Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ლეგალური ინვესტიციები მცირდება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში ბოლო წლებში განვითარებული მოვლენების გამო, ისედაც მწირმა უცხოურმა ინვესტიციებმა უკანასკნელ პერიოდში კატასტროფულად იკლო.

თავად ტერმინი “ინვესტიცია” ლათინური წარმოშობისაა და, თავისი კლასიკური მნიშვნელობით, მოგების მიღების მიზნით სოლიდური ოდენობის კაპიტალის გრძელვადიან დაბანდებას ნიშნავს.

საქართველოში მოქმედებს კანონი “საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ”, რომლის თანახმად, ინვესტიციად მიიჩნევა ყველა სახის ქონებრივი და ინტელექტუალური ფასეულობა ან უფლება, რომელიც დაბანდდება და გამოიყენება საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ სამეწარმეო საქმიანობაში, შესაძლო მოგების მიღების მიზნით.

ქვეყნაში ამა თუ იმ სახის კაპიტალდაბანდებათა ოდენობისა და სიხშირის შესაფასებლად სპეციალისტები ხშირად გამოიყენებენ ტერმინს საინვესტიციო გარემო ან კლიმატი, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ქვეყანაში რეალურად არსებულ პირობებს, რომლებიც განსაზღვრავენ გრძელვადიანი დაბანდებისათვის უცხოური კაპიტალის მზარდი ოდენობით ინტენსიურ მოზიდვას ან განრიდებას, ანუ თავშეკავებას. შესაბამისად, კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე, საინვესტიციო გარემო შეიძლება იყოს როგორც ხელსაყრელი, ისე არახელსაყრელი.

თუ საქართველოში განხორციელებული უცხოური კაპიტალდაბანდებების ოდენობით და სიხშირით ვიმსჯელებთ, სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებული საინვესტიციო კლიმატი სწორედ არახელსაყრელად შეიძლება შეფასდეს. ამ დასკვნებს ამაგრებს იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებიც, რომლებიც პერიოდულად სწავლობენ საინვესტიციო გარემოს სხვადასხვა ქვეყანაში.

ცოტა ხნის წინ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმაც გამოაქვეყნა მსგავსი გამოკვლევა, რომელიც რამდენიმე ორგანიზაციის მონაცემებს ეყრდნობა, საბაზოდ კი ავტორიტეტული Economist Intelligence Unit-ის სტატისტიკა აქვს აღებული. ამ გამოკვლევის შედეგები, რომელიც ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის და დსთ-ს ქვეყნებს მოიცავს, ქართულ მედიაშიც გამოქვეყნდა.

გამოკვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპა გასულ წელს, ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, ყველაზე მომხიბლავ რეგიონს წარმოადგენდა. საგულისხმოა, რომ 2002 წელს ამ რეგიონში, წინა წელთან შედარებით, 5 მილიარდი აშშ დოლარით მეტი ინვესტირება განხორციელდა და უცხოური კაპიტალდაბანდების ოდენობამ 20 მილიარდი დოლარი შეადგინა. შედარებისათვის, დსთ-ს სივრცე, რომელიც მოსახლეობის ოდენობით და ტერიტორიის მოცულობით მთელ ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპას აღემატება, ინვესტიციების მოცულობით საგრძნობლად ჩამორჩება მას. 2002 წელს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, ბალტიისპირეთის გამოკლებით, 10 მილიარდზე ოდნავ მეტი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.

ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპაში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ექსპერტები ამ რეგიონში რისკის ფაქტორის საგრძნობ შემცირებას, ევროკავშირთან ინტეგრაციას და ეკონომიკის სერიოზულ ზრდას მიაწერენ. საინვესტიციო კლიმატის თვალსაზრისით, ყველაზე მომხიბლავ ქვეყნებად გასულ წელს უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი ითვლებოდნენ.

ამ ფონზე საკმაოდ უბადრუკად გამოიყურებიან დამოუკიდებელი თანამეგობრობის სახელმწიფოები, თუმცა უცხოური კაპიტალდაბანდებების ზრდა ამ ქვეყნებშიც შეინიშნება. ამ მხრივ, საქართველო აუტსაიდერად გამოიყურება და ჩვენთან, ინვესტიციების ზრდის ნაცვლად, პირიქით, კლების ტენდენციაც კი არსებობს. გასულ წელს, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში განხორციელებულმა ინვესტიციებმა 100 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. იმავე მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 2001 წელსაც 100, ხოლო 2000 წელს 131 მილიონი იყო. საქართველოში კაპიტალდაბანდებათა პიკი 1998 წელზე მოდის, როდესაც ქვეყანაში 265 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. შეგახსენებთ, რომ ამ პერიოდს ემთხვევა ბაქო-სუფსას ნავთობსადენის მშენებლობა, რამაც უცხოური კაპიტალის შემოდინებას შეუწყო ხელი. საინტერესოა, რომ, ერთ სულ მოსახლეზე ინვესტიციების ოდენობით, 1998 წელს საქართველო დსთ-ს სივრცეში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა გახლდათ.

შემდგომ პერიოდში უცხოური კაპიტალის “გულგრილობა” ჩვენი ქვეყნის მიმართ, ძირითადად, ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური გარემოთი, საკანონმდებლო ვაკხანალიით, კორუფციული და კრიმინალური ფონით აიხსნება. საქართველო უცხოური კაპიტალისათვის კვლავ მაღალი რისკის ზონად იქცა, რამაც ადეკვატური ასახვა პოვა ინვესტიციებსა და საგარეო ეკონომიკურ ურთერთობებზეც.

ქვეყანაში, სადაც უცხოელი ინვესტორი არათუ თავისი კაპიტალის, ელემენტარულად, პირადი უსაფრთხოების ვერანაირ გარანტიას ვერ იღებს, სასამართლოებში საკუთარი უფლებების დაცვა გაძნელებულია, მთელი ჩინოვნიკური ვერტიკალი კორუფციაშია ჩაფლული და კანონმდებლობა ეკლექტურია, ძნელია რამდენადმე სერიოზულ კაპიტალდაბანდებაზე საუბარი.

მიუხედავად ამ სირთულეებისა, ინვესტიციები საქართველოში კეთდება და, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, არცთუ ისე მცირე. ამ მხრივ, როგორც ეკონომიკის სხვა სფეროში, სახელმწიფოს ოფიციალური აღრიცხვის პრობლემა უდგას. ადრე მოქმედ კანონში “უცხოური ინვესტიციების შესახებ” კაპიტალდაბანდებას 100 ათას აშშ დოლარზე ზემოთ არეგისტრირებდა სპეციალური სარეგისტრაციო სააგენტო, რომელიც საგარეო ეკონომიკური დეპარტამენტის დაქვემდებარებაში იყო. მიუხედავად იმისა, რომ ვერც ეს სააგენტო იძლეოდა სრულ სურათს, რაღაც ოდენობის ინვესტიციის აღრიცხვა მაინც ხდებოდა. იმ პერიოდშიც და დღესაც, როდესაც უცხოური კაპიტალდაბანდებების უმრავლესობა სწორედ 100 ათასზე ნაკლებია, ხშირად ხდებოდა ინვესტიციების დანაწევრება, რათა უცხოელ ან ქართულ, მაგრამ ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიებს თავიანთი ბიზნესისათვის საგადასახადო სირთულეები აეცილებინათ თავიდან. თუმცა სერიოზულ ინვესტორს მაინც ხელს აძლევდა საქართველოში ოფიციალურად შემოსვლა და თვისი კაპიტალის დაფიქსირება, რადგან ძველი კანონი უცხოურ ინვესტიციებზე მთელ რიგ შეღავათებს ითვალისწინებდა, რასაც, წესით, საქართველოს საინვესტიციო მომხიბვლელობა უნდა გაეზარდა.

1996 წელს, ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით, მიიღეს კანონი “საინვესტიციო საქმიანობისა და გარანტიების შესახებ”, რომელმაც შეღავათები გააუქმა და, ინვესტიციის რეგისტრაცია არათუ შეზღუდა, თავად რეგისტრაციის პროცესიც ფორმალური გახადა. შესაბამისად, ოფიციალურ სტატისტიკას ქვეყანაში დაბანდებული კაპიტალის აღრიცხვა მნიშვნელოვნად გაუძნელა.

სწორედ ამიტომ დამოუკიდებელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შარშან საქართველოში, ოფიციალურად დაფიქსირებული 100 მილიონის ნაცვლად, დაახლოებით ნახევარი მილიარდი აშშ დოლარი იქნა ინვესტირებული. ინვესტიციებისათვის განსაკუთრებით მომხიბლავად, ამ მხრივ, სამშენებლო სფერო გამოიყურებოდა, რაც ასევე ნავთობსადენის პროექტთან და სასტუმრო ინფრასტრუქტურასთან იყო დაკავშირებული.

აღრიცხვის თვალსაზრისით, სრული გაუგებრობაა წლევანდელ წელთან დაკავშირებითაც. მიუხედავად იმისა, რომ “დიდი ნავთობსადენის” მშენებლობაზე წელს სერიოზული კაპიტალდაბანდებაა გათვალისწინებული, იმავე ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის პროგნოზით, საქართველოში ინვესტიციების მოცულობა 2003 წელს მხოლოდ 20 მილიონით არის ნავარაუდევი და წლის ბოლოს მისი ოდენობა 120 მილიონი უნდა იყოს, მაშინ, როდესაც, წინასწარი გათვლებით, მარტო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტით, ქვეყანაში, პირდაპირი ინვესტიიციის სახით, 500 მილიონი აშშ დოლარი უნდა შემოვიდეს. თუმცა, ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო გაუგებრობებისა და უვარგისი საგადასახადო პოლიტიკის წყალობით, ამგვარი კაზუსები უკვე აღარავის უკვირს.
XS
SM
MD
LG