Accessibility links

რუსეთის ჯარებს ჩეჩნეთში სულ უფრო სასტიკ ქმედებაში ადანაშაულებენ


ჩეჩნეთიდან შემაშფოთებელ ცნობებს ბოლო ხანს კიდევ ერთი ინფორმაცია დაემატა: ადამიანის უფლებათა დამცველი ორი ავტორიტეტიანი ორგანიზაცია, აშშ-ში განთავსებული “ჰიუმან რაითს უოჩი”

და რუსეთში მოქმედი “მემორიალი” ადასტურებენ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულმა რეპრესიებმა გარკვეული ცვლილებები განიცადა და კიდევ უფრო სასტიკი ფორმა მიიღო.

იმთავითვე უნდა ითქვას, რომ ჩეჩნეთში ამჟამად ადამიანის უფლებათა დამცველი არც ერთი ორგანიზაციის წარმომადგენლები არ იმყოფებიან. როგორც “მემორიალის”, ისე “ჰიუმან რაითს უოჩის” განცხადებით, მათ თანამშრომლებს რუსეთის ხელისუფლებამ აუკრძალა რესპუბლიკაში ჩასვლა. ხოლო გასული წლის ბოლო დღეს, 31 დეკემბერს ჩეჩნეთში ეუთოს სამეთვალყურეო მანდატის ვადის ამოწურვის შემდეგ, ადამიანის უფლებათა დამცველებს ისღა დარჩენიათ, ინფორმაცია ლტოლვილებისაგან მოიპოვონ.

ინგუშეთში “მემორიალის” ოფისის ხელმძღვანელი ელიზა მუსაევა ასე, ლტოლვილების მონათხრობზე დაყრდნობით მიუთითებს ჩეჩნეთში მომხდარ ცვლილებებზე: [მუსაევას ხმა] “ცვლილებები ტენდენციებს ეტყობა. სამხედროებმა შეწყვიტეს მასობრივი “წმენდის” ოპერაციები, რომელიც დიდი ყურადღების საგანი გახდა და წამოიწყოს უფრო მიზანმიმართული ოპერაციები, რომელთაც, ჩვეულებრივ, ღამით ახორციელებენ. შედეგები იგივეა: აფეთქებული გვამები, უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანები, ისევდაისევ დაუცველი მოსახლეობა”.

როგორც ელიზა მუსაევამ ჩვენს კოლეგა ვალენტინას მიტესთან საუბარში აღნიშნა, ე.წ. წმენდისა და ახლებურ, ე.წ. მიზანმიმართულ ოპერაციებს შორის პრინციპული სხვაობა არსებობს: წმენდის დროს ჯარისკაცები ალყას არტყამენ სოფელს, ან რამდენიმე სახლს და მიჰყავთ ბრძოლისუნარიანი მამაკაცები (როგორც წესი, დასახოცად), ისე რომ დანარჩენებს ხელს არ ახლებენ. ცნობების თანახმად, გასულ კვირაში რამდენიმე ასეთი ოპერაცია ჩაატარეს არღუნში, შემასხიში და მესხერ-იურტში. რაც შეეხება მიზანმიმართულ ოპერაციას, ის იწყება ჯარისკაცების მიერ ერთი სახლის ან ბინის შერჩევით, რომელშიც ღამით მიდიან, რათა არა მარტო ახალგაზრდა მამაკაცები, არამედ ზოგჯერ ქალებიც წაიყვანონ. ასე წაყვანილთა კვალი იკარგება, თუმცა იყო მათი დასახიჩრებული გვამების პოვნის შემთხვევებიც.

ჩვენმა კოლეგამ ასევე მუსაევასაგან შეიტყო, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რიცხვმა შარშან მკვეთრად იმატა. კერძოდ, გაუჩინარდა 450-ზე მეტი ადამიანი, რაც 1999 წლის შემოდგომაზე ომის დაწყების შემდეგ დაკარგულთა თითქმის ნახევარს შეადგენს. ამ ინფორმაციის კონტექსტში “მემორიალის” მოსკოვის ოფისის თანამშრომელი ოლეგ ორლოვი იხსენებს შარშანდელი ოქტომბრის მოვლენებს და მიუთითებს კავშირზე, რომელიც მოსკოვში მძევლების აყვანასა და ჩეჩნეთში გაუჩინარებულთა რიცხვის მატებას შორის შეიმჩნევა. [ოლეგ ორლოვის ხმა] “სრულიად აშკარაა, რომ რაღაც კავშირი არსებობს. “ნორდ-ოსტის” შემდეგ მკვეთრად იმატა ადამიანების გატაცებამ ფედერალური ძალების წარმომადგენლების მიერ. ამასთან, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ამას ჩეჩენი მეამბოხეები არ აკეთებენ – მათ ჯავშან-ტექნიკა არ გააჩნიათ. არადა, ლაპარაკია სამხედრო ფორმაში გამოწყობილ, ნიღბიან შეიარაღებულ პირებზე, როლებიც ჯავშანტექნიკით მოდიან, ხალხი მიჰყავთ და მათ ზოგჯერ, უბრალოდ, ადგილზევე ხოცავენ.”

“ჰიუმან რაითს უოჩის” მოსკოვის ოფისის თანამშრომელი, ალექსანდრ პეტროვი უფრო ფრთხილად აფასებს ვითარებას ჩეჩნეთში რუსი სამხედროების სისასტიკის მატების მხრივ, თუმცა ისიც ადასტურებს, რომ მოსკოვში მძევალათა კრიზისის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა: [ალექსანდრ პეტროვის ხმა] “რუსი სამხედროები გამუდმებით უბრუნდებიან “ნორდ-ოსტის” თემას. მაგალითად, ზოგ ჯავშანტრანსპორტიორსა თუ სხვა სამხედრო ავტომანქანებზე წაიკითხავთ სლოგანს – “ზა ნორდ-ოსტ”, სადანაც უნდა დავასკვნათ, რომ ჯარისკაცები შურს იძიებენ ჩეჩნების მიერ მოსკოვში, “ნორდ-ოსტის” სპექტაკლის დროს მძევლების აყვანისათვის. ჯარისკაცები ძალიან ხშირად ახსენებენ “ნორდ-ოსტს” წმენდის, ან დაპატიმრებების დროსაც.”

რუს ჯარისკაცებს შურისძიება, როგორც ჩანს არც თუ იშვიათად ამოძრავებს: პეტროვი იხსენებს სახლების აფეთქებას ჰანკალაში, რითაც, სავარაუდოდ, “უპასუხეს” მეამბოხეების მიერ რუსეთის შვეულმფრენის ჩამოგდებას. ეს შარშან, აგვისტოში მოხდა. რაც შეეხება ოქტომბრის ტრაგედიას - რაც უნდა დიდი იყოს მოსკოვში მძევლების ამყვანთა დანაშაული, ალექსანდრე პეტროვის თქმით, აშკარაა, რომ მოსკოვში აყვანილი მძევლების რიცხვი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მას შემდეგ ჩეჩნეთში გატაცებული და ტერორიზებული ადამიანების რაოდენობა.
XS
SM
MD
LG