Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთი საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ემზადება


დაახლოებით ოთხი კვირაც და სომხეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება – 19 თებერვალს ელექტორატს მიეცემა შესაძლებლობა, არჩევანი შეაჩეროს ერთ-ერთზე სულ 11 კანდიდატიდან,

რომლებიც რამდენიმე დღის წინ, 21 იანვარს ჩაერთვნენ წინასაარჩევნო კამპანიაში. მაგრამ, კანდიდატების შთამბეჭდავი რაოდენობის მიუხედავად, კენჭისყრის ბედი დღესვე გარკვეული ჩანს: ცოტა თუ ეჭვობს, რომ ამომრჩეველთა უმეტესობა მიემხრობა ამჟამინდელ პრეზიდენტს, რობერტ ქოჩარიანს.

ქოჩარიანმა ორშაბათს, ანუ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე ერთი დღით ადრე გაკეთებული განცხადებით ცხადჰყო, რომ მიზნად ისახავს არჩევნებში არა უბრალოდ გამარჯვებას, არამედ გამარჯვების მოპოვებას კენჭისყრის პირველივე ტურში. [ქოჩარიანის ხმა] “ეს მიზანი რომ სავსებით რეალისტურია, საზოგადოებრივი აზრის არაერთი გამოკითხვით დასტურდება. მაგრამ წინასაარჩევო კამპანია წინასაარჩევნო კამპანიაა და ჩვენც ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ. დანარჩენს დრო აჩვენებს”, თქვა ქოჩარიანმა.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, უმეტეს შემთხვევაში მართლაც ადასტურებს, რომ ქოჩარიანს გამარჯვების გაცილებით უკეთესი შანსი აქვს, ვიდრე პრეზიდენტობის ყველა დანარჩენ კანდიდატს. ოღონდ ზოგ ექსპერტს, მათ შორის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი დამოუკიდებელი სააგენტოს, “საარჩევნო ტექნიკის ცენტრის” დირექტორ ალექსანდრ ავეტისიანს საეჭვოდ მიაჩნია არჩევნების ბედის პირველივე ტურში გადაწყვეტა: [ავეტისიანის ხმა] “მოცემულ მომენტში ძნელია ასეთი პროგნოზის გაკეთება, რადგან ჩემი და არა მარტო ჩემი აზრით, წინასაარჩევნო კამპანიაზე დიდწილად იქნება დამოკიდებული არჩევნების შედეგი. წინასაარჩევნო კამპანია კი ესესაა დაიწყო”.

მიმომხილველთა კიდევ ერთი შეფასებით, რობერტ ქოჩარიანის პოზიციის გაუმჯობესებას დიდწილად შეუწყო ხელი სომხეთის წამყვანი ოპოზიციური პარტიების უუნარობამ, საერთო კანდიდატზე შეთანხმებულიყვნენ. შედეგად - ელექტორატის იმ ნაწილის ხმები, ვინც ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგია, სულ ცოტა ოთხ ოპოზიციონერ კანდიდატზე განაწილდება. მათგან ორი, მემარცხენე ორიენტაციის სტეფან დემირჭიანი და არტაშეს გეღამიანი – ითვლებიან ქოჩარიანის მთავარ მეტოქეებად.

თუმცა, არჩევნებში ქოჩარიანის ამ, ან ნებისმიერი სხვა კონკურენტის გამარჯვების შანსებზე ლაპარაკი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ კენჭისყრის მეორე ტური გაიმართება. შესაბამისად, სომხეთის პრეზიდენტის განცხადებამ, მიზნად პირველივე ტურში გამარჯვების დასახვის შესახებ, ერთობ ააფორიაქა მისი ოპონენტები. ზოგი გამოთქვამს შეშფოთებას, რომ ქოჩარიანი არჩევნებს გააყალბებს: მათ არგუმენტად მოჰყავთ პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელად მეტად გავლენიანი ფიგურის, თავდაცვის მინისტრ სერჟ სარქისიანის დანიშვნა, აგრეთვე 5 წლის წინანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში აღრიცხული დარღვევები. მაშინ, 1998 წელს დაშვებული დარღვევები კენჭისყრის სამეთვალყურეოდ ეუთოს მიერ წარგზავნილმა ექსპერტებმაც შეამჩნიეს. ეუთოს მეთვალყურეები ამჯერადაც ჩავლენ სომხეთში. როგორც 250-კაციანი დელეგაციის ხელმძღვანელი, პეტერ აიხერი ამბობს:[აიხერის ხმა] “იმედი გვაქვს, ჩვენი წლევანდელი მისია შეძლებს წინსვლის დაფიქსირებას და გააკეთებს დასკვნას, რომ სომხეთი უკვე ასრულებს დემოკრატიულ არჩევნებთან დაკავშირებულ ვალდებულებებს”.

სხვათა შორის, ეუთოს დასკვნას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან მასზეც იქნება დამოკიდებული დასავლეთის სახელმწიფოების სამომავლო გადაწყვეტილებები სომხეთის შესახებ. რაც შეეხება დასავლეთის ამჟამინდელ პოზიციას, სომხეთის საინფორმაციო საშუალებებში გამოთქმული ვარაუდით, აშშ მიესალმება რობერტ ქოჩარიანის ხელმეორედ არჩევას იმ იმედით, რომ პრეზიდენტი განაგრძობს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებისაკენ მიმართული ზომების მიღებას. იგულისხმება, პირველ რიგში, ქოჩარიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის პირისპირ შეხვედრები, რომელთა რიცხვი ქოჩარიანის პრეზიდენტად ყოფნის მანძილზე 20-ს აღემატება.

როგორც ჩვენი რადიოს ერევნელი კორესპონდენტი, ემილ დანიელიანი იუწყება, თვით სომხეთში ყარაბაღი არ მიეკუთვნება წინასაარჩევნო კამპანიის მთავარ თემებს. ოპოზიციონერი კანდიდატები ყურადღებას ამახვილებენ ცხოვრების მძიმე პირობებზე (სომხეთის მოსახლეობის ნახევარი მაინც სიღატაკის ზღვარს მიღმა ცხოვრობს), ხოლო ქოჩარიანის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია ბოლო წლების განუწყვეტელი ეკონომიკური ზრდა, რომელმაც შარშან სარეკორდო 12 პროცენტს მიაღწია.

[ავეტისიანის ხმა] “ელექტორატის დიდი ნაწილი მართლაც ფიქრობს, რომ ქოჩარიანმა ბოლო წლებში ბევრს მიაღწია. ეს ადამიანები მის ალტერნატივას ვერ ხედავენ და უბრალოდ სურთ, რომ პრეზიდენტმა თავისი საქმე ბოლომდე მიიყვანოს”, ამბობს არჩევნების ექსპერტი ალექსანდრ ავეტისიანი. მისთვის და მისი კოლეგებისათვის ისიც ცხადია, რომ სომხეთის პრეზიდენტს არ გაუჭირდება ელექტორატის ამჟამინდელი მხარდაჭერის არჩევნების დღემდე, 19 თებერვლამდე შენარჩუნება: წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებისა თუ მასმედიაში გაშუქების მხრივ ქოჩარიანი პრეზიდენტობის ყველა დანარჩენ კანდიდატზე გაცილებით უკეთ არის უზრუნველყოფილი – მას მხარს უჭერენ შეძლებული ბიზნესმენები და სომხეთის ფაქტობრივად ყველა წამყვანი ტელესადგური.

ერთადერთი ტელეკომპანია, რომლის გადაცემებში სომხეთის პრეზიდენტის კრიტიკა ჟღერდა, შარშან აპრილში დახურეს – როგორც ოპოზიციის წარმომადგენელბისაგან მოისმენთ, სწორედ მაშინ დაიწყო რობერტ ქოჩარიანის წინასაარჩევნო კამპანია...
XS
SM
MD
LG