Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მხრიდან საქართველოს საკომუნიკაციო ანექსიის კიდევ რამდენიმე მცდელობის შესახებ


რუსეთსა და აფხაზეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენისა და სატელეფონო კავშირის დამყარების მცდელობის პარალელურად, ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია აფხაზეთსა და რუსეთს

შორის საავიაციო მიმოსვლის აღდგენისათვის მზადების თაობაზე. როგორც ირკვევა, მოსკოვი, ყოფით სფეროსთან ერთად, სულიერ ანექსიასაც ცდილობს და აფხაზ სეპარატისტებს ღმერთთან კომუნიკაციების აღდგენაშიც ეხმარება.

სოჭი-სოხუმის სარკინიგზო მაგისტრალზე მატარებლების მიმოსვლის კონტრზომად თბილისში რუსეთისათვის საავიაციო დერეფნის ჩაკეტვას განიხილავენ. ამ მოსაზრების გამოთქმამ მოსკოვს თბილისზე ზეწოლის კიდევ ერთი ბერკეტი შეახსენა. 23 იანვარს საინფორმაციო სააგენტო „იტარ-ტაასის“ მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, რუსეთის საჰაერო სივრცე იმ ქართული ავიაკომპანიებისთვის ჩაიკეტება, რომლებსაც რუსეთის აერონავიგაციის მიმართ დავალიანება აქვთ. ამავე წყაროს ცნობით, დღემდე 15 ქართულ ავიაკომპანიას, საერთო ჯამში, 3,6 მილიონი დოლარი აქვს გადასახდელი. საჰაერო სივრცის ჩაკეტვის ზუსტი თარიღი არ კონკრეტდება, თუმცა ცხადია, რომ ის არც ისე შორსაა, მით უმეტეს, თუ ქართული მხარე საავიაციო დერეფნის ჩაკეტვას შეეცდება.

როგორც ჩანს, თბილისს მოსკოვის წინააღმდეგ გამოყენებული კონტრზომები უკანვე უბრუნდება. ამიტომ ქართულ მხარეს რუსეთის საკომუნიკაციო ანექსიის შესაჩერებლად სულ უფრო მწირი რესურსებიღა რჩება.
ამ ეტაპზე ძირითადი ყურადღება სარკინიგზო თუ სატელეფონო კავშირების პრობლემაზეა გადატანილი, რამაც მეორე პლანზე გადასწია რუსეთის სურვილი და მზადება აღადგინოს სოხუმთან საავიაციო მიმოსვლა. თუ რას დაუპირისპირებს ამ ფორმით საკომუნიკაციო ანექსიას, ჩემთან სატელეფონო ინტერვიუში საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრმა მერაბ ადეიშვილმა, აი, რა განაცხადა:
[მერაბ ადეიშვილის ხმა] „ეს გამორიცხულია, ეს რუსეთზე არ არის დამოკიდებული, ეს საერთაშორისო ორგანიზაციების პრეროგატივაა, კიდევ კარგი - იკაოსი. ამიტომ ისინი ამას არ დაუშვებენ და თბილისთან შეთანხმების გარეშე ამას არ დაუშვებენ. ეს რომ რუსეთის ხელში ყოფილიყო, შეიძლება ესეც გაეკეთებინა.“[სტილი დაცულია]

თუ რამდენად საფუძვლიანია ეს იმედი, ამას ახლო მომავალი გვიჩვენებს. თუმცა მინისტრის ასეთივე იმედი სარკინიგზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ გამართლდა.

საერთაშორისო ორგანიზაციები ვერ შეაჩერებენ მოსკოვიდან წამოსულ საკომუნიკაციო ანექსიის მცდელობას კიდევ ერთ ფრონტზე - სასულიერო სფეროში. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა საქართველოს საპატრიარქოს აფხაზეთში სულიერი მამების მივლინების ნებართვა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ სთხოვა, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო.
მიუხედავად ამისა, აფხაზეთში მაინც აღმოჩნდნენ რუსეთის სამღვდელოების წარმომადგენლები და იქ რელიგიური მოღვაწეობა დაიწყეს. აფხაზეთისთვის ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერის შეწყვეტის მოთხოვნით საქართველოს საპატრიარქომ არაერთხელ მიმართა რუსეთის სამღვდელოებას. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის დეკანოზ დავით შარაშენიძის განცხადებით, მიუხედავად რუსეთისა და საქართველოს ეკლესიების თბილი და ახლო ურთიერთობისა, მაინც არსებობს გაუგებრობა აფხაზეთის ეპარქიის თვითგამოცხადებული მმართველის ბესარიონ ფილიას საკითხთან დაკავშირებით.
[შარაშენიძის ხმა] „ჩვენდა სამწუხაროდ, მას ჰქონდა ურთიერთობა რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლებთან და, უფრო მეტიც, მათი მხრიდან რაღაც გარკვეული წახალისება და ლოიალური დამოკიდებულება იყო და ეს ჩვენში ყოველთვის იწვევდა გაუგებრობას.“

რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელთა ოფიციალური განცხადებით, ისინი არ ცნობენ აფხაზეთში მოღვაწე თვითმარქვია რელიგიურ ჯგუფებს და მათთან არანაირი ურთიერთობა არ აქვთ. არადა, მათი ქმედება ძალიან წააგავს იმ რუსი სახელმწიფო მოხელეების პოზიციას, რომლებიც აფხაზეთთან კომუნიკაციების აღდგენას კერძო სტრუქტურებს აბრალებენ.
XS
SM
MD
LG