Accessibility links

logo-print

გაეროს უშიშროების საბჭო აფხაზეთის საკითხის განხილვისთვის ემზადება


გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები საქართველოში გაეროს მეთვალყურეთა მისიისთვის მანდატის ექვსი თვით გაგრძელებისთვის ეზადებიან. მაგრამ საქართველოს ხელისუფლებასა და აფხაზ

სეპარტისებს შორის პოლიტიკური კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივები არც თუ კარგად გამოიყურება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გართულების ფონზე. მიუხედავად ამისა, დიპლომატები იმედოვნებენ, რომ აფხაზეთის სამშვიდობო პროცესს დადებით მუხტს შემატებს უშიშროების საბჭოს წევრთა შეხვედრა, რომელსაც ჟენევა უმასპინძლებს მომავალ თვეში. ამ თემაზე გაგაცნობთ ჩვენი ნიუ იორკელი კორესპონდენტის, რობერტ მაკმეჰონის მასალას.

როგორც მაკმეჰონი გვატყობინებს ნიუ იორკიდან, გაეროში დიპლომატები იმედოვნებენ, რომ ჟენევის შეხვედრამ შესაძლოა აფხაზეთის გარშემო სამშვიდობო პროცესის განახლებას შეუწყოს ხელი. მათი თქმით, ეს არაფორმალური შეხვედრა მიზნად ისახავს აფხაზეთის გარშემო არსებული ვითარების კიდევ ერთხელ გაანალიზებას. შეხვედრა 19-20 თებერვლისთვის არის დაგეგმილი გაეროს სამშვიდობო მისიის თავმჯდომარის, ჟან-მარი გეენოს თავმჯდომარეობით.

მასში მონაწილეობას მიიღებენ ე.წ. გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის წევრები. შეხვედრის მზადებაში ჩახედულმა დიპლომატებმა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს, რობერტ მაკმეჰონს უთხრეს, რომ მასში მონაწილეობას მიიღებენ საგანგებო წარგზავნილები, ბრაიან ფოლი დიდი ბრიტანეთიდან, რუდოლფ პერინა შეერთებული შტატებიდან და რუსეთის საგარეო საქმეთა მინიტრის მოადგილე ვალერი ლოშჩინინი. გარდა ამისა ჟენევაში ჩავლენ საფრანგეთის, გერმანიისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენლები.

შეხვედრის ჩატარების წინადადებით გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი გამოვიდა გასულ კვირაში გაკეთებულ მოხსენებაში. ანანმა დაიჩივლა, რომ მოლაპარაკებებში არ არის წინსვლა. ჩვენი რადიოსთვის მოცემულ ინტერვიუში გენერალური მდივნის წარმომადგენელმა ფრედ ეკჰარდმა შეშფოთება გამოთქვა იმის თაობაზე, რომ აფხაზთა ლიდერები უარს აცხადებენ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე გაეროს მიერ წარმოდგენილი პრინციპების საფუძველზე.

[ეკჰარდის ხმა] "გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ მისი საგანგებო წარმომადგენლისა და მეგობართა ჯგუფის ერთწლიანი აქტიური მცდელობის მიუხედავად, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მონაწილეები მოლაპარაკებების დასაწყებად დიდად არ წაწეულად წინ. კერძოდ, აფხაზთა მხარე დისკუსიაში იმ პიროებით მონაწილეობაზეც კი უარს ამბობს, რომელსაც უნდა ემყარებოდეს მოლაპარაკებები."

გაეროს დიპლომატები დიდ გარდატეხას არ მოელიან ჟენევის შეხვედრაზე. მაგრამ მათ მიაჩნიათ, რომ შეხვედრამ შეიძლება ყურადღება განაახლოს დოკუმენტის მიმართ, რომელსაც გაერო სამოქმედო პროგრამად მიიჩნევს პოლიტიკური მოლაპარაკებებისთვის.

ლაპარაკია ე.წ. "ბოდენის დოკუმენტზე", რომელიც აფხაზეთს საქართველოს შემადგენლობაში მოიაზრებს საგანგებო უფლებების მქონე სუბიექტად.

გაეროში საქართველოს ელჩმა რევაზ ადამიამ რობერტ მაკმეჰონს განუცხადა, რომ ზოგადი თვალსაზრისით ჟენევის შეხვედრა დადებითი მოვლენაა, ვინაიდან იგი ევროპის ქვეყნების მეტ ყურადღებას მიაპყრობს აფხაზეთის პრობლემაზე. მიუხედავად იმისა, რომ მასაც არ სჯერა რადიკალური შემოტრიალებისა, ადამიას აზრით, შეხვედრა მიზნად ისახავს მაღალი რანგის პოლიტიკოსების ყურადღების არეში აფხაზეთის პრობლემის მოქცევას.

გაეროს მისიისთვის მანდატის გაგრძელებაზე არ დაობენ. მაგრამ ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა შესაბამისი რეზოლუციის ტექსტზე, რომელსაც მომავალ კვირაში უყრიან კენჭს. როგორც ერთმა დასავლელმა დიპლომატმა უთხრა ჩვენს კორესპონდენტს, იგი ძირითადად გაიმეორებს 1427-ე რეზოლუციას, რომელიც ივლისში იქნა მიღებული. ამასთან, მეგობართა ჯგუფის წევრთა უმრავლესობას სურს, დოკუმენტში ნახსენები იყოს რუსეთის მიერ აფხაზეთში მცხოვრებთათვის რუსეთის პასპორტების გაცემისა და სოჭი-სოხუმის მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის ფაქტები. რუსეთს, ცხადია, არ სურს ამის დაშვება.
XS
SM
MD
LG