Accessibility links

კანონი “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კონსტიტუციას არღვევს


2002 წლის 5 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე - “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.”

დავის საგანს წარმოადგენდა კანონი “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ”, რომელიც თავისი პრინციპებით, მთლიანობაში, ქვეყნის უპირველეს კანონს ეწინააღმდეგება. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შეკრებისა და მანიფესტაციების წინასწარი აკრძალვის უფლება ჩამოართვა, სარჩელი მაინც ნაწილობრივ დაკმაყოფილებულად ითვლება. საქმე ისაა, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გასაჩივრებული ექვსი სადავო პუნქტიდან საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი არ აღიარა სამში. მათ შორის, კანონის მე-14 მუხლში, რომელიც ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს შეკრებებისა და მანიფესტაციების ფაქტობრივი აკრძალვის უფლებას აძლევს. მოსარჩლე მხარე აპირებს კანონის შესწორებების პროექტით ამჯერად უკვე საქართველოს პარლამენტს მიმართოს.

საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებულ 5 ნოემბრის გადაწყვეტილებას საეჭვოდ მოჰყვა პროკურატურაში აღძრული 4 სისხლის სამართლის საქმე - ოთხივე საქმე შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის გამო. ერთ-ერთ საქმეში ფიგურირებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი კობა დავითაშვილიც, რომელიც უკვე დაკითხეს კიდეც.
[კობა დავითაშვილის ხმა] “დაკითხული ვიქენი პროკურატურის გამომძიებლის მიერ, რომელმაც გამაფრთხილა ცრუ ჩვენებისა და ჩვენებისაგან თავის შეკავების გამო პასუხისმგებლობის თაობაზე და საქმე არის აღძრული იმ ცნობილი მუხლით, რომელსაც ნუმერაცია შეცვლილი აქვს, მაგრამ ყველა კოდექსის უცვლელ იმას წარმოადგენს. რომ მასობრივი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, და ითვალისწინებს პასუხისმგებლობას 3 წლამდე ციხით.”[სტილი დაცულია]
კობა დავითაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფლების ინსტიტუტის” წევრები და ამ ორგანიზაციის ოფისში შეკრებილი ადამიანიები ერთსულოვანნი აღმოჩნდნენ იმაში, რომ წინასაარჩევნო სამზადისში მყოფი ხელისუფლება, საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაქსიმალურად შეეცდება მის მიმართ რადიკალურად განწყობილი ადამიანებისა თუ ორგანიზაციების კონსტიტუციური უფლებების დარღვევას. სხვათა შორის, როგორც ირკვევა, სანქცირებული მიტინგისა და შეკრების ცნებას საქართველოს კონსტიტუცია არ იცნობს, რადგან იგი საჯარო შეკრებებისათვის წინასწარი ნებართვის გაცემას არ აკანონებს. ეს პირობა არ ვრცელდება მხოლოდ სამხედრო ძალების, პოლიციისა და უშიშროების სამსახურის შემადგენლობაში მყოფ პირებზე. დავუბრუნდეთ საკონსტიტუციო სასამართლოს 5 ნოემბრის გადაწყვეტილებას საქმეზე - “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.” 6 ნოემბერს გამოდის საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება, რომელიც ავალებს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრებს, სახელმწიფო რწმუნებულებსა და მერებს და გამგებლებს “გაატარონ გადამჭრელი ზომები, რათა კატეგორიულად აღიკვეთოს მოქალაქეთა ცალკეული ჯგუფების მიერ სახელმწიფო დაწესებულებების, მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ტელერადიომაუწყებლობისა და პრესის შენობებსა და ოფისებში უკანონო შეჭრის, დარბევის, მათი დაკავების, ბლოკირებისა და საქმიანობის პარალიზების, ქუჩების, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების გადაკეტვის ფაქტები.” როგორც ჩანს, სწორედ ამ განკარგულებას უნდა უკავშირდებოდეს საჯარო გამოსვლების გამო აღძრული ზემოხსენებული ოთხი სისხლის სამართლის საქმეც, რომლის ანალოგი აქამდე პრაქტიკულად არ არსებობდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი გიორგი ჩხეიძე ვარაუდობს, რომ დოკუმენტი საიდუმლოა და იგი შემთხვევით აღმოჩნდა ქსელში.
XS
SM
MD
LG