Accessibility links

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა ერაყის კრიზისი, და ლიბია - გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარეა - ამ საკითხებს გავაშუქებთ უცხოეთის პრესის დღევანდელ მიმოხილვაში.

გაზეთი "ველტი" მძაფრად აკრიტიკებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს გერჰარდ შრიოდერს, რომელიც ერაყთან ომის დაწყების კატეგორიული წინააღმდეგია. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში წერს:

"შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს მტკიცედა აქვს გადაწყვეტილი ერაყელი დიქტატორის, სადამ ჰუსეინის დამხობა, თუ მშვიდობიანი გზით ვერ მოხერხდება ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის ლიკვიდაცია. თეთრი სახლის ადმინისტრაციამ გარკვევით განაცხადა, რას მოიმოქმედებს შეერთებული შტატები. გაეროს უშიშროების საბჭოს მიეცემა წინადადება - კენჭისყრა მოაწყოს იმის თაობაზე, შეასრულა თუ არა ბაღდადმა გაეროს 1441-ე რეზოლუცია. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ვაშინგტონი მიიღებს ოფიციალურ დადასტურებას, რომ ერაყმა გაეროს რეზოლუცია დაარღვია, რაც პრეზიდენტ ბუშს ომის დაწყების საფუძველს მისცემს, და ამ შემთხვევაში, როგორც თეთრი სახლის ადმინისტრაციას მიაჩნია, აღარ გახდება საჭირო, რომ უშიშროების საბჭომ კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღოს. ასე რომ, ბუში ჰკითხავს კანცლერ შრიოდერსა და საფრანგეთის პრეზიდენტს ჟაკ შირაკს: შეასრულა თუ არა ბაღდადმა რეზოლუცია? და თუ არა - რატომ არაფერს არ აკეთებთო? პარიზი ამგვარ ვითარებაში ალბათ შეიცვლის პოზიციას, აი ბერლინი კი - დუმილს ამჯობინებს. ალოგიკურია გერჰარდ შრიოდერის პოზიცია, და თუ იგი მას არ შეცვლის, ამერიკა-გერმანიის ურთიერთობას, სადამ ჰუსეინის კარიერასთან ერთად, წერტილი დაესმება".

გაზეთი "ფრანკფურტერ ალგემაინე" კომენტარს უკთებს გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, რომ სადამ ჰუსეინმა გასცა განკარგულება - მოკლან ის ერაყელი მეცნიერები და მათი ოჯახის წევრები, ვინც გაეროს განიარაღების ექსპერტებთან
ითანამშრომლებს. ამის შესახებ ვაშინგტონში, აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პოლ ვოლფოვცმა, სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა. მისი თქმით, ექსპერტებთან შეხვედრის წინ ერაყელ მეცნიერებს "ჭკვიანურ რჩევა-დარიგებას" აძლევენ სადამ ჰუსეინის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ხოლო არც თუ იშვიათად, მეცნიერების ნაცვლად სპეცსამსახურების თანამშრომლები ესაუბრებიან განიარაღების ექსპერტებს.

"ამერიკელმა მემარცხენეებმა, დღეს, სტალინისტებს აუბეს მხარი" - წერს გაზეთ "ვაშინგტონ პოსტის" მიმომხილველი მაიკლ კელი და დასძენს, რომ 11 სექტემბრის შემდეგ მემარცხენეები პრინციპულ კამათში აღმოჩდნენ ჩათრეულნი. ლიბერალური ცივილიზაცია, თალიბანის, "ალ-ყაიდისა" და სადამ ჰუსეინის ერაყის სახით ყველა იმ ბოროტებას დაუპირისპირდა, რის წინააღმდეგაც გამოდიოდა აქამდე. გაზეთი წერს:

"ამ ომში, ერთი ან მეორე პოზიცია უნდა აირჩიო. ამერიკა, უწინარესად ლიბერალიზმს, პროგრესს, დემოკრატიას, თავისუფლებას ემხრობა. ეს ის პოზიციაა, სადაც მოღალატე ცოლებს არ მოელით ჩაქოლვა, სადაც არ კლავენ ჰომოსექსუალისტებს, არ აწყობენ საჯარო გაროზგვებს და ეროვნულ უმცირესობებს არ ხოცავენ მომწამლავი გაზით. ერთის შეხედვით, თითქოს ეს მხარე უნდა აერჩიათ მემარცხენეებს, ისლამოფაშისტებთან მიმხრობის ნაცვლად, ეს ბოლო ფრაზა ყოფილ მემარცხენეს - კრისტოფერ ჰიტჩენსს ეკუთვნის. სწორედ ჰიტჩენსი მოითხოვდა დაჟინებით, რომ ამერიკის გაკრიტიკებისას, პროგრესის მომხრეებს საკუთარი ფასეულობებისთვის არ ეღალატათ. მაგრამ ეს კამათი დამთავრდა, და მემარცხენეები მუდმივ ოპოზიციაში აღმოჩდნენ ამერიკასთან, საიდანაც, მათი აზრით, ყველა ბოროტება იღებს სათავეს".

გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმსის" მიმომხილველის, თომას ფრიდმენის აზრით, ლიბერალებს ბოლომდე არა აქვთ გაცნობიერებული სადამ ჰუსეინის დამხობის მნიშვნელობა, ხოლო კონსერვატორებს - ის საფრთხე, რომელსაც ერაყელი დიქტატორი უქმნის დანარჩენ მსოფლიოს. ამერიკელი ჟურნალისტი წერს:

"სწორედ სადამ ჰუსეინის დამხობა, და არა ერაყის განიარაღება შეიტანდა მნიშვნელოვან წვლილს ტერორიზმის წინააღმდეგ მიმდინარე ომში. მართალია, დასავლეთის ღია საზოგადოებისთვის საფრთხე მომდინარეობს არა სადამის, არამედ თვითმფრინავების გამტაცებელი იმ ტერორისტებისაგან, ვისთვისაც დასავლეთისადმი სიძულვილი იმდენად დიდია, რომ მზადაა თავი მსხვერპლად გაიღოს, ვისაც ვერ დააშინებ, და მაინც, ამ ბოროტებასთან საბრძოლველად არაბული სამყაროს მოდერნიზაციაა აუცილებელი, ხოლო თუ შეერთებული შტატები დაამხობს სადამ ჰუსეინს და ჭეშმარიტად დემოკრატიული, პროგრესული რეჟიმის დამყარებაში დაეხმარება ერაყელ ხალხს, ეს, ყველა სხვა არაბულ სახელმწიფოზე მოახდენდა ზეგავლენას".

"თხას ბოსტანი ჩააბარეს" - ასეთი კომენტარით გამოეხმაურა გერმანიის გაზეთი "ველტი" ცნობას იმის შესახებ, რომ ლიბიას დაავალეს გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარეობა. სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

"ეს იგივეა, სადამ ჰუსეინი, გაეროს განიარაღების საერთაშორისო კომისიის თავმჯდომარედ დანიშნონ. იმას, ვისაც ამგვარი შესაძლებლობა ვერ წარმოუდგენია, ვურჩევდით გაეცნოს ვითარებას გაეროს წარმომადგენლობაში, ჟენევაში. ადამიანის უფლებათა კომისიას ლიბია ხელმძღვანელობს. პროტესტი მხოლოდ ამერიკელებმა გამოთქვეს, ამაოდ, და კომიის წევრებმა, ხმების უმრავლესობით, ადამიანის უფლებათა დამცველად, მუამარ კადაფი აირჩიეს. ევროპელებს არ გამოუთქვამთ პროტესტი; ისინი, როგორც ჩანს, განაწყენებულები არიან ამერიკელებზე იმის გამო, რომ ვაშინგტონმა მუდმივმოქმედ საერთაშორისო ტრიბუნალს გამოუცხადა ბოიკოტი. ან, შესაძლოა, გაეროს შინაგანაწესი შეიცვალა, უბრალოდ, და ადამიანის უფლებათა დაცვას, ამიერიდან, სწორედ ამ უფლებათა ყველაზე აქტიურმა დამრღვევებმა უნდა გაუწიონ ზედამხედველობა. ასეთ შემთხვევაში ლიბიას ხომ ვერავინ შეეცილება ამ ახალ თანამდებობას. თუმცა, გაეროს კომისია არც თუ დიდის სერიოზულობით ეკიდება თავის მოვალეობას. განვლილი ორი წლის მანძილზე მიღებულ ათობით რეზოლუციებში ერთი სიტყვაც კი არაა ნათქვამი იმის შესახებ, თუ როგორ ირღვევა ადამიანის უფლებები ისეთ რეპრესიულ ქვეყნებში, როგორიც სირია, ლიბია ან კიდევ თურქმენეთია".

"ლიბია - გაეროს ლიდერი" - ასეა დასათაურებული სარედაქციო სტატია გაზეთ "ვაშინგტონ პოსტში". სტატიაში ვკითხულობთ:

"არ დაუჭირეს რა მხარი შეერთებული შტატების გადაწვეტილებას - სამხედრო ძალა გამოიყენოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო დესპოტის, სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ, საფრანგეთმა და გერმანიამ განაცხადეს, რომ გაერომ უნდა თქვას ყველა საერთაშორისო საკითხში საბოლოო სიტყვა. პრეზიდენტმა შირაკმა განაცხადა, რომ თუ ბაღდადი უარს იტყვის განიარაღებაზე, მხოლოდ გაეროს უშიშროების საბჭოს კოლექტიური საპასუხო რეაქცია იქნება სამართლებრივი. სხვათა შორის, ბატონ შირაკს არ მოუთხოვია გაეროს სანქციები იმ სამხედრო ოპერაციებთან დაკავშირებით, სპილოს ძვლის ნაპირის რესპუბლიკაში რომ ჩაიდინა საფრანგეთმა. იმ იდეას, რომ გაერო გახდეს მსოფლიოში უკანასკნელი იურიდიული ინსტანცია მხოლოდ თუ მიესალმება მრავალი ამერიკელი, თუმცა იმის საილუსტრაციოდ, თუ რა ხდება სინამდვილეში ჟენევაში, ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარედ ლიბიის არჩევა გამოდგება. და ეს არცაა შემთხვევითი, არამედ გაეროს მუშაობის ტიპიური მაგალითია. თანაც, ევროკავშირის 7 ქვეყნის წარმომადგენლებმა თავი შეიკავეს ადამიანის უფლებათა კომისიაში გამართული კენჭისყრისაგან, ანუ არ გამოვიდნენ ლიბიის წინააღმდეგ, განაცხადეს რა, რომ მხოლოდ გაეროსა აქვს მორალური უფლება - დამნაშავედ სცნოს ლიბიის დაქტატორი. კარგი იქნებოდა, რაღა თქმა უნდა, ასეთი ავტორიტეტი რომ მოეპოვებინა თავისი საქმიანობით გაეროს, მაგრამ ეს, საუბედუროდ, არ მოხდა".

გაზეთი "ლოს ანჯელეს ტაიმსი" აღშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ლიბია აირჩიეს გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარედ, და თან ირონიულად დასძენს, რომ ლიბიის კონტაქტმა გაეროსთან შესაძლოა ლიბიელი ხალხის მოქალაქეობრივი უფლებების გაფართოებას შეუწყოს ხელი. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში წერს:

"თავდაპირველად ეს, ხუმრობა გვეგონა, მაგრამ საუბედუროდ, სიმართლე აღმოჩნდა. ამიერიდან, მოამარ კადაფის ლიბიის ოფიციალური წარმომადგენელი ნაჯათ ჰაჯაჯი - გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიას უხელმძღვანლებს. ცუდი არ იქნება, თუ მომავალში, გაერო, წამოაყენებს ოფიციალურ მოთხოვნას, რომ იმ ქვეყანაში, რომლის წარმომადგენელიც ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარემ დაინიშნება, განუხრელად იყოს დაცული ადამიანის უფლებები. სწორედ გაერომ დაადანაშაულა 90-იან წლებში ლიბიის უშიშროების ძალები იმ ადამიანების დახვრეტაში, ვინც ოპოზიციაში იყო მოამარ კადაფის რეჟიმთან. ხოლო ორი წლის წინ, შოტლანდიის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ლიბიის სადაზვერვო უწყების ორი აგენტისათვის გამოტანილი სამუდამო პატიმრობის განაჩენი. როგორც გამოძიებამ დაადგინა, ლიბიელმა აგენტებმა მოაწყეს აფეთქება ავიაკომპანია "პან ამერიკენის" სამგზავრო თვითმფრინავში 1988 წელს, რამაც 270 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ჰაჯაჯი ცუდი არჩევანია ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე, ვინაიდან მის მშობლიურ ლიბიაში უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები".
XS
SM
MD
LG