Accessibility links

საქართველოში რუსეთის მხრიდან საკომუნიკაციო ანექსიაზე ალაპარაკდნენ


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალურმა ვიზიტმა რუსეთის დედაქალაქში ჯერჯერობით ვერავითარი გავლენა ვერ მოახდინა ორ ქვეყანას შორის უკიდურესად გართულებულ ურთიერთობაზე.

მოსკოვი არათუ უარს არ ამბობს სოჭი-სოხუმის სარკინიგზო მიმოსვლისა და აფხაზეთის მოსახლეობისთვის პასპორტების დარიგების კამპანიის შეჩერებაზე, არამედ ცნობილი ხდება, რომ ბიჭვინთაში ამოქმედდა რადიოსალერეო ხაზის ახალი სადგური, რომელიც ასევე კრასნოდარის მხარეშია დარეგისტრირებული. დამოუკიდებელმა ქართულმა მედიამ და პოლიტიკოსთა ნაწილმა ეს ფაქტი რუსეთის მხრიდან "აფხაზეთის საკომუნიკაციო ანექსიის" მორიგ მცდელობად შეაფასეს. ჯერჯერობით შედარებით მშვიდად ადევნებს პროცესების განვითარებას თვალს საქართველოს ხელისუფლება, თუმცა, ოფიციალური პირების მტკიცებით, კვლავ ძალაში რჩება საპასუხო მუქარა - რუსეთის სამხედრო ძალების სატრანსპორტო ბლოკადაში მოქცევის შესახებ.



საქართველოს ხელისუფლებას მეზობელ რუსეთთან მორიგი დავის საგანი გამოუჩნდა აფხაზეთთან დაკავშირებით. საქმე ეხება ბიჭვინთაში განლაგებულ სათადარიგო რადიოსარელეო ხაზს, რომლის ამოქმედების აუცილებლობა ძველი კაბელების დაწვის გამო დადგა დღის წესრიგში. მაგრამ კონფლიქტი წარმოშვა ორმა გარემოებამ: პირველი - "როსტელეკომის" მიერ სიხშირეების მარეგულირებელი კომისიისთვის გამოგზავნილ ოფიციალურ დოკუმენტაციაში ბიჭვინთა მოხსენიებულია როგორც კრასნოდარის მხარე და, მეორე და მთავარი, ქართულ მხარეს ეჭვი აქვს, რომ სათადარიგო სარელეო ხაზის ამოქმედების შემთხვევაში იგი არამხოლოდ საერთაშორისო სატელეფონო ხაზებისთვის იქნება გამოყენებული. უფრო გასაგებად თუ ვიტყვით, საქმე შეიძლება ეხებოდეს სამთავრობო კავშირების პირდაპირ დამყარებას რუსეთთან, რაც, სქემით სოჭი-ჩრდილოეთ კავკასია- საქართველო, ჯერჯერობით საქართველოს ტელეკომის მიერ რეგულირდება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის "ტელეკომმა" გამოასწორა შეცდომა და ახალ განაცხადში ბიჭვინთა კვლავ საქართველოს საზღვრებში დააბრუნა, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი მერაბ ადეიშვილი ფიქრობს, რომ ეს თავის დამშვიდების უფლებას არ იძლევა:
[მერაბ ადეიშვილის ხმა] "იმის შემდეგ, რა დიალოგებიც მქონდა მე მოსკოვში კოლეგებთან, აღარ გამოვრიცხავ, რომ აქაც მორიგი ლეგენდა იყოს ჩადებული და ამ ვითომ დაზიანებული კაბელის მიღმა სარელეო ხაზი რუსეთთან პირდაპირი კავშირებისთვის იქნეს გამოყენებული."

ტრანსპორტისა და კომუნიკაციის სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ საკითხის დაზუსტების შემდეგ საპროტესტო წერილი გაიგზავნება "როსტელეკომის" ხელმძღვანელობის სახელზე. ამასთან, მერაბ ადეიშვილი იმედოვნებს, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტაში ჩაებმება საერთაშორისო ორგანიზაცია "აი-თი-იუ", რომელიც შესაბამის მონიტორინგს დააწესებს.
გარდა ამისა, რადიო “თავისუფლების" თხოვნით, მინისტრმა, რუსეთის საკომუნიკაციო ანექსიის მცდელობის საპასუხოდ, ადეკვატურ ნაბიჯებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ბაზების სატრანსპორტო-საკომუნიკაციო მოხმარებათა შეზღუდვის წინადადება, რომელიც მან მთავრობის წინაშე მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ დააყენა, კვლავ ძალაში რჩება:

[მერაბ ადეიშვილის ხმა] "ყველა დეტალი უკვე დაზუსტებულია, სქემები უშიშროების საბჭოს აპარატში უკვე წარდგენილია, უშიშროების საბჭოს აპარატი ელოდება საპარლამენტო დელეგაციის დაბრუნებას მოსკოვიდან და ჩვენი წინადადებები შეიძლება კიდევაც შევიდეს ძალაში. ყველაფერი ეს კომპლექსურად უნდა გადაწყდეს. ჩვენ ტექნოლოგიურად ამისათვის მზადა ვართ."

თუმცა, როგორც ირკვევა, მოსალოდნელი საკომუნიკაციო შეზღუდვები დიდად არ აშფოთებთ საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ბაზების წარმომადგენლებს, რომლებიც, სააგენტო "პრაიმ-ნიუსის" ცნობით, იმედოვნებენ, რომ ბლოკადას ავტონომიურად 60 დღის განმავლობაში გაუმკლავდებიან. თანაც, იმ დროს, როცა საქართველოს ხელისუფლება რუსული ბაზების საკომუნიკაციო იზოლირების კომპლექსურ გეგმას ადგენს, რუსეთის გაზსადენზე მომხდარი აფეთქების გამო თავად საქართველოს მოსახლეობა არანაკლებ საშიშ - ორკვირიან -ენერგობლოკადაში მოექცა.
XS
SM
MD
LG