Accessibility links

logo-print

მოასწავებს თუ არა, სპარსეთის ყურეში ჯარის უზომო რაოდენობის თავმოყრა გარდაუვალი ომს


შეერთებულმა შტატებმა სპარსეთის ყურეში ჯარის იმგვარ რაოდენობას მოუყარა თავი, რომ ბევრი ფიქრობს, ახლა უკან ვეღარ დაიხევს, ომის გარდაუვალიაო. მართლაც ნიშნავს ეს,

რომ ომი აუცილებლად დაიწყება ერაყის წინააღმდეგ? ჩვენმა კორესპონდენტებმა ექსპერტები გამოკითხეს.
ჯორჯ ბუში იმ ფაქტის მიუხედავად, რომ სპარსეთის ყურეში დიდძალი ჯარი და სამხედრო ტექნიკაა თავმოყრილი, აცხადებს, გადაწყვეტილება ომის თაობაზე არ მიმიღიაო.
ამავე დროს ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ ომი გარდაუვალია. პენტაგონის უმაღლესი რანგის წარმომადგენელმა, გენერალმა რიჩარდ მაიერსმა ჟურნალისტის მიერ გამოთქმულ ამგვარ შეშფოთებაზე უპასუხა, რომ სამხედრო თვალსაზრისით ომი შეუქცევადი არ არის.
ჩვენი “რადიოს” მიერ გამოკითხული სამხედრო და პოლიტიკური ექსპერტები ამ ნათქვამს ტექნიკური თვალსაზრისით სიმართლედ მიიჩნევენ, მაგრამ იქვე შენიშნავენ, რომ ხშირად პოლიტიკოსები ისეთ ვითარებას შექმნიან, რომ ხსნას მხოლოდ ომშიღა ხედავენ ხოლმე. ლეონ ფერთი ალ გორის ვიცე-პრეზიდენტობის დროს მისი მრჩეველი იყო სახელმწიფო უშიშროების საკითხებში. ის ამბობს, რომ მაიერსზე უკეთ არავინ იცის, რომ ჯარის ომის ზღვართან მიყვანა სროლის გარეშეც შეიძლება:
[ფერთის ხმა] “მაიერსი ექსპერტივით ლაპარაკობს, ცხადია ის ცდილობს გააქარწყლოს შიში, რომ ომის შეუქცევადობა მიღწეულია. მაგრამ მისი, როგორც სამხედრო საქმის მცოდნე პრაქტიკოსის პოზიციიდან, მაიერსი მართალია”.
ფერთის ეთანხმება “საერთაშორისო მშვიდობის კარნეგის ფონდის გაუვრცელებლობის პროექტის” დირექტორის მოადგილე ჯონ ვოლფსტალი, რომელიც აცხადებს, რომ რა მასშაბისაც არ უნდა იყოს მობილიზაცია, ბრძოლის დაწყებამდე მისი გაუქმება ყოველთვის შეიძლება. მაგრამ ვოლფსტალისვე თანახმად, ეს ძალიან ძვირი დაჯდება, თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ომი უნდა დავიწყოთ, რადგან ჯარი უკვე იქ არისო, აცხადებს ამერიკელი ექსპერტი.
ლეონ ფერტი განმარტავს ამასთან, რომ დიდი რაოდენობის ჯარის ბრძოლის ველზე განთავსება სულაც არ ნიშნავს ამ ჯარის მუდმივ მზადყოფნას წარმატებული ბროლისთვის, მორალური და ტექნიკურ თვალსაზრისითაც. საჭირო გახდება, ამბობს ფერთი, აღჭურვილობის და ჯარისაკაცების როტაცია, რაც დიდ სიძნელეს წარმოადგენს.
ფერfიცა და ვოლფსტალიც იმ აზრისა არიან, რომ გენერალი მაიერსის და პრეზიდენტის პოზიციები შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს. პრეზიდენტს შეუძლია ჯარს უბრძანოს და უკან დააბრუნოს. მაგრამ ეს მისთვის პოლიტიკურად საზიანო იქნება, რადგან მის მიმართ რწმენა დაიკარგება. ვოლფსტალი ასე ფიქრობს: [ვოლფსტალის ხმა] “ბუშის მთავრობისთვის პოლიტიკურად სახიფათოა, 2004 წლის არჩევნებში ჩაებას და ერაყს კვლავ სადამ ჰუსეინი მართავდეს. თუკი ერთი წლის მანძილზე, სადამ ჰუსეინის თავიდან მოშორების საქმეში წინსვლა არ მოხდა, ეს ბუშის სისუსტის გამოაშკარავება იქნება”.
ერაყისა და აშშ-ის დაპირისპირების არაერთი შედეგია მოსალოდნელი, ფიქრობს მაიკლ ო’ჰანლონი, რომელიც ბრუკინგის კვლევით ცენტრში ომის პრობლემატიკას შეისწავლის. ო’ჰანლონის თანახმად, ყველა ეს შედეგი ითვალისწინებს, რომ გაეროს მოთხოვნა განიარაღების შესახებ, სადამ ჰუსეინმა შეასრულოს, ან ერაყელი ხალხი მას გადააყენებს. ო’ჰანლონის თანახმად, იმის გათვალისწინებით, თუ რა რაოდენობის ჯარს მოუყარეს თავი სპარსეთის ყურეში, ბუშს სამი არჩევანი აქვს: თუკი რადიკალური ცვლილებები არ მოხდა, ან ომი დაიწყება, ან ერაყი აღიარებს, რომ აქვს მასობრივი განადგურების იარაღი და ან კიდევ, ერაყელი ხალხი ჩამოაგდებს სადამს.
ჯონ ვოლფსტალი ამბობს, რომ ჯორჯ ბუში ახლა უფრო აგრესიულად იქცევა, ვიდრე ის სინამდვილეშია, რადგან სურს სადამს დაანახოს, რომ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მის წინააღმდეგ აუცილებლად იხმარენ ძალას.
აქედან დასკვნა: თუკი ბუში ამ მხრივ დამაჯერებელი იქნა, მაშინ სადამი ან გადადგნება, ან მისი ჯარის ნაწილები ჩამოაგდებენ მას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კრიზისის სისხლისღვრის გარეშეც შეიძლება მოგვარდეს.
XS
SM
MD
LG