Accessibility links

logo-print

ამერიკის კონგრესში საქართველოს ყოფილ ლობისტს პოლ ჯოელს პრეზიდენტი შევარდნაძე ღირსების ორდენით აჯილდოებს


პოლ ჯოელი საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ინტერესების მხარდაჭერისა და საქართველოში საშუალო ბიზნესისათვის ხელის შეწყობის გამო გახდა ღირსების ორდენის

კავალერი. მისი ამჟამინდელი მოღვაწეობა შორს დგას პოლიტიკისგან და ჰუმანიტარული საქმიანობითა და ბიზნესით შემოიფარგლება. იგი სათავეში უდგას ახალ საავიაციო კომპანია “კავკასიის ავიახაზებს”, რომელმაც პირველი სამგზავრო რეისი 2002 წლის 4 ნოემბერს შეასრულა. პოლ ჯოელი ხელმძღვანელობს ასევე პრეზიდენტ შევარდნაძის ინიციატივით დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციას - “დემოკრატია და უსაფრთხოება”, რომელიც, ძირითადად, საქართველოს “ნატოსთან” ინტეგრირების ხელშეწყობითაა დაკავებული..

მასმედიის წინაშე პოლ ჯოელის წარდგომა 24 იანვარს, მისი ღირსების ორდენით დაჯილდოების დღეს, ერთი სკანდალური განცხადებით გახდა საინტერესო. ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის რიჩარდ არმიტეჯის მიერ რადიო “ეხო მოსკვისთვის” მიცემული ინტერვიუს იმ ნაწილის კომენტირებისას, სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ ამერიკის მხრიდან რუსეთს საქართველოში მანევრირების სრული თავისუფლება ეძლევა, ჯოელმა ეჭვი შეიტანა არმიტეჯის კომპეტენტურობაში, მიუხედავად იმისა, რომ თარგმანის არაკორექტულობაც დაუშვა.
[პოლ ჯოელის ხმა]“იმდენად, რამდენადაც მე ვიცნობ გენერალური მდივნის მოადგილე არმეტიჯს, ვფიქრობ, რომ ის არ გახლავთ ისეთი ადამიანი, რომელიც რაიმეს შეცვლიდა ამერიკის ძველი და ახალი ადმინისტრაციის მიმდინარე პოლიტიკაში.”
“მე არ გამოვდივარ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით,”- ამ სიტყვებით დაიწყო თავისი ზემოხსენებული კომენტარი პოლ ჯოელმა, რითაც თავისი მოსაზრებების გამო პასუხისმგებლობაც მოიხსნა. უფრო მეტიც, უკვე ორი წელია მას აღარც საქართველოს ხელისუფლების სახელით საუბრის უფლება აქვს: 2001 წლიდან, ბიუჯეტის სიმწირის გამო, საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურად დახურა საქართველოს ლობისტის ოფისი ვაშინგტონში, რომელმაც სრული სამი წელი იმოქმედა. ოფისი 1998 წელს გაიხსნა ამერიკის შეერთებულ შტატებში, საქართველოს მაშინდელი ელჩის თედო ჯაფარიძის ინიციატივით. პოლ ჯოელს ამ პოსტზე სწორედ თედო ჯაფარიძემ გაუწია რეკომენდაცია. პოლ ჯოელი მაშინ ამერიკის კონგრესის უშიშროების კომიტეტში მუშაობდა და, ამდენად, ზუსტად ერგებოდა საქართველოს ლობისტის თანამდებობას. გარდა კონტაქტებში მოდერატორობისა, იგი ყოველკვირა ინტერნეტით ავრცელებდა ინფორმაციას საქართველოსა და რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე, რითაც, საქართველოს პარლამენტის დეპუტატ კახა ჩიტაიას თქმით, ამერიკელ კონგრესმენებსა და სენატორებს საქართველოს გაცნობასა და აღქმაში ეხმარებოდა. ამერიკის კონგრესში საქართველოს ლობისტის ოფისის შენახვა საქართველოს ბიუჯეტს წელიწადში 90-100 000 დოლარი უჯდებოდა. ოფისის დახურვის მიზეზადაც უსახსრობა სახელდება:
[კახა ჩიტაიას ხმა]“რა თქმა უნდა, საელჩოს თანამშრომლები, თვითონ ელჩი, წინანდელიც და დღევანდელიც, მე ძალიან მაღალი აზრის ვარ ორივეზე, მაგრამ ასეთი დამატებითი სტრუქტურა ბევრად უფრო ეფექტურს ხდის მთელ ამ საქმიანობას.”[სტილი დაცულია]
დეპუტატი კახა ჩიტაია პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ხელმძღვანელობდა იმ წლებში, როდესაც პოლ ჯოელი საქართველოს ოფიციალური ლობისტი იყო კონგრესში. თუ ლობისტის ინსტიტუტი აღდგება და ამაზე საქართველოს ხელისუფლების ნებას ბიუჯეტიც დაადასტურებს, არ არის გამორიცხული ამ პოსტზე ისევ პოლ ჯოელი ვიხილოთ. თუმცა 2003 წლის სადავო ბიუჯეტში ამგვარი ხარჯები ნამდვილად არ არის გათვალისწინებული.
XS
SM
MD
LG