Accessibility links

logo-print

მორიგი სკანდალი ენერგეტიკულ ფონზე


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 22 იანვარს გაზის მიწოდება უკვე მთელ თბილისს შეუწყდა. უგაზობა უკვე აისახა ქალაქის დენით მომარაგებაზეც: ყველა იმ ენერგობლოკის მუშაობა შეჩერდა, რომლებიც ელექტროენერგიით ამარაგებდნენ თბილისს.

იმ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის საფუძველზე, რაც ბოლო დღეებში ოფიციალური პირების მიერ ვრცელდება, ძნელი დასადგენია, როდის დასრულდება მორიგი ენერგოკრიზისი საქართველოში.

როდის მოხერხდება მოზდოკის მახლობლად დაზიანებული ორი გაზსადენის შეკეთება და როდის აღუდგება საქართველოს გაზით მომარაგება - ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ოფიციალური ხელისუფლება განსხვავებულ ვადებს ასახელებს. თუ ისრაელში ოფიციალური ვიზიტით გამგზავრებამდე სახელმწიფო მინისტრი ოპტიმისტურად აცხადებდა, რომ 700 მილიმეტრიანი გაზსადენის აღდგენა უახლოესი დღეების საქმე იყო, ენერგეტიკის მინისტრის დავით მირცხულავას პროგნოზის თანახმად, მცირე მილსადენი, უკეთეს შემთხვევაში, 27 იანვრისთვის თუ აღდგა, თბილისის გაზით მომარაგების მთლიანად აღდგენას სამი კვირა მაინც დასჭირდება.
სხვათა შორის, ლარსის მონაკვეთში გაზის მილის დაზიანებასთან დაკავშირებით ქართული პრესა განსხვავებულ ვერსიებს ავრცელებს. თუ ერთნი ამტკიცებენ, რომ რამდენიმე დღის მანძილზე ერთდროულად ორი გაზის მილსადენის დაზიანება ტერაქტმა გამოიწვია, სხვა გაზეთები წერენ, რომ მილები არავის დაუზიანებია, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე მორიგი ზეწოლის განხორციელების მიზნით, გაზის მიწოდება საქართველოს, უბრალოდ, შეუწყვიტეს, საბაბად კი მილსადენების დაზიანება მოიტანეს. ეს უკანასკნელი ვერსია საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება, რომ არა სომხეთის ფაქტორი - საქართველოსთვის გაზის მიწოდების შეწყვეტა ავტომატურად იწვევს სომხეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტასაც. ზამთარში, როცა სომხეთის ატომური ელექტროსადგური არ მუშაობს, სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსეთის ერთადერთი მოკავშირე სომხეთისათვის ხელოვნურად ენერგოკრიზისის შექმნა, თანაც - საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რუსეთის ინტერესში არ უნდა შედიოდეს.
რაც შეეხება ელექტროენერგიას, საქართველოს რეგიონები კარგა ხანია სრულ სიბნელეში იმყოფებიან. თბილისში შემოღებულია გრაფიკი, რომლის ზუსტი დანიშნულება ფრიად გაურკვეველია. როგორც თბილისელებს ჰპირდებიან, გრაფიკი უახლოეს დღეებში კიდევ უფრო გამკაცრდება, რადგან ”აი-ი-ეს თელასი” უარს ამბობს რუსეთიდან იმპორტირებული დენის შეძენაზე. ლოგიკა ასეთია: რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგია, წესით და რიგით, ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარმა უნდა შეიძინოს, ”აი-ი-ეს თელასი” კი უკვე საბითუმო ბაზრისგან იყიდის დენს. საბითუმო ბაზარს რუსეთიდან შემოტანილი ელექტროენერგიის საყიდელი თანხა არა აქვს. შესაბამისად, საბითუმო ბაზარი ”ეი -ი- ეს თელასს” რუსეთთან პირდაპირი ხელშეკრულების გაფორმებას სთავაზობს, რასაც ეს უკანასკნელი ეწინააღმდეგება.
ამასობაში “აი-ი-ეს თელასთან” დაკავშირებით ახალი სკანდალი აგორდა. ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ USAID-ს მიერ თბილისის დაუცველი ფენებისთვის გამოყოფილი გრანტის ნაწილი “აი-ი-ეს თელასმა” ლონდონის ერთ-ერთი ბანკის კერძო ანგარიშზე გადარიცხა. შეგახსენებთ, USADI-ისგან გამოყოფილი თანხა 90 ათასი გაჭირვებული თბილისელის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის დასაფარად იყო გამიზნული. “აი-ი ეს თელასის” ლობისტის ირაკლი მელაშვილის განცხადებით, საბანკო გადარიცხვათა კონფიდენციალობის დარღვევით საბანკო საქმიანობის განმსაზღვრელი წესები დაირღვა, რასაც ამერიკული ორგანიზაცია რეაგირების გარეშე არ დატოვებს. თუმცა ეს თბილისის განათების პრობლემას რომ ვერ მოხსნის, ფაქტია.
XS
SM
MD
LG