Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ შევიდა ქართული საჯარისო ნაწილი ხევსურეთში?


მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაცია დასრულებულად გამოაცხადა, საქართველო-რუსეთის ჩეჩნეთ-ინგუშეთის საზღვრის მონაკვეთზე შექმნილი სიტუაცია,

საქართველოს უსაფრთხოების თვალსაზრისით, კვლავ დამაფიქრებელია. ამაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ იანვრის დასაწყისში საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ხევსურეთში სამხედრო ნაწილების შეყვანის საიდუმლო ბრძანება მიიღო. ორი დღის წინ კი ეროვნული გვარდიის ბაზაზე ფორმირებული ქვედანაყოფი უკვე დანიშნულების ადგილზე დაბანაკდა და, როგორც საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, ქართველი სამხედროები მაღალმთიან რაიონში დიდი ხნით დაიდებენ ბინას.


საქართველოს დედაქალაქი სამხედრო ძალების ნამდვილი ციტადელია. სტატისტიკის თანახმად, სწორედ თბილისშია თავმოყრილი თითქმის ყველა სახეობის სამხედრო ძალების შტაბები და რამდენიმე მსხვილი სამხედრო ქვედანაყოფი, თავისი მძიმე შეირაღებით და ტექნიკით. იმ დროს, როცა ქვეყნის განაპირა რაიონები თითქმის დაუცველია, ქვეყნის ადმინისტრაციულ ცენტრში სამხედრო ძალების ზედმეტი კონცენტრაცია რომ სახიფათოდ გაუმართლებელია, ეს საქართველოს მაგალითზეც არაერთხელ დადასტურდა, თანამედროვე სამხედრო დოქტრინებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. საკმარისია გავიხსენოთ ელიავას ქუთაისზე გალაშქრება 1998 წელს: როდესაც საქმეს წუთები წყვეტდნენ, თბილისიდან შესაბამისი სამხედრო ტექნიკის საცავებიდან გამოყვანას, მათ პლატფორმებზე დატვირთვასა და ქუთაისში რკინიგზით ჩატანას ერთი დღე დასჭირდა და, ამბოხებულ პოლკოვნიკს ცოტა მეტი სამხედრო ცოდნა რომ ჰქონოდა, არავინ იცის, რით დამთავრდებოდა სამხედრო ავანტიურა.

ამიტომ ერთ-ერთი პირველი რეკომენდაცია, რაც უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველთა საერთაშორისო საბჭომ საქართველოს ხელისუფლებას მისცა, დედაქალაქიდან სამხედრო ნაწილების რეგიონებში განთესვასა და ე.წ. ბაზურ პრინციპზე გადასვლაში მდგომარეობდა. მაგრამ ამ პრაგმატულ წინადადებას დიდად არავინ მოუხიბლავს საქართველოში, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სამხედრო ნაწილის დიდ მანძილზე გადაადგილებას, სხვა რომ არაფერი, ოფიცერთა და სერჟანტთა შემადგენლობის საცხოვრებელი პირობებით დაკმაყოფილება სჭირდება, რისთვისაც სამხედრო ბიუჯეტში ერთი თეთრიც კი არ არის გათვალისწინებული. მაგრამ რაღაც გამოსავალი მაინც გამოინახა: ორი წლის წინ კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენების დროს, როცა ხეობაში რეგულარული სამხედრო ნაწილის შენახვა ძალიან მძიმე ტვირთად დააწვა თავდაცვის ბიუჯეტს, მისი შემცვლელი ბატალიონი სწორედ ადგილობრივი მცხოვრები რეზერვისტებისგან დაკომპლექტდა. ეროვნული გვარდიის სარდალი, გენერალი კობა კობალაძე, რომელიც, გვარდიის ახალი სტატუსის მიხედვით, რეზერვისტთა მობილიზებაზე აგებს პასუხს, ამ მოდელს შვეიცარიულის ანალოგიურს უწოდებს:

[კობა კობალაძის ხმა] "აუცილებლობამ მოიტანა, შესაბამისად, საზღვრისპირა ისეთ რეგიონებში, როგორიცაა ხევსურეთი, სვანეთი, ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი, სამობილიზაციო რესურსის შექმნა, ანუ სამობილიზაციო რესურსის გამოყენება. ესე იგი, საკონტრაქტო სამსახურით აყვანა უკვე ნამსახურები ხალხის, ადგილობრივი მოსახლეობის (როგორც შვეიცარიის მოდელია), მათი მომზადება-გადამზადება და სამხედრო სამსახურში გაწვევა, რომ, შესაბამისად, საზღვრიპირა რაიონში კონკრეტული ამოცანებით იყვნენ."

იანვრის დასაწყისში გენერალმა კობა კობალაძემ რეზერვისტთა გაძლიერებული ასეულის შექმნის ბრძანება ხევსურეთის მიმართულებაზეც მიიღო, რადგან არავისთვის დასამალი არ არის, რომ საქართველოს ეს მაღალმთიანი საზღვრისპირა რეგიონი, ოპერატიული თვალსაზრისით, ასევე "აქილევსის ქუსლს" წარმოადგენს და იქ სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა ყოველთვის შესაძლებელია. რამდენიმე დღის წინ ასეულის ფორმირება ხევსურეთში უკვე დამთავრდა, თუმცა ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილი და შეიარაღება ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მობილურ ჯგუფებად დაყოფილი ასეული ფიცის მიღების შემდეგ ორივე - პირიქეთა და პირაქეთა -ხევსურეთის პატრულირებას დაიწყებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG