Accessibility links

logo-print

დასაქმების ხელშეწყობის პროგრამამ შედეგები შეაჯამა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ცოტა ხნის წინ ”საქართველოს ბანკში” დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის 2002 წლის მუშაობის შედეგები შეაჯამეს. გასულ წელს ამ პროგრამის ფარგლებში 270-მდე უმუშევრის დასაქმება მოხერხდა,

წელს კი ამ მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ზრდა არის დაგეგმილი. გესაუბრებით პროგრამის შედეგების შესახებ.

გასულ წელს, შრომისა და დასაქმების სახელმწიფო დეპარტამენტის ინიციატივით, შემუშავდა პროგრამა, რომელიც კერძო სტრუქტურებთან თანამშრომლობით უმუშევართა დასაქმებას და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. ეს ინიციატივა, ფაქტობრივად, ერთადერთ პროექტად იქცა, რომელიც ბოლო პერიოდში სახელმწიფოს მიერ იქნა შემუშავებული და რომელიც უმუშევრობის პრობლემის გადაწყვეტას ისახავს მიზნად.

რაც მთავარია, პროგრამა, დაფინანსების სიმცირის მიუხედავად, ეფექტური გამოდგა და გასულ წელს 270-მდე უმუშევარმა შეძლო თავისი ოჯახისათვის ელემენტარული სოციალური გარანტიის შექმნა. საგულისხმოა, რომ მთლიანი პროცესი, რომელიც რამდენიმე ეტაპად ჩატარდა, გამჭვირვალედ მიმდინარეობდა და მის რეალიზაციაზე მონიტორინგს, უშუალო მონაწილეებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლებიც ახორციელებდნენ.

პროექტის ორი მესამედი, მთლიანად, სპეციალურ ტენდერში გამარჯვებულმა ”საქართველოს ბანკმა” დააფინანსა, ხოლო ერთი მესამედი სახელმწიფო ბიუჯეტმა გაიღო. სესხები უპროცენტოდ, საგირავნო უზრუნველყოფის გარეშე გაიცემოდა და, თანაც, კრედიტის დაბრუნებადობას სადაზღვევო კომპანია ”ნაბათი” აზღვევდა. ამგვარი პირობებით საკრედიტო რესურსის განაწილება საქართველოში პირველად მოხდა.

პროგრამა ორი ნაწილისაგან შედგება. აქედან პირველი მცირე და საშუალო მეწარმეთა დახმარებას და ამ გზით დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას ითვალისწინებს, მეორე ნაწილი უშუალოდ უმუშევართა დახმარებას გულისხმობს. შრომის ბირჟაზე დარეგისტრირებულ უმუშევრებს ტესტირება ჩაუტარდათ, შემდგომ მათ გადამზადებასა და ბიზნესგეგმების მომზადებაში საკონსულტაციო ცენტრები ჩაერთვნენ. მომზადებული 50 პროექტი კი ”საქართველოს ბანკმა” დააფინანსა. მეწარმეებისათვის სესხის ოდენობა 30 ათას, ხოლო რეგისტრირებული უმუშევრებისათვის 6 ათას ლარს შეადგენდა. ამასთან, მეწარმე ვალდებულებას იღებდა პროექტის ფარგლებში 5 დამატებითი მუდმივი სამუშაო ადგილი შეექმნა, რომელზეც უმუშევრებს აიყვანდა.

შრომისა და დასაქმების დეპარტამენტის თავმჯდომარის რევაზ საყვარელიძის ინფორმაციით, სულ პროგრამაზე დაიხარჯა 560 ათასი ლარი, ხოლო ერთი უმუშევრის დასაქმებაზე ბიუჯეტით გაწეული ხარჯი 1466 ლარია.

პროგრამის ავტორები წელს პროგრამის დაფინანსების გაზრდას მილიონ 200 ათას ლარამდე ვარაუდობენ, ამასთან, სხვადახვა სოციალურ ჯგუფებზე განისაზღვრება კვოტები.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ ეს პროექტი ერთ-ერთი ნათელი მაგალითია სახელმწიფოსა და კერძო სტრუქტურის, კომერციული ბანკის, ძალისხმევის გაერთიანებისა ქვეყანაში უმწვავესი პრობლემის, უმუშევრობის, დაძლევისათვის.

ქვეყანაში არსებული ასი ათასობით სოციალურად დაუცველი უმუშევრის ფონზე 270 ადამიანის დასაქმება ზღვაში წვეთია, მაგრამ თავად ამგვარი პროექტის წარმატებით რეალიზაცია გარკვეული შეღავათი და სტიმული მაინც არის ამ ყველაზე დაუცველი ჯგუფების პრობლემის მოგვარებისათვის.
XS
SM
MD
LG