Accessibility links

რას აძლევს ქართველებსა და აფხაზებს ჩრდილოეთ ირლანდიის გამოცდილების შესწავლა?


იმ დროს, როცა საქართველოში ღიად დაიწყეს საუბარი რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ანექსიაზე, საკუთარ კონფლიქტში ჩაფლული ქართველი და აფხაზი პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები ერთი

კვირაა დიდ ბრიტანეთში იმყოფებიან ჩრდილოეთ ირლანდიის კონფლიქტის გამოცდილების შესასწავლად. მე დავუკავშირდი ბელფასტში ამ არაფორმალური შეხვედრის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს და შევეცადე მათთან საუბარში გამერკვია, თუ რამდენად შეიძლება წაადგეს ოლსტერის მაგალითი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგების პროცესს.

ბრიტანულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ "შერიგების რესურსები", რომლის სხვადასხვა სამშვიდობო პროექტს კარგად იცნობს ჩვენი რადიომსმენელი, ქართული და აფხაზური პოლიტიკური, საქმიანი და არასამთავრობო წრეების წარმომადგენელთათვის დიდ ბრიტანეთში მორიგი გაცნობითი ხასიათის შეხვედრა მოაწყო. როგორც ჩვენთან საუბარში "შერიგების რესურსების" ბრიტანული ოფისის ხელმძღვანელმა ჯონათან კოენმა განაცხადა, არაფორმალური შეხვედრის მონაწილეები ხუთი დღის განმავლობაში ბელფასტში მოქმედი პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს, კათოლიკური და პროტესტანტული თემების აქტივისტებსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ასამბლეის სპიკერს შეხვდნენ. რაც შეეხება ამ ფორმატით გამართულ არაფორმალურ ქართულ-აფხაზურ შეხვედრებს, ჯონათან კოენის თქმით, ის, პირველ რიგში, გულწრფელი ატმოსფეროს შექმნას ისახავს მიზნად.

[ჯონათან კოენის ხმა] "ჩვენ არ ვაპირებთ ჩრდილოეთ ირლანდიის მოდელირებას ან იმის სწავლებას, თუ როგორ შეიძლება გადაიჭრას ქართულ-აფხაზური კონფლიქტი. ჩვენ გვსურს, ადამიანებმა შიგნიდან დაინახონ ის წინააღმდეგობები და სირთულე, რაც ამ ხანგრძლივ კონფლიქტს ახლდა და მივცეთ მათ საშუალება არაფორმალურ კონტექსტში ისაუბრონ საკუთარ პრობლემებსა და სიტუაციაზე, რომელიც კონფლიქტის შემდეგ წარმოიშვა."

უნდა აღინიშნოს, რომ არაფორმალური ფორმატის მიუხედავად, შეხვედრაში მონაწილეობას ღებულობენ საქართველოსა და არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები და გავლენიან პოლიტიკურ პარტიათა ლიდერები. საუბარში საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრმა მალხაზ კაკაბაძემ, რომელსაც ჩვენ დუბლინში დავურეკეთ, გაცნობითი ხასიათის ვიზიტებს დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში მშვიდობის შენარჩუნების კიდევ ერთი შანსი უწოდა. რაც შეეხება ატმოსფეროს, მალხაზ კაკაბაძის თქმით:

[მალხაზ კაკაბაძის ხმა] "ყველა შემთხვევაში, მე მინდა გითხრათ, რომ დაძაბული ნამდვილად არ არის. მიუხედვად იმისა, რომ ისევ ვიმეორებ, არის საკითხები, როდესაც კულისებს მიღმა ჩვენ ჯერჯერობით დიამეტრალურად განსხვავებულ პოზიციებზე ვართ, მე ვერ ვიტყვი, რომ ეს დაძაბული ურთიერთობაა. არა, ძალიან თავისუფალია. " [სტილი დაცულია]

რაც შეეხება თავად ოლსტერის მთავარ გამოცდილებას, იგი, როგორც მალხაზ კაკაბაძე მიიჩნევს, კონფლიქტის მშვიდობიანი, პოლიტიკური გზით მოწესრიგებაში მდგომარეობს და ქართული და აფხაზური პოლიტიკური სპექტრის იმ ნაწილის სასარგებლოდ მუშაობს, რომელიც გონივრულ კომპრომისს უჭერს მხარს.

[მალხაზ კაკაბაძის ხმა] "ჩვენ პრაქტიკულად არ გვქონდა შეხვედრა რადიკალურად განწყობილ ფრთებთანაც კი (მე ორივე მხარე მაქვს მხედველობაში), რომელიც დღეს აღიარებდეს ძალის გამოყენებას. ყველაზე მთავარი ფენომენი, რაც ამ პროცესს გააჩნია, ეს არის მშვიდობა."[სტილი დაცულია]

არაფორმალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთში მყოფი ქართული და აფხაზური მხარის წარმომადგენლები ხუთშაბათ საღამოს დუბლინიდან ლონდონში ჩავიდნენ, სადაც უკვე მხარეთა შორის დიალოგი გაიმართება და საბოლოოდ გაირკვევა, თუ ვინ რა დასკვნას გამოიტანს ჩრდილოეთ ირლანდიის კონფლიქტის მაგალითიდან.
XS
SM
MD
LG