Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მატულობს ერაყთან შესაძლო ომის მოწინააღმდეგეთა რიცხვი


ანდრო ეული, პრაღა იმ დროს, როცა ერაყთან ომის მოწინააღმდეგეთა რიცხვი დღითიდღე მატულობს როგორც თავად შეერთებულ შტატებში, ასევე საზღვარგარეთ, პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციამ საინფორმაციო

ომი გააჩაღა მსოფლიო თანამეგობრობის დასარწმუნებლად, რომ მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო ძალის გამოყენებით არის შესაძლებელი იმ მუქარის უვნებელყოფა, ერაყის დიქტატორი პრეზიდენტის, სადამ ჰუსეინისგან რომ მომდინარეობს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა არაერთგზის განაცხადა, რომ თუ გაეროს უშიშროების საბჭო მხარს არ დაუჭერს სამხედრო ძალის გამოყენებას, რაც ერაყის განიარაღებისათვის გახდება აუცილებელი, მაშინ ამას ვაშინგტონი დამოუკიდებლად, "მომხრე სახელმწიფოთა კოალიციასთან" ერთად გააკეთებს.

ასეთივე განცხადებით გამოვიდა ჯორჯ ბუში სამშაბათს, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე. მან თქვა, რომ ერაყი არ თანამშრომლობს გაეროს განიარაღების ექსპერტებთან, ხოლო სადამ ჰუსეინს საკმარისი დრო მიეცა განიარაღებისთვის, მაგრამ ეს არ მოხდა: [ჯორჯ ბუშის ხმა] "თითქოს, ცუდი ფილმის დემონსტრირება ხდება ხელმეორედ. სადამ ჰუსეინი აყოვნებს, ცრუობს, დროის მოგებას ცდილობს და კატა-თაგვობანას ეთამაშება განიარაღების ექსპერტებს. ერთი რამ ცხადია: განიარაღებას იგი არ აპირებს."

გასული კვირის ბოლოს, ერაყთან ომის მოწინააღმდეგეთა მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაციები გაიმართა მსოფლიოს მრავალ სახელმწიფოში, ხოლო საზოგადოებრივი აზრის უკანასკნელმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ აშშ-ისა და მისი ერთგული მოკავშირის, დიდი ბრიტანეთის მომხრეთა რიცხვი კლებულობს.

სამშაბათს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ რიჩარდ არმიტაჯმა განაცხადა, რომ ერაყის პრობლემის მშვიდობიანი მოგვარების საშუალებები ამოიწურა.

ამასობაში პენტაგონმა სპარსეთის ყურის რეგიონში გაგზავნა კიდევ ორი ავიამზიდი და მათი თანმხლები საბრძოლო ხომალდები, აგრეთვე ჯარის 37-ათასკაციანი დამატებითი შენაერთი. თებერვლის შუა რიცხვებისთვის იქ ამერიკის ოთხი ავიამზიდი და 150 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იქნება განთავსებული.

სამშაბათს პრეზიდენტ ბუში დემოკრატმა სენატორმა ედვარდ კენედიმ გააკრიტიკა. მან თქვა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ანგარიშს არ უწევს ვაშინგტონის მოკავშირეთა აზრს, და თან დასძინა, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციის მთელი ყურადღება ჩრდილოეთი კორეის ბირთვული კრიზისისა და ტერორიზმთან მიმდინარე ომისკენ უნდა იყოს მიპყრობილი. სენატორ კენედის აზრით, გაეროს განიარაღების ექსპერტებს მეტი დრო უნდა მიეცეს ერაყში თავიანთი მისიის დასასრულებლად, ხოლო შეერთებულმა შტატებმა არ უნდა აიძულოს თავისი მეგობრები და მოკავშირეები, მას ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში შეუერთდნენ.

საინტერესოა ვაშინგტონში მოქმედი ბრუკინგსის ინსტიტუტის პოლიტიკური მიმომხილველის ჯეიმს ლინდსის მოსაზრება იმის შესახებ, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაცია სისუსტეს გამოავლენს და შელახავს საკუთარ ავტორიტეტს, თუ მუქარით აღსავსე ამდენი ხმამაღალი განცხადების შემდეგ სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ ძალას არ გამოიყენებს.
XS
SM
MD
LG