Accessibility links

მორიგი დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე


დავით პაიჭაძე, თბილისი 24 იანვარს მსოფლიოში აღინიშნებოდა ქრისტიანთა ერთობის დღე. ამ დღეს ყოველ წელს რომელიმე ქრისტიანული ეკლესია მასპინძლობს ყველა მიმართულების ქრისტიანებს. მართლმადიდებლები, კათოლიკეები,

სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მრევლის წევრები, პროტესტანტი ქრისტიანები იკრიბებიან და ერთად ლოცულობენ. წელს ერთობლივი ლოცვა ბაპტისტურ ეკლესიებში გაიმართა. თბილისშიც ბაპტისტურ ეკლესიაში უნდა შეკრებილიყვნენ და ელოცათ, მაგრამ დიდუბეში ყოფილი კახოვკის ქუჩაზე მისულმა ასობით ადამიანმა ეკლესიაში შესვლა ვერ მოახერხა: მათ იქ ბასილ მკალავიშვილი და მისი დასი დახვდათ.

ბასილ მკალავიშვილსა და მის მიმდევრებს ადრევე გაეგოთ, რომ ბაპტისტურ ეკლესიაში ქრისტიანთა ერთობლივი ლოცვა უნდა შემდგარიყო დღის 4 საათზე. მკალავიშვილმა მათ მისვლა დაასწრო, ეკლესიაში მყოფი ადამიანები მიხვდნენ, რაც ელოდათ და მისი შიგნიდან ჩაკეტვა მოახერხეს. ორი ავტობუსიდან გადმოსული ბასილისტები კართან ჩადგნენ. სალოცავად მისული ათეულობით ადამიანი, მათ შორის - საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მოწმენი გახდნენ, როგორ შეიქნა მართლმადიდებელი ეკლესიიდან განკვეთილი მღვდელი დაბრკოლების ლოდად პირდაპირი გაგებით: მკალავიშვილი ეკლესიის წინ იდგა და არავის უშვებდა. რასაკვირველია, თან აღავლენდა მისთვის ჩვეულ ლოცვა-კურთხევას სხვადმორწმუნეთა მისამართით. ამას ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა. სალოცავად მისულთა შორის არიან დაზარალებულნიც.

ინციდენტის ადგილას მალე პოლიცია მიდის სპეცდანიშნულების რაზმითურთ. პოლიციელები, ნაცვლად იმისა, რომ უზრუნველყონ ყოველი მოქალაქის კონსტიტუციური უფლება, შეიკრიბონ საჯაროდ როგორც ღია ცის ქვეშ, ისე ჭერქვეშ – ანუ აღკვეთონ მკალავიშვილის ქმედება, ტრადიციისამებრ, განზე დგებიან და მასთან მოლაპარაკებას იწყებენ. საქართველოს ბაპტისტურ-ევანგელისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა მალხაზ სონღულაშვილმა ასე აღწერა პოლიციის პოზიცია [სონღულაშვილის ხმა]: “პოლიციამ თქვა, ამათ ჩვენ ვერ დავიცავთ, ამიტომ თქვენ გაიყვანეთ თქვენი ხალხი და ჩვენ გავიყვანთ ბასილის ხალხსო. “ჩვენი ხალხი” ნიშნავს ასობით ადამიანს ყველა ეკლესიიდან”.

ბუნებრივია, ასეთ პირობებში არავითარი ლოცვა ერთობისათვის არ შედგებოდა. სალოცავად მისულ ადამიანებს სთხოვეს წასულიყვნენ და ისინიც თანდათან დაიშალნენ. პოლიცია კი განაგრძობდა მკალავიშვილის დაყოლიებას.

მე ვკითხე მალხაზ სონღულაშვილს, რას იღონებენ ისინი [სონღულაშვილის ხმა]: “ჩვენ მივწერთ ევროპარლამენტს, ჩვენს პარლამენტს, პრეზიდენტს საჩუქარს მივუძღვნით დაბადების დღისთვის... ვიტყვით ყველგან, სადაც შეიძლება ამის თქმა და გატანა”.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა პარლამენტარი მიხეილ ნანეიშვილი, რომელსაც ვთხოვე შეეფასებინა, რაც იხილა [ნანეიშვილის ხმა]: “სამღვდელოება გარეთ იდგა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ქუჩაში იყვნენ, ჩვენი პოლიცია კი მოლაპარაკებას აწარმოებდა ბანდიტებთან. ქვეყანაში ბნელი ძალები პარპაშებენ. ამათ არც სარწმუნოებასთან აქვთ კავშირი და არც არაფერთან. ერთადერთი კავშირი აქვთ ქვეყნის შიგნით ბნელ პოლიტიკურ ძალებთან და, რასაკვირველია, იმართებიან გარედან. მე ერთხელ ვიხმარე ცნობილი გამოთქმა: გარეშე სატანა მართავს შინაურ იდიოტებს. აი, ეს ხდება”.
XS
SM
MD
LG