Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ნიშავს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პირველი მოადგილის რიჩარდ არმიტეჯის მიერ მოსკოვში გაკეთებული განცხადება


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პირველი მოადგილის რიჩარდ არმიტეჯის მიერ მოსკოვში გაკეთებულმა განცხადებამ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს გაუჭირდება გააკრიტიკოს რუსეთი,

თუკი ის ტერორისტთა წინააღმდეგ პანკისის ხეობაზე პრევენციულ დარტყმებს განახორციელებს, რუსეთის პრესა, და არამარტო ის, პანკისის პრობლემასთან დაკავშირებით გაააქტიურა. არმიტეჯის განცხადება იქ ისე აღიქვეს, თითქოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს საქართველოში თავისუფლად მოქმედების ნებართვა მისცა. საგულისხმოა, რომ რადიოსადგურ “ეხო მასკვიში” ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის გამოსვლის შემდეგ რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის დირექტორი კონსტანტინ ტოცკი კვლავ პანკისის პრობლემას მიუბრუნდა.

რუსეთ- საქართველოს შორის დაძაბული ურთიერთობის ძირითადი საბაბი ამ ეტაპზე აფხაზეთის პრობლემაა და არა პანკისის ხეობა. მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ პანკისის ხეობაში ანტიკრიმინალური ოპერაცია წამოიწყო და იქაურობა, ასე თუ ისე, კონტროლს დაუქვემდებარა, რუსეთის პრესამ და რუსეთის ხელისუფლებამ პანკისის მიმართულებით შეტევა შეასუსტა. და მაინც, მოსკოვში ჩასულ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პირველ მოადგილე რიჩარდ არმიტეჯთან საუბრისას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ანტიტერორისტულ კამპანიას და ერაყზე მოსალოდნელ დარტყმას შეეხებოდა, რადიოსადგურ “ეხო მასკვის” ჟურნალისტმა საჭიროდ მიიჩნია დაესვა კითხვა - “ როგორ უყურებს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა რუსეთის მიერ პანკისის ხეობაზე პრევენციული დარტყმების განხორციელების შესაძლებლობას”. დარტყმების ობიექტებად, რა თქმა უნდა, ტერორისტები ან ჩეჩენი მებრძოლები იგულისხმებოდნენ.

რიჩარდ არმიტეჯის პასუხი ამ შეკითხვაზე “ეხო მასკვის” რუსულენოვან ვებგვერდზე ასე იკითხება: “ქვეყანას, რომელსაც სჯერა პრევენციული დარტყმებისა, გაუჭირდება იმ პოზიციის გაკრიტიკება, რომლის შესახებაც თქვენ საუბრობთ. მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ საქართველო რუსეთის მეზობელი ქვეყანაა. არსებობს ისტორიული კავშირები საქართველოსა და რუსეთს შორის და, იმედს ვიტოვებთ, რუსეთი ფაქიზად მოეკიდება ამ საკითხს. დღევანდელ დღეს ხვალინდელი მოჰყვება და ასე შემდეგ. ჩვენ გვინდა რუსეთსა და საქართველოს შორის მშვიდობა იყოს.”

რადიოსადგურ “ეხო მასკვის” პირდაპირ ეთერში გამოსვლისას არმიტეჯმა იმის იმედიც გამოთქვა, რომ რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების მომავალი შეხვედრა ორი ქვეყნის ურთიერთობაში არსებული პრობლემების მოგვარებას წაადგება.

აი, სულ ეს იყო, რასაც რუსეთის მედიამ სენსაციურობის ელფერი შესძინა იმით, რომ არმიტეჯის გამოსვლა წარმოადგინა საქართველოს მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის შეცვლაზე მანიშნებლად, თანაც ისეთი ტონით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რუსეთში ალექსანდრ ვერშბოუ იძულებული გახდა განემარტა, რომ გავრცელებული ცნობები , თითქოს ამერიკის შერთებულ შტატებს არ შეაშფოთებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიისთვის პრევენციული დარტყმების მიყენება, არასწორია. ვერშბოუმ განმარტა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს არართხელ გამოუხატავს პატივისცემა საქართველოსა და სხვა სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. რაც შეეხება არმიტეჯის განცხადაებას, მისი თქმით, ის, ნაწილობრივ, არაკორექტულად გავრცელდა, რადგან სახელმწიფო მდივნის პირველი მოადგილის საუბარში მთავარი აქცენტები იმაზე გაკეთდა , რომ რუსეთმა და საქართველომ პრობლემები დიალოგის გზით უნდა გადაწყვიტონ.” რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ეს განმარტებაც სააგენტო “ინტერფაქსმა” გაავრცელა. აღნიშნულის მიუხედავად, რუსეთში გაუჭირდებათ დაიჯერონ, რომ რიჩარდ არმიტეჯის გამოსვლა დიპლომატიური ჟესტი იყო და არა ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია.
რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის დირექტორმა კონსტანტინ ტოცკიმ კვლავ გამოთქვა შეშფოთება გაზაფხულზე ჩეჩენი მებრძოლების პანკისის მიმართულებით გააქტიურების შესაძლებლობის გამო, რასთან დაკავშირებითაც, საქართველოს უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ რუსეთს მოუწოდა საქართველოსთან საზღვარი დაკეტოს იაპონიიდან.
XS
SM
MD
LG