Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ მოიპოვა უპირატესობა შავი და კასპიის ზღვების ენერგეტიკულ პროექტებში


ბოლო წლების მანძილზე საქართველო-რუსეთს შორის უკიდურესად გამწვავებული ურთიერთობა, გარკვეულწილად, შედეგია იმ პოლიტიკური თამაშისა, რომელიც კასპიის ენერგორესურსების ირგვლივ მიმდინარეობს.

კასპიის აუზიდან რუსეთის გვერდის ავლით დასავლეთის ქვეყნებისკენ მიმავალი ენერგეტიკული დერეფნების მშენებლობის პროექტებმა საგრძნობლად შეარყია რეგიონში რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესები. ამას მოსკოვის მხრიდან ადეკვატური რეაქცია მოჰყვა და პოლიტიკურ-ენერგეტიკული დაპირისპირება კიდევ უფრო გამძაფრდა.

კასპიის ენერგორესურსების ტრანსპორტირების იდეის წამოჭრის დღიდან რუსეთი ყოველ ღონეს მიმართავდა, რათა არ დაეკარგა ინიციატივა და, შესაბამისად, გავლენა სტრატეგიულად მნიშვნელოვან კავკასიის რეგიონში. საქართველოში დასავლეთის მარშრუტად წოდებულ ენერგეტიკულ დერეფნებს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის გარანტად განიხილავენ, რაც ბუნებრივად ეწინააღმდეგება მოსკოვის სტრატეგიულ ინტერესებს. ამ ენერგოპოლიტიკურ თამაშში რუსეთმა პირველი მარცხი მაშინ განიცადა, როდესაც დაჩქარებული ტემპით აშენდა ბაქო-სუფსის ნავთობსადენი. ამას მოჰყვა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი და, ბოლოს, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის პროექტის ინტენსიფიკაცია. თბილისი ამ თამაშშიც გამარჯვებას გეგმავდა. საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტ ალეკო გოცირიძის მიერ 2001 წლის 3 აპრილს გაკეთებული განცხადების მიხედვით:

[გოცირიძის ხმა] „თუ ტრანსკასპიური მიდამოებიდან გაზი პირველი მოხვდება თურქეთში, მაშინ ამ გაზს უფრო მეტი პრიორიტეტი ექნება, ვიდრე რუსულ გაზს. პროექტი მოემსახურება თურქმენეთის გაზის მიწოდებას თურქეთში და ასევე აზერბაიჯანის გაზის მიწოდებას თურქეთში. ორივე, რასაკვირველია, საქართველოს ტერიტორიის გავლით.“

ასეთმა მცდელობებმა სერიოზულად რომ გაართულა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა, თითოეული ქართველი საკუთარ კანზე გრძნობს. თბილისზე სამხედრო-პოლიტიკური ზეწოლის გარდა, მოსკოვმა სამხედრო სფეროში ნაცადი მეთოდი „მარშ ბრასოკი“ ენერგეტიკულ პროექტებშიც გამოიყენა და შედეგსაც მიაღწია. კერძოდ, 2002 წლის 30 დეკემბერს საზეიმოდ გაიხსნა რუსეთიდან თურქეთში მიმავალი გაზსადენი „ცისფერი ნაკადი“. მისი სრული დატვირთვით ამუშავება იანვრის ბოლომდე იგეგმება. მილსადენი, რომელიც რუსეთის ქალაქ გელენჯიკს თურქეთის ქალაქ სამსუნთან აკავშირებს, შავი ზღვის ფსკერზე 2000 მეტრის სიღრმეზეა მოთავსებული. მის ასაშენებლად 2,5 მილიარდი ამერიკული დოლარი დაიხარჯა და თურქეთის მოთხოვნილების 80 %-ს დააკმაყოფილებს.

ეკოლოგების დიდი წინააღმდეგობისა და დიდი დანახარჯების მიუხედავად, რუსეთმა მილი მაინც ზღვაში გაიყვანა და არამც და არამც ხმელეთზე - საქართველოს ტერიტორიის გავლით. პოლიტოლოგ რამაზ კლიმიაშვილს მიაჩნია, რომ მილსადენის ზღვაში გაყვანის სარისკო პროექტი რუსეთმა დიდი მოგების დაკარგვის შიშის გამო განახორციელა.

[კლიმიაშვილის ხმა] „რაღაც მომენტში გეოპოლიტიკურზე უფრო მეტად მძიმეა, როდესაც შენს ჯიბეს შეეხებიან. რუსებმა დაინახეს, რომ შეიძლება საერთოდ არ შედგეს ეს ცისფერი ნაკადი და ყველაფერი თურქეთმა მიიღოს აქეთა მხრიდან. რასაკვირველია, საჭირო იყო გათვლა, წყნარად ახსნა, რომ იქ დიდი ბაზარია, კონკურენტები კი არ ვიქნებით, არამედ ერთმანეთს შევავსებთ. მაგრამ ძალიან ბევრს მოვითხოვთ ჩვენი ხელისუფლებისგან, ასეთ დონეზე გათვლა ჩვენ მათგან არ გვინახავს.“

რუსული მხარის ინფორმაციით, 25 წლის მანძილზე ცისფერმა ნაკადმა თურქეთს 365 მილიარდი კუბური მეტრი გაზი უნდა მიაწოდოს, საერთო ღირებულებით, 22-25 მილიარდი დოლარი. ეს არც ისე დიდი ციფრია, თუ გაზსადენის მაღალ რისკიანობას და ექსპლოატაციის სირთულეებს გავითვალისწინებთ. რამაზ კლიმიაშვილისგან განსხვავებით, პროექტის პოლიტიკურ მხარეს ხაზს უსვამს ჩემი მეორე რესპონდენტი. შეკითხვაზე, თუ რატომ აუქცია გვერდი მილსადენმა საქართველოს ტერიტორიას, მეცნიერებათა დოქტორმა პროფესორმა სანდრო თვალჭრელიძემ განაცხადა:
[თვალჭრელიძის ხმა] „ბევრი მიზეზის გამო აუარა, იმიტომ რომ ჩვენ უარი ვთქვით გაგვეტარებია ჩვენს ტერიტორიაზე. მერე, რაც მთავარია, რუსეთს სჭირდებოდა, რომ ყოფილიყო მილსადენი, რომელიც თურქეთს პირდაპირ სხვა ტერიტორიების გავლით მიუერთდებოდა. ეკონომიკურად ეს პროექტი წამგებიანია, მაგრამ პოლიტიკურად ეს მათთვის აუცილებელია, რომ არ დაკარგონ გავლენა რეგიონში.“

ცხადია, რომ რუსეთის ამ ნაბიჯით საქართველომ ბევრი რამ დაკარგა, კერძოდ კი, გაზსადენის მშენებლობის შესაძლო ეფექტი: ფინანსური მოგება და გარანტირებული ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა. ეს ყველაფერი ახლა შორეულ პერსპექტივად რჩება.
აღარაფერს ვამბობ იმ პოლიტიკურ შედეგებზე, რაც რუსეთთან ენერგეტიკული დერეფნების გამო დაწყებულმა ჭიდილმა მოიტანა. ჩემს შეკითხვაზე, ამ ეტაპზე განიცადა თუ არა საქართველომ მარცხი პოლიტიკურ-ენერგეტიკულ თამაშში, სანდრო თვალჭრელიძემ თქვა:

[თვალჭრელიძის ხმა] „ენერგეტიკული მატარებლების ექსპორტი არის ძალიან რთული პრობლემა, რა თქმა უნდა, მიწისქვეშა ქვები იქ ძალიან ბევრია. რა თქმა უნდა, რუსეთი ყოველნაირად ცდილობს, რომ ეს პროექტი არ განხორციელდეს. ბაქო-ჯეიჰანზე არ გამოუვიდა არაფერი და ამაზე ახლა ფიქრობს. მაგრამ ეს არის სამომავლო პროექტი და, საბოლოო ჯამში, ნამდვილად აშენდება“.
XS
SM
MD
LG