Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ზეგავლენას იქონიებს ერაყთან ომი ადრე დაწყებულ ბრძოლაზე ტერორიზმის წინააღმდეგ?


ანდრო ეული, პრაღა ის ქვეყნები, რომლებსაც მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ ერაყთან ომი, აცხადებენ, რომ ბაღდადის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყება მეორე უფრო მნიშვნელოვან, ანტიტერორისტულ ომს მოაქცევს უკანა პლანზე.

ხოლო ვაშინგტონი, სწორედ ანტიტერორისტული ბრძოლის საერთო კონტექსტში იხილავს თავის პოლიტიკას ერაყის მიმართ.


გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე, რომელიც ოც იანვარს გაიმართა ნიუ-იორკში, გერმანიისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა არც თუ უსაფუძვლო არგუმენტები წამოაყენეს ერაყთან ომის წინააღმდეგ.

გერმანიის საგარეო-პოლიტიკური უწყების მეთაურმა იოშკა ფიშერმა განაცხადა, რომ ერაყთან ომი სერიოზულ საფრთხეს უქმნის წარმატებას გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ მიმდინარე უფრო მნიშვნელოვან ომში. ფიშერმა, რომლის ქვეყანა მორიგეობით თავმჯდომარეობს უშიშროების საბჭოს, აღნიშნა, რომ ახალმა კონფლიქტმა შესაძლოა ანტიდასავლური ვნებები გააღვივოს მუსლიმანებში, და მსოფლიო, ცივილიზაციათა დაპირისპირების რეალურ საფრთხეს მიუახლოვოს.

"ჩვენ არ გვმართებს იმგვარი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც კი არ დაასუსტებს, არამედ პირიქით, გააძლიერებს ტერორისტულ ჯგუფებს, ვინაიდან მათი სურვილია – ცივილიზაციათა ომში ჩაგვითრიონ, და ჩვენ გონივრული ქმედება გვმართებს" – განაცხადა იოშკა ფიშერმა.

დაახლოებით იგივე არგუმენტი მოიშველია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა. მან თქვა, რომ ერაყთან ომი დაშლას უქადის საერთაშორისო ანტიტერორისტულ კოალიციას, რომელიც ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით შეიქმნა. კოალიცია ხუთივე კონტინენტს მოიცავს და სრულიად განსხვავებული კულტურისა და პოლიტიკური სისტემის ქვეყნებს აერთიანებს. უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას იგორ ივანოვმა განაცხადა: [იგორ ივანოვის ხმა] "გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს - თავი შევიკავოთ ისეთი ცალმხრივი ნაბიჯებისგან, რამაც შესაძლოა
ანტიტერორისტული კოალიციის ერთიანობას შეუქმნას საფრთხე. ამ კონტექსტში, ჩვენ, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად, ერაყის კრიზისის პოლიტიკურ მოგვარებას ვუჭერთ მხარს".

ფიშერისა და ივანოვის პოზიციას სხვა ქვეყნებიც იზიარებენ. ისინი აცხადებენ, რომ ტერორისტული ქსელი "ალ-ყაიდა" ბევრად უფრო სერიოზულ საფრთხეს უქმნის მსოფლიოს, ვიდრე სადამ ჰუსეინის ერაყი, და რომ ერაყთან ომის დაწყება კიდევ უფრო თუ გაართულებს გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლას.

ვაშინგტონი, თავის მხრივ, უსაფუძვლოდ მიიჩნევს ამ არგუმენტს. პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მისი პოლიტიკა ერაყის მიმართ ანტიტერორისტული კამპანიის კონტექსტშია, მიუხედავად იმისა, რომ სადამ ჰუსეინის უშუალო კავშირი "ალ-ყაიდასთან", არ დადასტურებულა.

ბრიტანეთში დაფუძნებული ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის შემსწავლელი ცენტრის ექსპერტს მაგნუს რენსტორპს გაუმართლებლად მიაჩნია პირდაპირი კავშირის გავლება ერაყსა და ტერორიზმს შორის, როგორც ამას პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაცია აკეთებს, მით უმეტეს, როცა არ დადასტურებულა ბოლომდე ერაყის, როგორც საერთაშორისო ტერორიზმის სპონსორის როლი.

მაგნუს რენსტორპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი დაინტერესებულია მომხრეები მიიზიდოს ერაყის წინააღმდეგ მოსალოდნელ ომში და ამ მიზნით, მის ხელთ არსებულ ყველა არგუმენტს იშველიებს: [მაგნუს რენსტორპის ხმა] "საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების მიზნით შესაძლოა სასარგებლოც იყოს სადამ ჰუსეინის დაკავშირება საერთაშორისო ტერორიზმთან, თუმცა საფუძველი ამგვარი კავშირისა არაა იმდენად მყარი, რომ ომს ამართლებდეს".

რენსტორპი აღნიშნავს ამასთანავე, რომ ერაყთან ომის მოწინააღმდეგეები შესაძლოა არც ამხელენ თავიანთ ნამდვილ მოტივს. მისივე თქმით, ნებისმიერი კონფლიქტი ერაყში ვერანაირ ზეგავლენას ვერ იქონიებს, რესურსების მხრივ, ანტიტერორისტულ ომზე.

"ჯერ ერთი, ერაყის კონფლიქტის გამო სულაც არ გახდება საჭირო რესურსების გადატანა ტერორიზმის წინააღმდეგ მიმდინარე ომიდან. ესაა სრული აბსურდი" – უთხრა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს მაგნუს რენსტორპმა.

მაგნუს რენსტორს გაზვიადებულად მიაჩნია სკეპტიკოსების განგაში იმასთან დაკავშირებით, რომ ერაყთან ომმა შესაძლოა ცივილიზაციების დაპირისპირება გამოიწვიოს. "არავის შეუძლია წინასწარმეტყველება, თუ როგორ აღიქვამენ ამ ომს, როგორ განეწყობიან მისდამი მუსლიმანები" – დასძინა მაგნუს რენსტორპმა.
XS
SM
MD
LG