Accessibility links

logo-print

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გეგმა, შემუშავებული ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის მიერ


საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სამუშაო გეგმა-პროექტი, რომელიც ქრისტიან-კონსერვატიულმა პარტიამ შეიმუშავა, 8 ძირითადი პუნქტისაგან შედგება.

სხვათა შორის, ასევე 8 პუნქტს მოიცავს ცნობილი ბოდენის დოკუმენტიც, რომელიც თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის პრინციპებს განსაზღვრავს. ქრისტიან-კონსერვატიული პარტიისა და ბოდენის დოკუმენტის შედარება ამჯერად ჩვენი ინტერესის საგანს არ წარმოადგენს, მაგრამ ერთი მაინც შეიძლება ითქვას: ბოდენის დოკუმენტის შემდეგ, საქართველოს ქრისტიან-კონსერვატორთა გეგმა-პროექტი ჯერჯერობით რიგით მეორე დოკუმენტია, რომელსაც აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების პრეტენზია აქვს.

ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის პროექტი აფხაზეთის კონფლიქტს საერთაშორისო სამართლის სუბიექტად მოიაზრებს და მის თვისებრივად ახალ სამართლებრივ სიბრტყეში გადატანას გულისხმობს. ეს, პირველ რიგში, შეეხება არძინბას სეპარატისტულ-ტერორისტული რეჟიმის ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში გასამართლებას და რუსეთისგან, როგორც ამ რეჟიმის წამხალისებლისაგან, მორალური და მატერიალური ზარალის კომპენსაციას. საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია მიიჩნევს, რომ ქვეყნის ხელისუფლების მიერ გადადგმული გონივრული და მწყობრი ნაბიჯების შემთხვევაში, სავსებით შესაძლებელია როგორც ერთის, ისე მეორის განხორციელება, რაც ამ ეტაპზე ღიმილისმომგვრელადაც კი გამოიყურება.
[შოთა მალაშხიას ხმა]“ასეთ არძინბას ვერავინ ვერ დაიცავს. ერთი ჩასული არძინბა ჰააგის სასამართლოზე, ეს უკვე ქართული მხარისათვის იქნება დიდი წარმატება. ამ კუთხით იქნება ჩვენი დოკუმენტი მარტო გათვალისწინებული? ჩვენთვის საკმარისია.”
რაც შეეხება გეგმის სხვა დანარჩენ პუნქტებს: ერთ-ერთი, კერძოდ, მეექვსე პუნქტის მიხედვით, უნდა ეთხოვოს ევროკავშირსა და გაეროს, რომ 2003 წლიდან სამშვიდობო მისია აფხაზეთში განახორციელონ ისეთივე ფორმით, როგორც ეს ხდება ბოსნია-ჰერცოგოვინაში. ევროკავშირის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფების კონფლიქტის ზონაში შესვლის შემთხვევაში კი, შემოღებულ უნდა იქნეს გაეროს მმართველობა ან შეიქმნას შერეული ქართულ-აფხაზური ადმინისტრაცია.
ქრისტიან-კონსერვატორთა გეგმა-პროექტის პირველი პრეზენტაცია ჟურნალისტების აუდიტორიასთან მოხდა. თუ გავითვალისწინებთ ქრისტიან-კონსერვატორთა და ჟვანიას გუნდის მეგობრობას, სავსებით შესაძლებელია, ეს დოკუმენტი საქართველოს პარლამენტის განსჯის საგანიც კი გახდეს. წინასწარ შეიძლება იმის განჭვრეტაც, რომ დოკუმენტის უკანასკნელი, მერვე, პუნქტი, უდავოდ, ხმაურიანი დებატების პროვოცირებას გამოიწვევს. ამ პუნქტით, აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებას აფხაზეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სტატუსი უნდა მიენიჭოს. ანუ ლეგიტიმური ხელისუფლება ხდება გასამხედროებული სუბიექტი და ქვეყნის ხელისუფლებას მიეცემა საშუალება ოფიციალური ბიუჯეტიდან დააფინანსოს პარტიზანები, რომელთა მოქმედება ოკუპირებულ ტერიტორიაზე საერთაშორისო ნორმების დარღვევად აღარ ჩაითვლება.
[შოთა მალაშხიას ხმა] “ეს იქნება სამხედრო სტრუქტურა, რომელიც იბრძვის საქართველოს ტერიტორიების დასაბრუნებლად. საქართველოსთან მიმართებაშია ეს, დავუშვათ, ახალი, თორემ იმ თვალსაზრისით, რომ საერთაშორისო სამართალში ჩვენ, ქრისტიან-კონსერვატორებმა, აღმოჩენა გავაკეთეთ, ამაზე პრეტენზია არა გვაქვს. ეს არის, უბრალოდ, დღევანდელი სიტუაციიდან და გადასახედიდან იმ მდგომარეობის გამოყენება, რაც არსებობს.”
XS
SM
MD
LG