Accessibility links

logo-print

როგორ ვაქციოთ კათოლიკური ტაძარი მართლმადიდებლურად


დავით პაიჭაძე, თბილისი რამდენიმე დღეა, ქალაქ გორის კათოლიკურ ეკლესიაში და მის ირგვლივ სხვადასხვა სახის სამუშაო მიმდინარეობს. სამუშაოთა მიზანია ტაძარი მართლმადიდებლური გახდეს.

საამისოდ უკვე ჩამოფხიკეს ფრესკები, მოანგრიეს ინტერიერის რამდენიმე დეტალი.

მართლმადიდებლები საქართველოში კათოლიკურ ტაძრებს რომ იკავებენ – ეს ამბავი არახალია: ასე მოხდა ბათუმში, ასე მოხდა უდეში, ასე მოხდა ქუთაისსა და გორში. ორ უკანასკნელ შემთხვევას ახლავს მართლმადიდებელ მღვდელმსახურთა და მრევლის წევრთა მტკიცება, რომ ტაძრები იმთავითვე მართლმადიდებლური იყო და კათოლიკეთა პრეტენზიები დღეს – სრულიად უსაფუძვლოა. ჩვენ არაერთხელ გვილაპარაკია ქუთაისის კათოლიკური ტაძრის გამო წარმოქმნილ კოლიზიებსა თუ პრობლემებზე. კათოლიკური მრევლი ქუთაისში ამჟამად 500 კაცია, გორში – 2 ასეულს არ აღემატება. ეს რაოდენობა, როგორც ჩანს, ანგარიშში ჩასაგდები არ არის. თავი დავანებოთ იმას, რომ გორის კათოლიკურ ტაძარში, უკვე რამდენიმე წელია, მართლმადიდებლები წირავენ. ახლა ტაძრის, ასე ვთქვათ, მოქცევაც, განიზრახეს. საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე კახა ტრაპაიძე ასე აღწერს გორის ეკლესიაში მიმდინარე მუშაობის შედეგებს [ტრაპაიძის ხმა]: “ეკლესია მოხატული იყო მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში. 50-ან წლებში ეს შეთეთრდა და დაიფარა მხატვრობა. დღევანდელი მოქმედებები ანადგურებს სწორედ ამ მოხატულ ფენას. იქ აგრეთვე მოხდა მთელი რიგი გადაკეთებები, მოირღვა საქორეები, მოკლედ, მიმდინარეობს იმ ნიშნების მოშლა, რომლებიც მის კათოლიკურ წარმომავლობაზე მეტყველებს”.

არადა, არქიტექტორი, რომელიც გორში ამ, ასე ვთქვათ, სატრანსფორმაციო სამუშაოს უძღვება, აცხადებს, რომ ტაძარს პირვანდელ ანუ მართლმადიდებლურ სახეს უბრუნებენ. კახა ტრაპაიძის თქმით, არსებობს სათანადო დოკუმენტაცია, რომელიც ეჭვშეუვალად ადასტურებს, რომ შენობა აიგო როგორც კათოლიკური ტაძარი. ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე სახელმწიფო მოხელეა და ჩემთან საუბრისას პრობლემის მხოლოდ იურიდიულ ასპექტს შეეხო [ტრაპაიძის ხმა]: “კანონის დარღვევა ის გახლავთ, რომ სამუშაოები შეთანხმებული არ არის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონის მიხედვით, ძეგლთა დაცვის დეპარტამენტთან”.

კანონის დარღვევა ერთი პრობლემაა, რის გამოც დეპარტამენტი წერილით მიმართავს როგორც შიდა ქართლის ადმინისტრაციას, ისე პროკურატურას და სისხლის სამართლის საქმის აღძვრას სთხოვს. ამავე დროს, სარჩელით შედის სასამართლოში, რომ ეგებ ამ უწყების გადაწყვეტილებამ შეაჩეროს გორის კათოლიკურ ტაძარში მიმდინარე, ჩემი აზრით, ბარბაროსული აქცია.

პრობლემას, ცხადია, აქვს მორალური ასპექტიც, რომელზედაც, ჩანს, მიუფურთხებია იმას, ვინც ამ პრობლემას ქმნის. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ დავუკავშირდით გორის ეპარქიის ეპისკოპოს ანდრია გვაზავას, რათა გვეკითხა, რატომ იქცევა მისი სამწყსოს ნაწილი ესოდენ სამარცხვინოდ. აქ, ალბათ, არ არის ლაპარაკი მხოლოდ კათოლიკეთა წინააღმდეგ მიმართულ პათოსზე. ხელოვნებათმცოდნემ, პროფესორმა ლეილა ხუსკივაძემ ჩემთან საუბრისას გაიხსენა მცირე ხნის წინანდელი შემთხვევა კაზრეთის მე-13 საუკუნის ტაძარში, რომელიც ივარგებს უმეცრებისა და წყვდიადით მოცული ცნობიერების საქმეთა საილუსტრაციოდ [ლეილა ხუსკივაძის ხმა]: “არაჩვეულებრივი, უმაღლესი დონის ფრესკები იყო, როგორც, მაგალითად, ტიმოთესუბანშია. საუკეთესო ძეგლები რაც გვაქვს, იმის ტოლფასი ძეგლი იყო კაზრეთი. მართალია, ფრაგმენტულად იყო შემორჩენილი, მაგრამ ეს გახლდათ უძვირფასესი რამ – თითოეული ფიგურა. ჩამოფხიკა მღვდელმა, აბსოლუტურად, სრულიად გაანადგურა წერაქვით – ჩამოეხსნა მაინც, კაცო, – და გაამზადა მოსახატად”.

ალბათ, გორის ეკლესიასაც მოსახატად გაამზადებენ. მაგრამ ამ მზადებაში, ყველამ, რწმენის განურჩევლად, უკვე სირცხვილი ვჭამეთ.
XS
SM
MD
LG