Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინიციატივა, რომელიც საქართველოში უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთას უკავშირდება


საქართველოში მომზადებულია კანონპროექტი უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის შესახებ. ის ეროვნულ ბანკთან შექმნილმა უწყებათშორისმა კომისიამ მოამზადა.

ამ კანონპროექტის არსებობის შესახებ უკვე ცნობილია და წინასწარვე შეიძლება ითქვას, რომ მის განხილვას პარლამენტში სერიოზული ვნებათაღელვა მოჰყვება. პირველი – იმიტომ, რომ საქართველოში ბევრისთვის არახელსაყრელია შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ გარკვეული მექანიზმების შექმნა და მეორე – კანონპროექტის არსებული ვარიანტი უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის წინააღმდეგ ახალი სამსახურების შექმნას ითვალისწინებს და არსებობს არცთუ უსაფუძვლო ეჭვი, რომ ასეთი სამსახურები კორუფციის დამატებით რგოლებად მოგვევლინება და ადამიანთა სამოქალაქო უფლებების შელახვის პროცესს გააღრმავებს.

საქართველოში ფინანსური ოპერაციების - განსაკუთრებით, მსხვილი ფინანსური ოპერაციების - გამჭვირვალობის მიღწევა რომ აუცილებელია, ამასთან დაკავშირებით ორი აზრი არ არსებობს. არც ის არის საკამათო, რომ დანაშაულებრივი გზით ნაშოვნი ფულის სკოლების, ეკლესიებისა თუ სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებით გათეთრება არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ამ ფულის წარმომავლობა არავინ არ უნდა მოიკითხოს.
მაშინ, როცა სახელმწიფოს მიზერული ხელფასებისა და პენსიების გასაცემად ფულის მოპოვება უძნელდება, ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი ქვეყანაში 70 პროცენტს უტოლდება. ჩრდილოვან სექტორშია მოქცეული ბიზნესის თითქმის ყველა, ასე თუ ისე, წარმატებული სფერო, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ კონტროლდება. უკანონო შემოსავლების გათეთრებისთვის გარიგების საფასური სხვადასხვაგვარია იმისდა მიხედვით, თუ რა რაოდენობის თანხის მფლობელები არიან მხარეები. ცნობილია, რომ ერთი მილიონის გათეთრებისთვის 250 ათასის გადახდაა საჭირო, შედარებით ნაკლები თანხა კი შუაზე იყოფა.


ამას წინათ თვით სახელმწიფო მინისტრმა განმარტა, რომ საქართველოში 2 მილიარდი დოლარი უკანონო ფულის სახით ბრუნავს. მოქმედი კანონმდებლობა ვერ ქმნის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის საფუძველს. ასეთ სიტუაციაში და, თანაც, მაშინ, როცა ანტიტერორისტული კამპანიის ფონზე შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიაც გაჩაღდა, ამერიკის შეერთებული შტატების ექსპერტების დახმარებით შემუშავდა კანონპროექტი, რომლის მიღებაც ქართულ სინამდვილეში უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის იმ წესებს შემოიტანს, რომელიც დასავლეთის წამყვან ქვეყნებშია აპრობირებული.


საუბარია იმაზე, რომ შეიქმნას ფინანსური დაზვერვის სამსახური, რომელიც ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაში იმუშავებს და, აგრეთვე, ეკონომიკურ დანაშაულთა საგამოძიებო სამსახური, რომელიც ფინანსთა სამინისტროს დაექვემდებარება.
საერთო ჯამში, მუშაობის სქემა ასეთია: კომერციული ბანკები, გადამცვლელი პუნქტები,
არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები, სადაზღვევო კომპანიები, ლატარიებითა და სხვა გათამაშებებით დაკავებული ორგანიზაციები, ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილეები და სანოტარო სამსახურები ვალდებულნი იქნებიან ფინანსური დაზვერვის სამსახურს კლიენტისგან მალულად მიაწოდონ ინფორმაცია ოპერაციის შესახებ, რომელიც, ნაღდი ანგარიშსწორებით - 15 ათას ლარზე აღმატებულ თანხას, უნაღდო ანგარიშსწორებით - 30000 ლარზე აღმატებულ თანხას და სერიოზული ღირებულების უძრავ-მოძრავ ქონებას უკავშირდება. თუ ინფორმაცია საეჭვოდ მიიჩნევა, მასთან დაკავშირებით საქმის მსვლელობა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა წამოიწყოს.

ეკონომიკური ექსპერტის ნიკო ორველაშვილის აზრით, ასეთი სამსახურები დასავლეთის ქვეყნებში თუ ამართლებს, აქ კორუფციის დამატებით რგოლებად მოგვევლინება. ნიკო ორველაშვილი მომზადებულ კანონპროექტში ამის აღკვეთის გარანტიებს ვერ ხედავს:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] “როცა ახალ მაკონტროლებლებს მთელ რიგ უფლებებს გადავცემთ, უნდა ვიფიქროთ, რომ ეს უფლებები არ უნდა გადაიქცეს ადამიანის ძირითადი უფლებების შემზღუდავ ფაქტორად. ამ მხრივ, პრობლემა გააზრებული არ არის. არ ვიცი, თუ ეს ეროვნული ბანკის პრობლემაა, მას უკან უნდა დაუბრუნდეს კანონპროექტი ამ კუთხით გადასამუშავებლად. შესაძლებელია, მის გადასამუშავებლად სახალხო დამცველის ოფისის გარშემო შეიკრიბონ ადამიანის უფლებათა დამცველები და სხვადასხვა ექსპერტები. შესაძლებელია, ეს საპარალმენტო კომიტეტში გაკეთდეს.”

დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი - ის ერთ-ერთი მათგანია მათ შორის, ვინც აღნიშნულ კანონპროექტზე იმუშავა - უკანონო შემოსავლების წინააღმდეგ ბრძოლის ინიციატივას მეტი ოპტიმიზმით უყურებს:

[ზაქარია ქუცნაშვილის ხმა]“ მთავარი მოტივი ჩვენს ქმედებაში უნდა იყოს ის, რომ საქართველო არ გავხადოთ დანაშაულებრივი გზით დაგროვილი თანხების გათეთრების არენად. საქართველოში არ უნდა შენდებოდეს ეკლესიები და სკოლები ყაჩაღობით ნაშოვნი თანხებით. ნებისმიერი ახალი მაკონტროლებელი სტრუქტურების ფორმირებისას ყოველთვის არსებობს საშიშროება, ის კორუფციულ რგოლად არ ჩამოყალიბდეს, მაგრამ ამა თუ იმ ორგანოს კორუფციულ ორგანოდ გადაქცევა დამოკიდებულია პიროვნებებზე, რომლებიც იქ იმუშავებენ და კონტროლის მექანიზმებზე. ჩვენ აუცილებლად მოგვიწევს კონტროლის მექანიზმების შექმნა და, ვფიქრობ, ფინანსური დაზვერვის სამსახური კარგ როლს შეასრულებს ეკონომიკური და თანამდებობრივი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.”

ეჭვგარეშეა, რომ კანონპროექტის განხილვის დაწყება პარლამენტში სერიოზულ ვნებათაღელვას გამოიწვევს - ერთი მხრივ, მისი ნაკლოვანებების გამო, მეორე მხრივ კი, იმიტომ, რომ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში ხელს არ აძლევს ყველაზე სერიოზულ ძალებს.
XS
SM
MD
LG