Accessibility links

logo-print

“ახალგაზრდული პროგრამის” დღევანდელი გამოშვება


ეკა წამალაშვილი და დავით პაიჭაძე, თბილისი “ახალგაზრდული პროგრამის” დღევანდელი გამოშვება

ორ სრულიად სხვადასხვა თემას შეეხება. ჯერ შემოგთავაზებთ სიუჟეტს იმ საინტერესო გამოფენის შესახებ, რომელიც “ქარვასლის” საგამოფენო დარბაზში მხატვარმა თინა კლდიაშვილმა და მისმა ყოფილმა სტუდენტებმა - ახალგაზრდა მხატვარმა გოგონებმა - წარმოადგინეს. აქვე განვმარტავ, რომ თინა კლდიაშვილის სახელოსნოში მომზადებულმა თექის ექსპონატებმა, ტანსაცმელმა და აქსესუარებმა დიდი მოწონება დაიმსახურა, ბევრი მათგანი უკვე გაიყიდა. “თექა თანამედროვე ქართულ რეალობაში” – ასეთია ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის თემა. შემდეგ კი დავით პაიჭაძესთან ერთად შეხვდებით გია ჭანტურიას – ანიმაციური სერიალის, “ჩვენი ეზოს”, ავტორს. შესაძლოა, არც გჭირდებოდეთ შეხსენება, რომ გია ჭანტურია, რამდენიმე წელია, სხვადასხვა პროექტში ახმოვანებს პრეზიდენტ შევარდნაძის პერსონაჟს.


“თინა კლდიაშვილის სახელოსნოს თექის ექსპონატები, პანოები, ტანსაცმელი, აქსესუარები” – ასე ჰქვია გამოფენას, რომელსაც “ქარვასლის” საგამოფენო დარბაზი მასპინძლობს. აქ წარმოდგენილი ნამუშევრების დათვალიერება ჯერ კიდევ შესაძლებელია. თანამედროვე ქართულ რეალობაში გადმოტანილი თექის გამოფენა ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა თინა კლდიაშვილისა და მისი მოწაფეების მიერ მომზადებული კოლექციიდან ბევრი რამ უკვე გაიყიდა და არამარტო უცხოელებზე. თექის თანამედროვე ქართველ სპეციალისტებს არ ეგონათ, თუ მათი ნამუშევრები ადგილობრივებსაც ასე დააინტერესებდათ და, რადგან დაინტერესება აშკარაა, მათ თექაზე მუშაობის ძველი ტრადიციების თანამედროვე ყოფით რეალობაში გადმოტანის მეტი სტიმული გაუჩნდათ.

ქალბატონი თინა კლდიაშვილი მხატვარი დიზაინერია. მან 1971 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის ტექსტილის განყოფილება. დღემდე ამავე ფაკულტეტზე მუშაობს, პარალელურად კი, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების კათედრას ხელმძღვანელობს. მის სახელოსნოშიც სამხატვრო აკადემიისა და პედაგოგიური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, მისი ყოფილი სტუდენტები მუშაობენ. ისინი, რომლებმაც პედაგოგს დაანახვეს, რომ თექაზე მუშაობა მათი უსაყვარლესი საქმეა. მე რამდენიმე მათგანს გავესაუბრე. ასე რომ, მოვუსმინოთ, რატომ დაინტერესდნენ თათუ ხარბედია და მისი მეგობრები თექით.

[თათუ ხარბედიას ხმა]“ ძალიან საინტერესოა, რადგან ეს საქმე ქმნის საშუალებას ხელით და მატყლით გამოსახო ის, რისი დახატვაც ფუნჯით შეგიძლია. ძალიან საინტერესო მასალაა, ბუნებრივი, ფერადოვანი და, თუ ბუნებრივი პიგმენტებით არის შეღებილი, მთლად უკეთესი. ისეთ ეფექტს იძლევა, რისი მიღწევაც ფუნჯით ძნელია.“

[ქეთი ცანკაშვილის ხმა] “ ძალიან მიყვარს ეს საქმე. სტუდენტობისას დავიწყე მასზე მუშაობა და მიმაჩნია, რომ უკვე ჩემი საქმეა. თავიდან პანოებზე ვმუშაობდით. მერე გაჩნდა ტანსაცმლის გაკეთების იდეა. “

[ნესტან მაჩაიძის ხმა] “ ძალიან საინტერესო მასალაზე გვიწევს მუშაობა. საინტერესოა, რას მიიღებ, იმიტომ რომ, რასაც აწყობ, მოთელვის შემდეგ შეიძლება სულ სხვა ნამუშევარი შეგრჩეს. ფერწერის დროს ხედავ შენს ნამუშევარს და შეგიძლია შეასწორო ის, ამ შემთხვევაში კი პირვანდელი სახე რჩება. მისი შეცვლა შეუძლებელია. “

ამ გოგონებმა თექაზე მუშაობა თინა კლდიაშვილისგან ისწავლეს. პედაგოგისგან განსხვავებით, მათ არ უნახავათ, როგორ მუშაობენ თექაზე თუში ან ხევსური ქალები.
თინა კლდიაშვილს კი ეს ყევლაფერი კარგად აქვს შესწავლილი. თექა დიდი ხანია მისი შთაგონების წყაროა, თუმცა, პარალელურად, ინტენსიურად მუშაობდა გობელენებზე, განსაკუთრებით 70 - იან წლებში, რაც საქართველოში გობელენის განვითარების და აღორძინების პერიოდად მიიჩნევა. როგორც თინა კლდიაშვილმა ჩვენთან საუბრისას გაიხსენა, მაშინდელი მხატვრები თექაზე ნაკლებად მუშაობდნენ, თუმცა თექის მხატვრულად წარმოჩენის ოსტატებად თენგიზ ჯაფარიძე, თამარ გელაშვილი და ძმები სისაურები ჩამოყალიბდნენ. ჩვენს ყოფით რეალობაში თექის შემოტანა და მისგან თანამედროვე ტანსაცმლისა და აქსესუარების შექმნა თინა კლდიაშვილსაც ძველი ტრადიციების გაცოცხლებისა და გაფერადოვნების სურვილმა უკარნახა.

[თინა კლდიაშვილის ხმა] “ხშირად დავდიოდი ხევსურეთში და თუშეთში. თუშურ თექებს
საოცარი დატვირთვა ჰქონდა. ის ყვავილოვანი ორნამენტებითა და ქართული გეომეტრიული ორნამენტებით ივსებოდა. ეს ბუნებრივი საღებავებით შექმნილი ფერადოვნება ფერის საოცარ კოლორიტს ქმნიდა. დღევანდელი იდეაც ძველ ტრადიციებზე არის დაყრდნობილი. მინდოდა გამეცოცხლებინა ის უძველესი ტრადიციები, რომლებიც არსებობდა, არსებობს და იარსებებს. “

თექისგან თანამედროვე ტანსაცმლის კოლექციის შექმნა თინა კლდიაშვილს მასალის პრაქტიკულობამ გააბედვინა. თექა მსუბუქია, თბილია და წყალს არ ატარებს. ამიტომაც იყო ასე პრაქტიკული ძველ დროში ქართული ნაბადი, თექის თავსაბურავები და ტყაპუჭები. მეორე – ისეა დამუშავებული, რომ გარეცხვის შემდეგ ფორმას აღარ იცვლის და მესამე, ანუ მთავარი, - ამ ტრადიციული, ბუნებრივი მასალისგან ისეთი სამოსის შექმნა შეიძლება, რომელიც, სამოსის გარდა, ხელოვნების ნიმუშად შეიძლება ჩაითვალოს, იყოს ერთადერთი და მსგავსს არავინ ატარებდეს. თინა კლდიაშვილის სახელოსნოში თექის ჩანთები თუ ტანსაცმელი - პალტოები, კაბები, ქუდები, მოსასხამები - ტრადიციული მეთოდით, ხელით იქმნება. იქ არ არსებობს არანაირი დანადგარი. ყველაზე მომქანცველი მატყლის გაჩეჩვაა. მას, ძირითადად, ბუნებრივი საღებავებით ღებავენ; იშვიათად, როცა ამ გზით ამა თუ იმ ფერის მიღწევა შეუძლებელია, ქიმიურ საღებავსაც იყენებენ. შემდეგ გაჩეჩილ მატყლს გემოვნების მიხედვით აწყობენ, დანარჩენი კი ამ მასალის მოთელვის ოსტატობაზეა დამოკიდებული. ზოგიერთები ამ პროცედურისთვის მილისებურ ჯოხს იყენებენ, თინა კლდიაშვილი კი მატყლის დამუშავებას ხელით ამჯობინებს. ასევე მუშაობენ მისი მოწაფეებიც. მათმა ნამუშევრებმა აღიარება პოვა. თინა კლდიაშვილის სახელოსნოში საგაზაფხული სეზონისთვის მატყლის უთხელესი ფენების აბრეშუმით დამუშავებას დაიწყებენ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG