Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

471-ე გამოშვება.


წამყვანი: ბიძინა რამიშვილი, პრაღა 471-ე გამოშვება.

ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ, 471-ე გამოშვებას. დღეს გესაუბრებით იმაზე, თუ თუ როგორ მოჩანს აფხაზეთის პრობლემა საზოგადოებრივი აზრის სარკეში; რას ნიშნავს საქართველოსთვის ქვეყანაში შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს ოფისის შექმნა; ვისაუბრებთ არჩევნების სეზონზე სამხრეთ კავკასიაში; მეათე სტუდიის დღევანდელი სტუმარია შეერთებულ შტატებში სტაჟირებაზე მყოფი ქართველი რეჟისორი მანანა ანასაშვილი; გამოშვების ბოლოს შემოგთავაზებთ სიუჟეტს 20 წლის წინათ გარდაცვლილი გამოჩენილი ფრანგი კინომსახიობის, ლუი დე ფიუნესის შესახებ. პრაღაში პროგრამას უძღვება ბიძინა რამიშვილი.


აფხაზეთის პრობლემა საზოგადოებრივი აზრის სარკეში

ბიძინა რამიშვილი:
როგორ უნდა დაბრუნდეს აფხაზეთი - მშვიდობიანი თუ ძალისმიერი გზით? უნდა სარგებლობდეს თუ არა პარტიზანული მოძრაობა საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით? რამდენად სანდოა მასმედია აფხაზეთის საკითხის გაშუქებისას? რა რეიტინგი აქვთ კონკრეტულ პოლიტკოსებსა და სტრუქტურებს აფხაზეთის პრობლემასთან მიმართებით? ამ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებისადმი საზოგადოების დამოკიდებულებისა და მომხრე-მოწინააღმდეგეთა თანაფარდობის დადგენას თითქმის წელიწადნახევრის შრომა მიუძღვნა კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა. ამ კვირაში ცენტრმა ამ შრომის შედეგი წარმოადგინა - სამენოვანი კრებული “აფხაზეთის პრობლემა საზოგადოებრივი აზრის სარკეში”. როგორია საზოგადოების მიმართება აფხაზეთის პრობლემისადმი დღეს - ამაზე დავით პაიჭაძე ესაუბრა კვლევის მონაწილეებს - კონფლიქტოლოგებს, სოციოლოგებსა და ფსიქოლოგებს.

დავით პაიჭაძე:
ამ გამოკვლევის შემდეგ შეიძლება ჩაითვალოს, რომ აფხაზეთის პრობლემის მიმართ საზოგადოებრივ აზრი, ასე თუ ისე ცნობილია. თანდათან იკლებს ომის მომხრეთა რაოდენობა, მაგრამ არ ჩანს იმპულსები, რომლებიც რეალურ ნაბიჯებს მისცემს დასაბამს, განმიცხადა კვლევის მონაწილემ, ფსიქოლოგმა გაგა ნიჟარაძემ. მისი დაკვირვებით, [ნიჟარაძის ხმა] “არავის არა აქვს რაიმე ქმედითი გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს. გეგმა რომც იყოს, იმას მოქმედება უნდა მოჰყვეს. მოქმედებაზე რომ მიდგება საქმე, გეუბნებიან, რომ ყველაფერი რუსეთის ხელშია. ეს გადაიქცა არაფრის კეთების გამართლებად, რაც სამწუხაროა. ეს ჩანს ამ გამოკვლევიდან”.

სოციოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი შენიშნავს, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მომხრე ძირითადად ქალაქების მოსახლეობაა და მათ მიმართებას არ იზიარებენ დევნილები, რომლებიც ცალკე ფენას წარმოადგენდნენ კვლევისას. მნიშვნელოვან შედეგად იაგო კაჭკაჭიშვილს მიაჩნია ისიც, რომ გამოკითხულთა უმეტესი ნაწილს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მესამე ძალის, ვინც უნდა იყოს ის - რუსეთი, ნატო, თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მოხმობა კონფლიქტის მოსაწესრიგებლად და უპირატესობას ანიჭებს უშუალო მოლაპარაკებებს.

მე ვკითხე იაგო კაჭკაჭიშვილს: თუ დავუშვებთ, რომ ამ კვლევის დასკვნებსა და შედეგებს გაითვალისწინებს ხელისუფლება, ასეთ შემთხვევაში მისი აფხაზური პოლიტიკა განსხვავებული იქნება დღევანდელი პოლიტიკისაგან? ჩემი რესპონდენტი ფიქრობს, რომ განსხვავებული იქნება და აი, რატომ [იაგო კაჭკაჭიშვილის ხმა]: “ჩვენ, ქართველებმა, ყველამ - ხელისუფლებამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სხვებმა - ვაჩვენეთ აფხააზებს, რომ ჩვენთან ცხოვრება და ერთად ყოფნა კარგია? თუ მათ სულ ძალის ენით ველაპარაკებით? მე გითხარით, რომ გამოკითხულები უარყოფენ მედიატორს და უშუალო კონტაქტს მოითხოვენ. თუ ადამიანი ამ კვლევის შედეგს აღმოაჩენ, პოლიტიკა ცოტა უნდა შეცვალო და აფხაზებთან ისეთ ღირებულ კავშირებზე წახვიდე, რომ მათ უღირდეთ შენთან თანამშრომლობა, მოუნედეთ შენი პრობლემისა თუ სიხარულის გაზიარება. ასეთი აქტივობა ჩვენს ოფიციალურ პოლიტიკაში არ შემინიშნავს”.

გამოკითხვის ერთ სერიოზულ შედეგად კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის დირექტორს, პროფესორ გიორგი ხუციშვილს ის მიაჩნია, რომ საკითხებისადმი საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ ქართველების დამოკიდებულება სრულიად განსხვავდება სხვა ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეთა მიმართებებისგან. გარდა ამისა, [გიორგი ხუციშვილის ხმა] “ამ გამოკვლევამ აჩვენა, რომ ჩვენი საზოგადოება არის შინაგანად წინააღმდეგობრივი საზოგადოება; ხალხი მხარს უჭერს სრულიად შეუთავსებელ რაღაცეებს. ერთი მხრივ, რესპონდენტების უმრავლესობა ამბობს, რომ მომხრეა, აფხაზეთი მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით დავიბრუნოთ, მეორე მხრივ კი, ასევე უმრავლესობა მხარდაჭერას უცხადებს პარტიზანულ მოძრაობას და მთავრობისაგან მოითხოვს, დაეხმაროს პარტიზანებს. ამ წინააღმდეგობას ჩვენ ასე ვხსნით: იმედდაკარგული ხალხი, რომელიც წლების მანძილზე უყურებს უშედეგო მოლაპარაკებებს, ემოციურად მხარს უჭერს პარტიზანულ მოძრაობას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხალხი მზად არის, საომარი მოქმედებებისადმი გამოხატოს მხარდაჭერა”.

მოკლედ, ქართულ საზოგადოებას, თუ დააინტერესებს, მეტ-ნაკლები სიზუსტით შეუძლია იცოდეს, რას ფიქრობს, რა მიმართება აქვს აფხაზეთის პრობლემის მრავალი ასპექტისადმი. ეგევე ცოდნა შეუძლია ჰქონდეს ხელისუფლებასაც, თუ ცხადია, არ ფიქრობს, რომ უკვე აქვს.
დავით პაიჭაძე, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი

აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს ოფისის შექმნა საქართველოს უსაფრთხოებას აძლიერებს

ბიძინა რამიშვილი:
დიდი დაინტერესების მიუხედავად, დღემდე უცნობი რჩება ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს იმ წარმომადგენლებთა ვინაობა, რომლებიც 21 ინავარს დახურულ კარს მიღმა საქართველოს პრეზიდენტსა და უშიშროების მინისტრს შეხვდნენ. მაგრამ ამ შეხვედრათა სერიის შემდეგ საზოგადოებას ამერიკის მთავრობის კიდევ ერთი გადაწყვეტილების შესახებ ეცნობა - მოკლე ხანში საქართველოში გამოძიების ფედერალური ბიუროს ოფისი გაიხსნება. თუმცა, ექსპერტების თქმით, ეს იმ თანამშრომლობის ლოგიკური გაგრძელებაა, რომელიც შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს შორის პანკისის ხეობაში მიმდინარე ანტიკრიმინალური ოპერაცისას გამოიკვეთა და მიზნად საქართველოს უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებას ისახავს.
გესაუბრებათ კობა ლიკლიკაძე.

კობა ლიკლიკაძე:
საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლობა ამერიკის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან რამდენიმე წლის წინ დაიწყო, მაგრამ ამის შესახებ ღიად ლაპარაკს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა პანკისის ხეობაში მიმდინარე ანტიკრიმინალური და ანტიტერორისტული ოპერაციის დროს მოუხშირეს. საქართველოს უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ არაერთხელ განაცხადა, რომ ამერიკელი კოლეგები მათ მეთოდოლოგიური და ინფორმაციული ხასიათის დახმარებას უწევდნენ. არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ მათივე რეკომენდაციით თქვა უარი საქართველოს ხელისუფლებამ ე.წ. "ზაჩისტკების" ჩატარებაზე, რაც უსათუოდ გამოიწვევდა მსხვერპლს ხეობის მშვიდობიან მოსახლეობაში და საქართველოს ტერიტორიაზე კიდევ ერთ გაჭიანურებულ საომარ კერას წარმოშობდა. პანკისის ხეობის პრობლემის მოსაგვარებლად ამგვარი მეთოდოლოგიური თანამშრომლობის შესაძლებლობას სრულიად ბუნებრივს უწოდებს დამოუკიდებელი ექსპერტი, ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ბადრი ნაჭყებია, რომელიც ამერიკის ფედერალური ბიუროს ოფისის დაარსებას თბილისში ამ თანამშრომლობის ლოგიკურ გაგრძელებად მიიჩნევს.

[ბადრი ნაჭყებიას ხმა]"რა თქმა უნდა, თანამშრომლობა იყო დაწყებული. თანამშრომლობის სხვადასხვანაირი ფორმა არსებობს, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი მომენტია, მე ვთვლი, კონსულტაციები. იქიდან გამომდინარე, რომ FBI-ს აქვს ვეებერთელა ბაზა, საინფორმაციო ბაზა, პირველ რიგში, მსოფლიოში მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაციებზე, მათ სპონსორებზე და ასე შემდეგ, ეს იქნება ძალიან საჭირო საქართველოს სპეცსამსახურებისთვის.”

აღსანიშნავია, რომ 21 იანვარს, როცა ოფიციალურდ გამოცხადდა აშშ-ის მთავრობის გადაწყვეტილება თბილისში ამ ოფისის გახსნის შესახებ, საქართველოს ხელისუფლებასთან დაახლოებული წყაროები არ გამორიცხავდნენ შესაძლებლობას, რომ დღის წესრიგში პანკისის ხეობაში მიმდინარე ანტიკრიმინალური ოპერაციის ინტენსიფიკაციის საკითხიც დასმულიყო. ერთი მხრივ, ასეთი ვარაუდების საფუძველი გახდა რუსეთის ფედერაციაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ალექსანდრ ვერშბოუს განცხადება, თითქოს, პანკისის ხეობაში ტერორისტები მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერება რიცინს ამზადებდნენ, ხოლო საქართველოს ხელისუფლება ამ ინფორმაციას არა მარტო მოსკოვს, არამედ ვაშინგტონსაც უმალავდა.

თუმცა ექსპერტი ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის საკითხებში ბადრი ნაჭყებია მიიჩნევს, რომ, პანკისის პრობლემის გარდა, არსებობს კიდევ ტერორისტულ საფრთხესთან დაკავშირებული სხვა პრობლემები, რომელთან გამკლავებაც საქართველოს უსაფრთხოების სისტემას დამოუკიდებლად გაუჭირდება.

[ბადრი ნაჭყებიას ხმა] "მე მინდა გავიხსენო 60-70-იანი წლები, როცა FBI-ს ოფისების გახსნამ და FBI-თან მჭიდროდ თანამშრომლობამ, ფაქტობრივად, გადაწყვიტა ბრძოლა ნარკოტერორიზმთან ლათინურ ამერიკაში, კერძოდ, კოლუმბიასა და ვენესუელაში. იქიდან გამომდინარე, რომ FBI-ს აქვს უზარმაზარი გამოცდილება, საქართველოში კი არსებობს წინაპირობა იმისა, რომ ჩამოყალიბდეს რამდენიმე მიმართულების ტერორისტული ორგანიზაციები, მე იმედი მაქვს, რომ ეს დიდი გამოცდილება, რაც აქვს FBI-ს, ხელს შეუწყობს საქართველოში სპეცსამსახურების სტრუქტურების ჩამოყალიბებას."

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ამერიკის ფედერალური ბიუროს ოფისი, რომლის გახსნაც სამი თვის შემდეგ იგეგმება, რიგით 45-ე იქნება, ხოლო მისი ძირითადი პარტნიორი საქართველოში იქნება არა უშიშროების სამინისტრო, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტრო. როგორც ყოველდღიური გაზეთი "24 საათი" იუწყება, ფედერალური საგამოძიებო ბიუროს გენერალური დირექტორის ინკოგნიტო თანაშემწეს 22 იანვარს, მინისტრ ნარჩემაშვილთან გამართული შეხვედრის დროს, "ეი-ი-ეს თელასის" მენეჯერის ნიკა ლომინაძისა და ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის ერთობლივ გამოძიებაზე უსაუბრია და განუცხადებია, რომ მსგავსი სახის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო მჭიდრო გახდება. საინტერესოა, რომ თანამშრომლობის ერთ-ერთ მიმართულებად დასახელებულა ქართველი ოფიცრების პროფესიული დონის ამაღლება, რაც, წინასწარი ინფორმაციით, აშშ-ს ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ცენტრალურ ოფისში სპეციალური პროგრამით მოხდება.
კობა ლიკლიკაძე, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი


არჩევნების სეზონი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში

ბიძინა რამიშვილი:
2003 წელი საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდება სამხრეთი კავკასიის სამი ქვეყნისთვის პოლიტიკური მოვლენების თვალსაზრისით - თუ საქართველოში 2003 წელს საპარლამენტო არჩევნები ტარდება, სომხეთსა და აზერბაიჯანში 2003 წელს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაა დაგეგმილი. საარჩევნო მარათონში პირველი სომხეთია, სადაც 21 იანვარს უკვე დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია. პრეზიდენტის არჩევნები კი სომხეთში 19 თებერვალს გაიმართება. შემდეგ - გაზაფხულზე - საპრეზიდენტო არჩევნების ციებ-ცხელება აზერბაიჯანში დაიწყება. საარჩევნო სეზონს დაასრულებს საქართველო, სადაც შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. რას შეცვლის არჩევნები სამხრეთი კავკასიის ქვეყნებში - ამ თემაზე თამარ ჩიქოვანი გესაუბრებათ.

სომხეთის მაგალითის გათვალისწინებით, ქართულ საზოგადოებას შეუძლია თავი დაიმშვიდოს: პრეზიდენტობის კანდიდატთა სიმრავლე მხოლოდ საქართველოსთვის არ ყოფილა დამახასიათებელი. 21 იანვარს სომხეთში წინასაარჩევნო კამპანიაში ერთბაშად 11 კანდიდატი ჩაერთო. თუმცა პრეზიდენტობის მსურველი გაცილებით მეტი იყო - 15 კაცი. მათგან სამმა მხარდამჭერთა აუცილებელი რაოდენობის ხელმოწერა ვერ წარმოადგინა სომხეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. მეოთხე კი - რაფი ოჰანესიანი - ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში არ გაატარა. ამის გამო

სომეხი ჟურნალისტები აცხადებენ, რომ სომხეთში კანონი ყველასთვის არ კანონობს. საქმე ის გახლავთ, რომ სომხეთის კონსტიტუციით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში არა მხოლოდ ცხოვრობდა სომხეთში, არამედ სომხეთის მოქალაქეც იყო. რაფი ოჰანესიანი, სომხეთის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი, სომხეთში 1991 წლიდან ცხოვრობს, მანამდე იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. სომხეთის მოქალაქეობა 2001 წელს მიიღო. სწორედ ამ მიზეზით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იგი პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაში არ გაატარა. არადა, 1998 წელს, როცა სომხეთის პრეზიდენტის ლევონ ტერ-პეტროსიანის გადადგომის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში რობერტ ქოჩარიანი ჩაერთო, კონსტიტუციის ეს მოთხოვნა არავის გახსენებია. საქმე ის გახლავთ, რომ ქოჩარიანი სომხეთში 1997 წლიდან ცხოვრობს - იგი ყარაბაღელი გახლავთ, სომხეთის მოქალაქეობა კი 1998 წელს მიიღო.

ასეთი იურიდიული კაზუსების მიუხედავად, სომხეთში თითქმის არავის აეჭვებს, რომ 19 თებერვლის არჩევნებზე კვლავ რობერტ ქოჩარიანი გაიმარჯვებს. და არა იმიტომ, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში სომხეთმა რაიმე განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია. სომეხი ექსპერტების დაკვირვებით, ოპოზიცია, რომელიც მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ ერთიანი კანდიდატის წამოყენების იდეას ქადაგებს, რეალურად ამომრჩეველს, ქოჩარიანის ხელისუფლების დასრულების გარდა, ახალს არაფერს სთავაზობს. ”რაიმე განსაკუთრებული იდეური წინადადებები არც მმართველ ძალას აქვს, თუმცა არსებულ ვითარებაში, როცა ოპოზიცია დაქსაქსულია, ხელისუფლების ყველა ბერკეტი კი პრეზიდენტის ხელშია, მმართველ ძალას არჩევნების მოგება ყოველგვარი იდეოლოგიის გარეშეც შეუძლია,” - წერს 9 იანვრის სომხური გაზეთი ”არავოტი”. საინფორმაციო სააგენტო ”პრიმას” კი შემთხვევითად არ მიაჩნია ის ფაქტი, რომ პრეზიდენტის კანდიდატის რობერტ ქოჩარიანის საარჩევნო შტაბს თავდაცვის მინისტრის სერჯ სარქსიანი ჩაუდგა სათავეში. დასკვნა ერთმნიშვნელოვანია: უახლოესი 5 წლის განმავლობაში სომხეთის პრეზიდენტი კვლავ რობერტ ქოჩარიანი იქნება.

განსხვავებული ვითარებაა აზერბაიჯანში, სადაც საპრეზიდენტო არჩევნები გაზაფხულზე უნდა ჩატარდეს. არ გამართლდა აზერბაიჯანის ოპოზიციის ვარაუდი, რომ, პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის ჯანმრთელობის გაუარესების გამო, დღის წესრიგში დადგებოდა ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რას მოიმოქმედებს ჰეიდარ ალიევი, რომელსაც, კონსტიტუციით, პრეზიდენტობაზე კენჭისყრის უფლება აღარ აქვს: ის ორჯერ უკვე იყო პრეზიდენტი. ბევრს გამორიცხულად არ მიაჩნია, რომ აზერბაიჯანის მომავალი პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევის ვაჟი გახდეს, რომელიც დღეს ნავთობის საერთაშორისო კომპანიის პრეზიდენტია. ნებისმიერ შემთხვევაში, ისევ და ისევ ოპოზიციის დაქსაქსულობის გამო, ნაკლებსავარაუდოა აზერბაიჯანში ისეთი პოლიტიკოსის გამარჯვება, რომელიც, ჯერ ერთი, ალიევის კლანს შეუქმნის საფრთხეს, მეორე მხრივ - შეცვლის აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკურ კურსს და რუსეთთან დაახლოებას მოისურვებს. შესაბამისად, აზერბაიჯანელი ექსპერტების ვარაუდით, მცირეა იმის შანსი, არჩევნებში წარმატებას მიაღწიოს ექს-პრეზიდენტმა აიაზ მუტალიბოვმა, რომელსაც რუსეთი ლობირებს.

რაც შეეხება არჩევნებს საქართველოში, ოპოზიცია ჯერჯერობით, დიდი მონდომების მიუხედავად, ერთიანობის მიღწევას ვერ ახერხებს. არადა, საყოველთაო აღიარებით, საპარლამენტო არჩევნები 2005 წელს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების თავისებურ გენერალურ რეპეტიციად იქცევა.
თამარ ჩიქოვანი, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.

ინტერვიუ მანანა ანასაშვილთან

ბიძინა რამიშვილი:
ახლა კი ჩვენი დღევანდელი გამოშვების სტუმარს გაგაცნობთ. მას დავით კაკაბაძე დაუკავშირდა ტელეფონით შეერთებულ შტატებში.

იხ. აუდიოვერსია

ეს გახლდათ ინტერვიუ შეერთებულ შტატებში სტაჟირებაზე მყოფ ქართველ კინორეჟისორთან მანანა ანასაშვილთან.

ლუი დე ფიუნესის გარდაცვალების 20 წლისთავი

ბიძინა რამიშვილი:
მსახიობი, რომელზეც ახლა გიამბობთ, უხასიათო, პედანტურ, ეგოისტურ პერსონაჟებს განასახიერებდა, მაგრამ მაინც, პირველივე კადრებით ხიბლავდა მაყურებელს. მისი მოუხერხებელი, დაბნეული გმირების მცდელობა, ყველა თავის ჭკუაზე ეტარებინათ, მუდამ მარცხისათვის იყო განწირული - და მაინც, ფრანგი მსახიობი თავს აყვარებდა ყველას, ვისაც მისი კინო- თუ ტელეეკრანებზე ნახვის შესაძლებლობა მისცემია. ასეთი მაყურებელი კი ძალიან ბევრია: ფილმები ლუი დე ფიუნესის მონაწილეობით (ლაპარაკი კი სწორედ ლუი დე ფიუნესზეა) მილიონობით ადამიანს აქვს ნანახი საფრანგეთსა თუ უცხოეთში. ლუი დე ფიუნესი ხომ ათწლეულების მანძილზე იყო ფრანგული კომედიების ნამდვილი მშვენება, რომელსაც 1970 წელს ბურვილის, ხოლო 71-ში ფერნანდელის სიკვდილის შემდეგ ვეღარავინ უწევდა კონკურენციას.

[დე ფიუნესის ხმა]

ლუი დე ფიუნესი 1914 წლის 31 ივლისს, ანუ პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე ერთი დღით ადრე დაიბადა პარიზის მახლობლად, კურბევუაში. მამამისი - ესპანელი დიდგვაროვანი - ადრე ვექილი იყო, მაგრამ შემდეგ ალმასით ვაჭრობა დაიწყო, გაკოტრდა და საფრანგეთში გადასახლდა. ოჯახს ძალიან უჭირდა, ასე რომ ლუი დე ფიუნესს ბევრი დაბრკოლების გადალახვა, ბევრი პროფესიის მოსინჯვა მოუხდა, ვიდრე კინოეკრანზე თავის ადგილს დაიმკვიდრებდა და ნამდვილი ვარსკვლავი, ფილმების კომერციული წარმატების გარანტი გახდებოდა. მას დიდხანს უწევდა ეპიზოდური როლებით დაკმაყოფილება, როგორც თვითონვე ამბობდა ხოლმე, “მეოთხეხარისხოვანი მსახიობი” იყო.

პირველი დიდი წარმატებები 60-იანი წლების დასაწყისს უკავშირდება, როცა ამ მართლაც განუმეორებელმა კომიკოსმა სან-ტროპელი ჟანდარმი განასახიერა - სამხრეთი საფრანგეთის მშვენიერი პლაჟების ხან უცხოპლანეტელების, ხან კი ნუდისტებისაგან დამცველი პოლიციელის როლში ლუი დე ფიუნესი კიდევ ხუთჯერ გადაიღეს. ასევე რამდენიმე ფილმი დაეთმო “ფანტომასის” თავგადასავლებს, რომელიც კომისარ ჟუვის გარეშე, რომ იტყვიან, ჩალის ფასი იქნებოდა. მსმენელს ალბათ ასევე კარგად ახსოვს ეკრანებზე 1967 წელს გამოსული კომედია “დიდი გასეირნება”, ლუი დე ფიუნესის მიერ განსახიერებული დირიჟორის ჟესტიკულაცია, თურქულ აბანოში ინგლისელი მოკავშირეების ძებნა თუ გერმანელი ოფიცრის ხვრინვის ჩახშობის სასოწარკვეთილი მცდელობა...

ლუი დე ფიუნესის გმირები ყველას ნერვებს უშლიან, განუწყვეტლივ წუწუნებენ და ილანძღებიან, და მაინც გვაჯადოვებენ - რატომ? პასუხი ალბათ, ფრანგი მსახიობის მიმიკაში უნდა ვეძებოთ და თხრობა აქვე დავამთავროთ - ლუი დე ფიუნესის მიმიკა უბრალოდ, ენით აუწერელია...

[დე ფიუნესის ხმა]

ეს გახლდათ ნაწყვეტი ლუი დე ფიუნესის ერთ-ერთი სატელევიზიო გამოსვლიდან. ფრანგი მსახიობი 20 წლის წინათ, 1983 წლის 27 იანვარს გარდაიცვალა.


ბიძინა რამიშვილი:
"მეათე სტუდიის" დღევანდელ გამოშვებას ვასრულებთ გამოჩენილი ამერიკელი ვიბრაფონისტის, გერი ბარტონის მუსიკით. თანამედროვე ვიბრაფონისტებს შორის ყველაზე გამორჩეულ მუსიკოსს, - რომლის მუსიკალურ პარტნიორთა შორის სხვადასხვა დროს იყვნენ ჯაზის დიდოსტატები ლერი კორიელი, სტენ გეცი, ჯორჯ შირინგი, კით ჯარეტი, ჯონ სკოფილდი, პატ მეთინი და სხვები, - 23 იანვარს 60 წელი შეუსრულდა.

[მუსიკა. გერი ბარტონი]

"მეათე სტუდია" პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა, დავით კაკაბაძემ და ბიძინა რამიშვილმა. გადაცემას უძღვებოდა ბიძინა რამიშვილი. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე.
მომავალ პარასკევამდე.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG