Accessibility links

logo-print

საქართველოს ხელისუფლების, პოლიტიკური ძალებისა და დევნილების გააქტიურება გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის წინ


მიუხედავად იმისა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ აფხაზეთის საკითხის განხილვაზე არც საქართველოს ხელისუფლება, არც საქართველოს პოლიტიკური ძალები და არც საზოგადოება დიდ

იმედებს არ ამყარებს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის წინ საქართველოში, აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით, თვალში საცემი გააქტიურება იგრძნობა. 22 იანვარს სწორედ აფხაზეთის პრობლემის ირგვლივ უნდა ემსჯელა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსაც, მაგრამ უშიშროების საბჭოს სხდომა ხელისუფლების მაღალი რანგის პირთა ქვეყნის გარეთ ყოფნის მიზეზით გადაიდო. მიუხედავად ამისა, კანცელარიაში გარკვეული კონსულტაციები მაინც შედგა. ამას გარდა, აფხაზეთის პრობლემის ირგვლივ იმსჯელეს “საქართველოს დეოკუპაციის კომიტეტის” ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე, აფხაზეთიდან დევნილებმა კი, საქართველოდან - და, კერძოდ, აფხაზეთიდან - რუსეთის ჯარების გაყვანის მოთხოვნით, რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.


მართალია, აფხაზეთის პრობლემატიკაზე მსჯლეობისთვის დანიშნული საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გადაიდო, უნდა ითქვას, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს 31 იანვრის სხდომის წინა კონსულტაციები ხელისუფლებას დაწყებული აქვს. ამ კონსულტაციებში მონაწილოების მისაღებად უკვე თბილისში იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი ლევან მიქელაძე. 22 იანვარს ის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს თედო ჯაფარიძეს შეხვდა და, შეუძლებელია, ამ შეხვედრაზე გაეროს უშიშროების საბჭოს მომავალ სხდომასთან დაკავშირებითაც არ ყოფილიყო საუბარი.

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის წინ ლევან მიქელაძესთან ერთად თბილისში უნდა ჩამოსულიყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი რევაზ ადამიაც. ის ჯერ კიდევ ნიუ-იორკში იმყოფება. იქ კი უკვე დასრულდა უშიშროების საბჭოს 31 იანვრის სხდომის მოსამზადებელი კონსულტაციები. გავრცელებული ინფორმაციით, ამ კონსულტაციებზე გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქართულ-აფხაზურ მხარეებს ბოდენის დოკუმენტის განხილვას დაავალდებულებენ, რუსეთი უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებას ვეტოს გამოყენებით უპასუხებს. გაეროში საქართველოს მისია იტოვებს იმედს, რომ, საქართველოს მეგობარი ქვეყნების ძალისხმევით, რუსეთის ვეტო აცილებული იქნება.


როგორც ჩანს, ნიუ-იორკში დასრულებული მოლაპარაკება საქართველოს მხარისთვის მძიმე უნდა ყოფილიყო. თუმცა საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა კიდევ უფრო მძიმედ წარმოაჩინა მოსკოვში ნინო ბურჯანაძის ვიზიტის ფარგლებში გამართულმა შეხვედრებმა - განსაკუთრებით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე გენადი სელეზნიოვთან შეხვედრამ, რომელიც 22 იანვარს გაიმართა. სელეზნიოვმა გაკვირვება გამოთქვა აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის გაგრძლების გაჭიანურების გამო და განმარტა, რომ აფხაზეთიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანა ისე, როგორც ამას შევარდნაძე ითხოვს, შეუძლებელია. მოსკოვში ნინო ბურჯანაძის მიერ გამართულმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ რუსეთი აფხაზეთის მცოცავი ანექსიის პოლიტიკის შეცვლაზე არ ფიქრობს და, რადგან საქართველოს ხელსუფლება ამ პოლიტიკას სათანადო ნაბიჯებით არ უპასუხებს, საქართველოს პოლიტიკურმა ძალებმა ხელისუფლებაზე ზეწოლის პროგრამის შემუშავება დაიწყეს. 22 იანვარს ცალკე “საქართველოს დეოკუპაციის კომიტეტის” ინიციატივით გამართულ შეხევდრაზე, რომელსაც ეროვნულ-დემოკრატები, ტრადიციონალისტები და მრეწველებიც ესწრებოდნენ, ცალკე კიდევ - “გაერთიანებული დემოკრატების” შეკრებაზე აფხაზეთის პრობლემასა და რუსეთთან მიმართებით საქართველოს ხელისუფლების უსუსურ პოლიტიკაზე იყო მსჯელობა. აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტის მოლოდინით დაღლილმა დევნილებმა კი რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. ამ საპროტესტო აქციაზე ერთ-ერთმა დევნილმა თავის დაწვა სცადა. დევნილებს პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლის საშუალება არ მისცეს. ისინი პოლიციამ დაარბია. აფხაზეთიდან დევნილები საპროტესტო აქციებს 31 იანვრამდე გააგრძელებენ. მათი მთავარი მოთხოვნა აფხაზეთიდან რუსეთის სამშვიდობო ჯარის გაყვანაა.
XS
SM
MD
LG