Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და ბრიტანეთი განაგრძობენ ბაღდადზე ზეწოლას


ანდრო ეული, პრაღა მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი, გერმანია, ჩინეთი და რუსეთი წინააღმდეგი არიან ერაყთან ომისა, შეერთებული შტატები აცხადებს, რომ უკვე გააჩნია "მომხრე სახელმწიფოთა კოალიცია"

და სამართლებრივი საფუძველი ბაღდადზე თავდასხმის განსახორციელებლად. ხოლო თეთრი სახლის პრეს-მდივანმა არი ფლაიშერმა კორესპონდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ხსენებულ კოალიციაში ვაშინგტონის მთავარ მოკავშირესთან, ბრიტანეთთან ერთად, იტალია, ესპანეთი, აგრეთვე აღმოსავლეთი ევროპის რამდენიმე სახელმწიფო იქნება წარმოდგენილი.

ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ვაშინგტონში, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეკ სტროსთან მოლაპარაკების შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ თუ ვერ მოხერხდა ერაყის პრობლემის მშვიდობიანი მოგვარება, ხოლო გაერო არ მიიღებს ქმედით ზომებს, მაშინ შეერთებული შტატები იტოვებს უფლებას, გადადგას ის ნაბიჯი, რომელიც მის ეროვნულ ინტერესებს მოემსახურება.

როგორც შეერთებული შტატების ოფიციალური პირები აცხადებენ, ერაყზე თავდასხმისთვის სამართლებრივი საფუძველი უკვე არსებობს, ვინაიდან ბაღდადი 12 წელია უგულებელყოფს გაეროს რეზოლუციებს.

ამ პოზიციას არ ეთანხმებიან უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები: საფრანგეთი, რუსეთი და ჩინეთი, რომლებიც ვეტოს უფლებით სარგებლობენ.

ხოლო კოლინ პაუელი და ჯეკ სტრო აცხადებენ, რომ გაერო ნდობას დაკარგავს და საკუთარ ავტორიტეტს შელახავს, თუ მისივე რეზოლუციები კვლავაც არ იქნება შესრულებული ერაყის მიერ.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს პოლ ვოლფოვიცს არა აქვს იმედი, რომ გაეროს განიარაღების ექსპერტები შესძლებენ ერაყში ყველა იმ ადგილის შემოწმებას, სადაც მასობრივი განადგურების იარაღი შეიძლება იყოს დამალული.

ვოლფოვიცმა გაიხსენა 1989 წელი, როცა სამხრეთ აფრიკაში განიარაღების ხანგრძლივი პროცესი დაიწყო, ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იგივე, უკრაინასა და ყაზახეთში მოხდა ყოველგვარი გართულების გარეშე.

სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა გამოთქვა იმედი, რომ მას შემდეგ, რაც განიარაღების საერთაშორისო კომისიის თავმჯდომარე ჰანს ბლიქსი და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი მოჰამედ ელ-ბარადეი 27 იანვარს საანგარიშო მოხსენებას წარუდგენენ გაეროს, უშიშროების საბჭო ერთიან პოზიციას შეიმუშავებს ერაყის საკითხში: [კოლინ პაუელის ხმა] "ვფიქრობ საფრანგეთსა და გერმანიას შეგნებული აქვთ, რომ მოვალეობა ერაყს აკისრია, და თუ ამ მხრივ რაიმე გაუგებრობასა აქვს ადგილი, ჩვენ ამ დღეებში მოვაგვარებთ ამას მათთან მოლაპარაკებისას".

კოლინ პაუელმა განაცხადა აგრეთვე, რომ მას შემდეგ, რაც ჰანს ბლიქსი საანგარიშო მოხსენებით წარსდგება გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე, გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს შეერთებული შტატები - დაელოდება გაეროს ახალ რეზოლუციას, თუ ამის გარეშე დაიწყებს სამხედრო ოპერაციას ერაყის წინააღმდეგ.

საგულისხმოა, რომ ამ კვირაში, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ დე ვილპენმა არაპირდაპირ მიანიშნა, რომ ალბად ვეტოს დაადებს ნებისმიერ ახალ რეზოლუციას, რომელსაც უშიშროების საბჭო მიიღებს ერაყის კრიზისთან დაკავშირებით. ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ გაეროს განიარაღების ექსპერტებს მეტი დრო უნდა მიეცეთ ერაყში თავიანთი მისიის დასასრულებლად.
XS
SM
MD
LG