Accessibility links

logo-print

''ჯერუზალემ პოსტი'' საქართველო-ისრაელის ურთიერთობაზე


საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის ოფიციალური ვიზიტი ისრაელში 21 იანვარს ამ ქვეყნის პრეზიდენტთან მოშე კაცავთან შეხვედრით დაიწყო. შეხვედრის მთავარი თემა

გახლდათ საქართველოსა და ისრაელის თანამშრომლობის გაღრმავება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. მხარეებმა გაიზიარეს მოსაზრება, რომ ახლო აღმოსავლეთისა და კავკასიის რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე ორი ქვეყნის უშიშროების სისტემების ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო უნდა განმტკიცდეს. 22 იანვარს ავთანდილ ჯორბენაძემ მონაწილეობა მიიღო ქართველ ებრაელთა კონგრესის მუშაობაში. მისი ვიზიტის პროგრამაშია შეხვედრა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან არიელ შარონთან. ჯორბენაძის ვიზიტთან დაკავშირებით გაზეთმა "ჯერუზალემ პოსტმა" გამოაქვეყნა სტატია სათაურით "ისრაელი კავკასიას დემოკრატიის დამკვირდებაში უნდა დაეხმაროს". ვფიქრობთ, მისი შინაარსი ჩვენს მსმენელსაც დააინტერესებს.
სტატიის ავტორია პოლიტოლოგი ირაკლი არეშიძე, რომელიც ამჟამად სტაჟირებას გადის ვაშინგტონის ჯონს ჰოპკინსის საერთაშორისო კვლევის სკოლის შუა აზიისა და კავკასიის ინსტიტუტში. მისი აზრით, ისრაელსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაღრმავება ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება. ავტორის თქმით, საქართველოს შეუძლია, ისრაელისგან ბევრი რამ ისწავლოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის თვალსაზრისით. ხოლო ისრაელის სტრატეგიული ინტერესებისთვის მეტად დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს გეოპოლიტიკურ მდებარეობას.
"თუმცა, - დასძენს წერილის ავტორი – ანტიდემოკრატიული პოლიტიკა საქართველოს სამთავრობო პოლიტიკური პარტიისა, რომელსაც სათავეში ავთანდილ ჯორბენაძე უდგას, შემოდგომის უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნების წინ საფრთხეს უქმნის არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი კავკასიის სტაბილურობას."
რაშია საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ისრაელისთვის? ირაკლი არეშიძის განმარტებით, უწინარეს ყოვლისა იმაში, რომ საქართველო მთელი კავკასია-შუა აზიის რეგიონის ერთგვარი ქვაკუთხედია. კიდევ ერთი ასპექტია მისი როლი, როგორც ენერგორესურსების სატრანზიტო ქვეყნისა. სტაბილური, პროდასავლური საქართველო იძლევა საშუალებას იმისა, რომ კასპიის ზღვის ბუნებრივი წიაღისეული დასავლეთის ბაზრებზე რუსეთის გვერდის ავლით მოხვდეს.
გარდა ამისა, ქართველი პოლიტოლოგის აზრით, ისრაელი დაინტერესებული უნდა იყოს კავკასიაში ირანის გავლენის შესუსტებით. არადა, ამ გავლენამ, მისივე თქმით, სახიფათო მასშტაბს მიაღწია სომხეთში. სტატიის ავტორის ფიქრით, თბილისს თეირანთან სასურველზე უფრო მჭიდრო ურთიერთობა აქვს, რის დასტურადაც იმ გარემოებას ასახელებს, რომ საქართველოს 20 დიპლომატიური მისიიდან ერთ-ერთი თეირანში მდებარეობს.
"ისრაელისთვის მომგებიანი იქნება – აღნიშნავს სტატიის ავტორი – თუ ირანი და ტერორიზმის მხარდამჭერი სხვა ქვეყნები კავკასიასა და შუა აზიაში ფეხს ვერ მოიკიდებენ და ახლო აღმოსავლეთი გარშემორტყმული იქნება პროისრაელური, პროამერიკული ქვეყნებით. ეს ხელს შეუწყობდა ანტიისრაელური განწყობილების შესუსტებას და რეგიონის დემოკრატიზაციას."
რაც შეეხება საქართველოს, მისთვის ისრაელი, როგორც ირაკლი არეშიძე ამბობს, საუკეთესო მისაბაძი მაგალითია. ავტორის აზრით, საქართველოს ბევრი არ უკლია დემოკრატიულ კონსოლიდაციამდე, მაგრამ საქმეს ის ურთულებს, რომ გარშემორტყმულია დიქტატორული ან, უკეთეს შემთხვევაში, რბილი ავტორიტარული სახელმწიფოებით. "და თან, - დასძენს არეშიძე – მის წინაშე დგას სერიოზული ამოცანები ეროვნული უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის თავისი ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე საკუთარი კონტროლის აღდგენის ამოცანა."
XS
SM
MD
LG