოაცოცხლოს ეკონომიკური აქტივობა, მაგრამ ამგვარ ცდუნებას აქვს მეორე, არცთუ მომხიბლავი, მხარე.

დამოუკიდებელი ექსპერტები, მიუხედავად იმისა, რომ ჩინელი სპეციალისტების მიერ მომზადებულ პროექტს მაღალ შეფასებას აძლევენ, ამგვარი ლოკალური ზონების შექმნის მიზანშეწონილობას საქართველოში ეჭვის ქვეშ აყენებენ.

დამოუკიდებელ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძის აზრით, აღნიშნული პროექტი, შესაძლოა, ეფექტური იყოს ისეთი დიდი ქვეყნისთვის, როგორიც ჩინეთია, მაგრამ არა პატარა სახელმწიფოსათვის. ამასთან, საკითხის განხილვა არ იქნება გამართლებული კონტექსტიდან ამოგლეჯით, მას კომპლექსური მიდგომა სჭირდება.

პროფესორი ვლადიმერ პაპავა კი მხარს უჭერს საშემოსავლო გადასახადის 20 პროცენტიდან 10 პროცენტამდე შემცირებას, ასევე გადასახადებიდან გათავისუფლებას მოგების 40 პროცენტის წარმოებაში რეინვესტირების ან მოწყობილობების იმპორტის შემთხვევაში. მაგრამ აღნიშნული შეღავათები უნდა დაწესდეს მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე და არა რომელიმე კონკრეტულ რეგიონში. ასეთ შემთხვევაში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის აუცილებლობა დღის წესრიგიდან მოიხსნება.
XS
SM
MD
LG