Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთისა და გერმანიის ხელშეკრულების 40 წლისთავი


1963 წლის 22 იანვარს საფრანგეთის რესპუბლიკისა

და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მეთაურებმა შარლ დე გოლმა და კონრად ადენაუერმა ისტორიულ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამ აქტით, რომელიც ელისეს ხელშეკრულების სახელით შევიდა ისტორიაში, მთლიანად დასავლეთ ევროპის გაერთიანება მოხდა.
ახლა დროში ცოტა უკან დავიხიოთ. შეგახსენებთ, როგორ გამოხატავს უდიდესი გერმანელის იოჰან ვოლფგანგ გოეთეს “ფაუსტის” ერთ-ერთი გმირი ფრანგების მიმართ დამოკიდებულებას . მოქმედება ლაიფციგში, აუერბახის სარდაფში ხდება. მეფისტოფელი იქ მოქეიფე სტუდენტთა ჯგუფს სხვადასხვა ღვინოს სთავაზობს. როცა ერთ-ერთს მიმართავს, რომელ ღვინოს ისურვებდიო, ის უპასუხებს: შამპანური ღვინო მსურს, ყოველთვის არ ივარგებს უცხოურზე უარის თქმა, რაც კარგია, ხშირად ჩვენგან შორს არის, ნამდვილი გერმანელი კაცი ფრანგს ვერ იტანს, მაგრამ მის ღვინოს სიამოვნებით მიირთმევსო.
ნაპოლეონის არმიასთან გერმანელების ბრძოლა პატრიოტული ბრძოლა იყო და ამ ომთან დაკავშირებული მოვლენების ობელისკებს დღესაც უხვად ნახავთ ცენტრალურ ევროპაში.
გერმანიასა და საფრანგეთს შორის განსაკუთრებით მძიმე დაპირისპირება უკვე პრუსიის მიერ გერმანიის გაერთიანებისა და გაძლიერების პერიოდში, მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან, იწყება. ფრანგებმა გერმანელებს ვერ აპატიეს 1871 წელს, ომში მათი მარცხის შემდეგ, გერმანიის იმპერიის შექმნის გამოცხადება მათ სათაყვანო ვერსალში. ამ აქტზე შურისძიება იყო პირველი მსოფლიო ომის შემდგომ ვერსალშივე დადებული, გერმანიის მარცხის მაღიარებელი, ხელშეკრულება, რომელსაც, ერთი მხრივ, გერმანიამ, ხოლო, მეორე მხრივ, ყველა დანარჩენმა - ოცზე მეტმა სახელმწიფომ- მოაწერა ხელი იმავე დარბაზში, სადაც 1871 წელს გერმანიის აღზევების აქტი გაფორმდა. მეორე მსოფლიო ომში გერმანია შეეცადა ვერსალის “უსამართლობა” გამოესწორებინა, მაგრამ ნაცისტური რეჟიმი ამის შემძლე ვერ გამოდგა. ომის შემდგომი ევროპა შეიცვალა. ევროპაში გატარებულმა პოლიტიკამ, ეკონომიკურად ამ სახელმწიფოთა ერთმანეთთან დაკავშირებამ და, ამ მხრივ, ერთმანეთზე დამოკიდებულებამ ურთიერთობები გამოასწორა და მიიყვანა კიდეც ისინი ზემოხსენებულ ელისეს სასახლემდე, სადაც ადენაუერმა და დე გოლმა ერთმანეთი გადაკოცნეს, რაც ერთობ მოულოდნელი იყო ყველასთვის. ყოველ შემთხვევაში, ევროპის ამ ორი უდიდესი სახელმწიფოს დამეგობრება საუკეთესო საძირკველი აღმოჩნდა მომავალი ერთიანი ევროპის შესაქმნელად. 60- იანი წლების დასაწყისში საფრანგეთიცა და დასავლეთ გერმანიაც ეკონომიკურად აღდგენილი იყო და კეთილდღეობის მწვერვალისკენ გზას ადგა. ამის მიზეზი, ალბათ, ისიც გახლდათ, რომ გასაყოფი აღარაფერი ჰქონდათ, მსოფლიო ეკონომიკური სისტემა ყველასთვის მისაღები იყო და ფუნქციონირებდა კიდეც. დღეს ვითარება სხვაგვარია. სულ ახლახან, როცა ევროპის კავშირის გაფართოების შემდგომ სოფლის მეურნეობის დაფინანსებაზე იყო კამათი, საფრანგეთსა და გერმანიას სერიოზული დაპირისპირება ჰქონდათ იმავე საფინანსო სფეროში. საფრანგეთი, ყოველ შემთხვევაში, ამ დაფინანსებით მოგებაში რჩებოდა, გერმანიას კი ეს ფული უნდა ეხადა. ორ ქვეყანას შორის მორიგება მოხერხდა. დღეს კანცლერ გერჰარდ შრიოდერისა და პრეზიდენტ ჟაკ შირაკის ურთიერთობა ყველაზე უფრო ცივად მიიჩნევა ელისეს ხელშეკრულების შემდგომ. მიმომხილველები ამ ცივი ურთიერთობის მიზეზს ორი ხელმძღვანელის ასაკობრივ განსხვავებაშიც ხედავენ. აქვე გეტყვით, რომ ადენაუერ - დე გოლის შემდგომ განსაკუთრებული მეგობრობა ჰქონდათ ვალერი ჟისკარ დე სტენს და ჰელმუტ შმიდტს, ორ ეკონომისტ სახელმწიფო ლიდერს. სანიმუშო და ამაღელვებელი იყო გერმანიის მემარჯვენე კანცლერის, ქრისტიან-დემოკრატ ჰელმუტ კოლისა და საფრანგეთის სოციალისტი პრეზიდენტის ფრანსუა მიტერანის ურთიერთობა. ბევრი თანამედროვის მეხსიერებას შემორჩა მათი ფოტო, რომელიც გადაღებულია 1994 წელს ვერდენში, იქ, სადაც პირველი მსოფლიო ომის დროს სასტიკი ბრძოლა გაიმართა და სადაც ათეული ათასობით ფრანგი და გერმანელი ჯარისკაცი დაეცა. ფოტოზე მიტერანი და კოლი ხელიხელჩაკიდებულები დგანან. ეს, რაც შეეხება პოლიტიკოსებს. თვითონ ხალხი, ფრანგები და გერმანელები, ერთმანეთის შესახებ სტერეოტიპებით ცხოვრობენ, მაგრამ მათ შორის მტრობაზე ლაპარაკი აღარ შეიძლება. მათ თითქოს კარგად გაიცნეს ერთმანეთი და იციან ერთმანეთის ავი და კარგი. ისევ “ფაუსტის” გმირი რომ გავიხსენოთ, მისი ფრაზის პირველი ნაწილი დავიწყებულია, მეორე ნაწილი კი კვლავაც აქტუალობას ინარჩუნებს: გერმანელი ფრანგის მიერ დაყენებულ ღვინოს სიამოვნებით მიირთმევს. გერმანელები და ფრანგები 22 და 23 იანვარს ელისეს ხელშეკრულების დღეს აღნიშნავენ. პარიზში მოეწყო კაბინეტის ერთობლივი სხდომა. ასევე, პარიზში 22 იანვარს დაიწყო პარლამენტების - ეროვნული ასამბლეისა და ბუნდესტაგის - შეკრება, რომელიც ბერლინში დასრულდება 23-ში. რა მნიშვნელობა აქვს დღეს ელისეს ხელშეკრულებას? რომის ამერიკული უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორის ჯეიმს უოლტსონის აზრით: [უოლტსონ ხმა] “ორმოცი წლის წინ ელისეს ხელშეკრულება ერთადერთი გასაღები იყო, ახლა კი მხოლოდ ერთ-ერთი გასაღებია. ის კვლავაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ერთადერთი არ არის ამგვარი მნიშვნელობის, რადგან ევროპის კავშირში სხვებიც აქტიურობენ. კავშირი განვითარდა, ისტორია წინ წავიდა.”
ახლა ევროპაში, მას მერე, რაც ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებსაც მიეცემათ საშუალება თავიანთი სიტყვის თქმისა, მხოლოდ ორი, თუნდაც მძლავრი, სახელმწიფო ვერ იქნება დომინანტური, ვარაუდობენ მიმომხილველები. ასე რომ, ყველას დაეკისრება ერთმანეთთან იმეგობრონ, წარსული შუღლის მიუხედავად, საფრანგეთისა და გერმანიის მსგავსად, რაც იოლი არ იქნება.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG