Accessibility links

logo-print

ვისი მხარდაჭერის იმედად შეიძლება იყოს შეერთებული შტატები ერაყთან ომის შემთხვევაში?


რაც უფრო ახლოვდება ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების დრო (ხოლო იმაში, რომ ადრე თუ გვიან ეს ოპერაცია ნამდვილად დაიწყება, უკვე ცოტა ვინმეს თუ ეპარება ეჭვი),

მით უფრო ხშირად გაისმის კითხვა: მოკავშირეთაგან ვისი მხარდაჭერის იმედი შეიძლება ჰქონდეს შეერთებულ შტატებს? თავად ვაშინგტონის ოფიციალურ წარმომადგენელთა მტკიცებით, მხარდამჭერები აშშ-ს საკმარისად ჰყავს. ორშაბათს, ვაშინგტონში, ეს ერთხელ კიდევ გაიმეორა პენტაგონის ხელმძღვანელმა დონალდ რამსფელდმა:

[დონალდ რამსფელდის ხმა]: "ნურავის შეეპარება ეჭვი, რომ მრავალი ქვეყანა ამოგვიდგება მხარში, თუ საჭირო შეიქნა ერაყის წინააღმდეგ ძალის გამოყენება. საუბარი იმაზე, რომ ჩვენ მარტო, ან ერთპიროვნულად ვიმოქმედებთ, უსაფუძვლოა. იმ სახელმწიფოების რიცხვი, რომლებიც მზად არიან, დახმარება გაგვიწიონ, დიდია."

მაინც, ვინ ეთანხმება ვაშინგტონის მტკიცებას, რომ ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ჩაუტარებლად კრიზისის მოგვარება ლამის წარმოუდგენელია? რამდენიც უნდა ილაპარაკოს დონალდ რამსფელდმა, რომ მხარდამჭერთა რიცხვი დიდია, ვაშინგტონის უახლოეს მოკავშირეთაგან მის "ასპროცენტიან" მომხრედ ამ საქმეში მხოლოდ დიდი ბრიტანეთი შეიძლება ჩაითვალოს.

ერაყის კრიზისის დაწყების დღიდან ლონდონი მართლაც მხარში უდგას ვაშინგტონს, ხოლო მისი ლიდერი ტონი ბლერი წამდაუწუმ იმეორებს, რომ დიდი ბრიტანეთი მთლიანად იზიარებს ამ საკითხში ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის მკაცრ პოლიტიკას. არადა, როგორც ამ რამდენიმე დღის წინათ ჩატარებულმა გამოკითხვამ გვიჩვენა, ბრიტანელთა შორის სულ უფრო იზრდება მათი რიცხვი, ვინც ერაყის წინააღმდეგ ომის დაწყებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს.

თუმცა, რიგით მოქალაქეებს ვინ ჩივის – თვით ნატოს წევრებს შორისაც კი ბევრია ისეთი, ვინც ომის დაწყება-არდაწყებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების გადადებას უჭერს მხარს. ორშაბათს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, საფრანგეთმა და გერმანიამ განაცხადეს, რომ გაეროს განიარაღების ინსპექტორებს მეტი დრო უნდა მიეცეთ საბოლოო დასკვნის გამოსატანად. ორი დღით ადრე ამავე შინაარსის განცხადება გააკეთა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკო ფრატინიმაც. ამასობაში თურქეთმა გადადო გადაწყვეტილების მიღება იმის თაობაზე, ერაყში ოპერაციის დაწყების შემთხვევაში დაუთმოს თუ არა თავისი სამხედრო ბაზები ათასობით ამერიკელ ჯარისკაცს.

როგორც ჩანს, მხარდამჭერები შეერთებულმა შტატებმა ნატოს ახალ წევრებსა თუ კანდიდატებს შორის უფრო უნდა ეძებოს. გასულ კვირაში, ვაშინგტონში ყოფნისას, თავის მასპინძლებს სრული მხარდაჭერა აღუთქვა პოლონეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ კვაშნევსკიმ. ხოლო ამავე ქვეყნის სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა ვლოძიმეჟ ჩიმოშევიჩმა თქვა, მზად ვართ, შეერთებულ შტატებს სამხედრო ოპერაციაში იმ შემთხვევაშიც კი დავეხმაროთ, თუ ამაზე გაეროს შესაბამისი სანქცია არ გვექნაო.

უნგრეთი უკვე დათანხმდა, შეერთებულ შტატებს დაუთმოს ტასარის სამხედრო ბაზა, რომელზეც, თუ ოპერაცია დაიწყო, მომზადებას გაივლის სამი ათასამდე ერაყელი მოხალისე – სამოქალაქო პირები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სახის დახმარებას გაუწევენ ჰუმანიტარული ორგანიზაციების უცხოელ თანამშრომლებს. თუმცა ბუდაპეშტი მუდამ ხაზს უსვამს, რომ წვრთნა სამხედრო ხასიათისა არ არის. ამით ის ცდილობს, დააშოშმინოს თავისი მოქალაქეები, რომელთა უდიდესი უმრავლესობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება უნგრეთის მონაწილეობას ნებისმიერ სამხედრო კონფლიქტში.

რაც შეეხება ნატოს კანდიდატ ქვეყნებს, მათგან მხოლოდ ლიტვა აღიარებს, რომ შეერთებულმა შტატებმა მას ოფიციალურად მიმართა დახმარების თხოვნით. ამ ორიოდე დღის წინათ ლიტვის მთავრობა იმაზე სამსჯელოდ შეიკრიბა, თუ როგორი სახის უნდა იყოს ეს დახმარება. აი, რა უთხრა რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტს ჯერემი ბრანსტენს ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გიედრიუს ჩეკუოლისმა, რომელსაც ნატოსთან ურთიერთობის კოორდინირება ევალება:

[გიედრიუს ჩეკუოლისის ხმა]: "ჩვენ იმ ქვეყნების რიცხვს ვეკუთვნით, რომელთაც შეერთებულმა შტატებმა დახმარების თხოვნით მიმართა. ახლა ამ თხოვნას ერთობლივად განიხილავენ თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების თანამშრომლები. საუბარია იმაზე, რის გაკეთება შეუძლია ლიტვას."

რადიო "თავისუფლების" კითხვას, მიიღეს თუ არა ანალოგიური მიმართვები, ესტონეთმა და ლატვიამ უარყოფითად უპასუხეს. ამასვე ამბობენ ბულგარეთის, რუმინეთისა და სლოვაკეთის ოფიციალური წარმომადგენლები. თუმცა, ერთია დიპლომატიური ენა, და სულ სხვა – ხალხში გავრცელებული მოსაზრებები. ამის საილუსტრაციოდ სავსებით იკმარებს რუმინეთის გაზეთ "კურენტულში" გამოქვეყნებული სტატია სათაურით: "რუმინეთს არ სურს ერაყთან ომი, მაგრამ ისე მოიქცევა, როგორც შეერთებული შტატები უკარნახებს".
XS
SM
MD
LG