Accessibility links

რას აყენებს ქვეყნის პრეზიდენტი საკუთარ უსაფრთხოებაზე მაღლა?


75 წლის საქართველოს პრეზიდენტის შესახებ,

რომელიც, სხვადასხვა ჰიპოსტასით, 30 წელზე მეტია ქვეყნის სათავეში იმყოფება, საზოგადოებამ თითქმის ყველაფერი იცის. მეტ-ნაკლებად ცნობილია იმ ადამიანების დამოკიდებულებაც საქართველოს პრეზიდენტისადმი, ვინც მის გვერდით სისხლით ნათესაობამ ან ძალაუფლების წყურვილმა დააყენა. მაგრამ ედუარდ შევარდნაძის გარემოცვაში არიან ადამიანები, რომელთა შესახებ საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცის და რომელთა პროფესიულ მოვალეობას პრეზიდენტის დაცვა წარმოადგენს.


საქართველოს პრეზიდენტის დაცვის მრავალრიცხოვნების, ამ სამსახურის განკარგულებაში არსებული ძვირად ღირებული საბრძოლო აღჭურვილობის, საავიაციო და საავტომობილო პარკისა და, ყველაფერ ამისთვის, ბიუჯეტიდან დახარჯული მილიონების შესახებ საქართველოში ლეგენდები დადის. ერთი შეხედვით, მართლაც, ასე იფიქრებს ყველა, ვისაც ის რიტუალი უნახავს, რომელსაც ყოვედღიურად კრწანისის რეზიდენციიდან სახელმწიფო კანცელარიამდე პრეზიდენტის ესკორტირება ეწოდება და ერთი დუჟინი დაჯავშნული მანქანა და ცოცხალ ღობედ გაჭიმული ასეულობით მებრძოლი ახორციელებს.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი სულხან პაპაშვილი არ მალავს, რომ, მეგობარი ქვეყნების დახმარებით, საქართველოს პრეზიდენტის დაცვა უმაღლეს პროფესიულ დონეზეა ორგანიზებული, თუმცა იგი გადაჭრით ეწინააღმდეგება გავრცელებულ აზრს პრეზიდენტის დაცვისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მილიონების შესახებ.

[სულხან პაპაშვილის ხმა] "ჩვენ არც ვერტმფრენი გვყავს ჩვენს ბალანსზე, არც არავითარი თვითმფრინავები გვყავს და, ფაქტობრივად, საქართველოს პრეზიდენტს ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მისივე მეგობრების დახმარებით ვიცავთ, მისივე მეგობრებისა და მეგობარი ქვეყნების მიერ გამოყოფილი თანხებით. და შემიძლია ვთქვა: რომ არა ისინი, სამსახური ფეხზე ვერ დადგებოდა; რომ არა ისინი, ტერაქტების სერიალი გაგრძელდებოდა. პრეზიდენტის დაცვას მხოლოდ ერთადერთი სამმართველო ემსახურება, რომელშიც 60-65 კაცია. ამ სამოცი კაციდან ტექნიკური მუშაკები არიან, რომლებიც ემსახურებიან დაცვის უზრუნველყოფას, ხოლო პირადი მცველების რაოდენობა ძალიან შეზღუდულია. ის ესკორტი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს დაჰყვება, მე ხაზგასმით შემიძლია აღვნიშნო, რომ არც ერთი მანქანა ამ ესკორტიდან არ არის შეძენილი ბიუჯეტის ხარჯზე. "

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ბიუჯეტიდან 7 მილიონ 600 ლარით ფინანსდება. ამ ასიგნებათა ძირითადი ნაწილი პირადი შემადგენლობის შრომის ანაზღაურებაზე იხარჯება და ხმარდება იმ ოთხი ათასი სპეცმუშაკის შენახვას, რომლებსაც ხელისუფლების უმაღლესი რანგის მოხელეებისა და საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული საელჩოებისა თუ საერთაშორისო მისიების დაცვა ევალებათ. სახელმწიფო დაცვის სამსახური, რომელსაც წელს მერვე წელი შეუსრულდა, პრეზიდენტის ბრძანებულებით, პირველ სპეცსამსახურად ჩამოყალიბდა და, შესაბამისად, მისი ფუნქციონალური მოვალეობებიც კიდევ უფრო გაფართოვდა. მიუხედავად იმისა, რომ ახალ სტრუქტურაში პრეზიდენტის დაცვის სამსახური მხოლოდ 60 საშტატო ერთეულით განისაზღვრება, ხალხში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, პირველ ყოვლისა, პრეზიდენტის სიცოცხლის უსაფრთხოებასთან ასოცირდება. და, შესაბამისად, ყველას აინტერესებს, თუ რამდენად ითვალისწინებს ქვეყნის პირველი პირი უსაფრთხოების მოთხოვნებს და თავისივე პირადი დაცვის რჩევებს?

[სულხან პაპაშვილის ხმა] "ბოლო ოთხი-ხუთი წლის მანძილზე პრეზიდენტის ვიზიტი პანკისი ხეობაში, ეს იყო რისკის უმაღლესი ფაქტორი. არც ერთი ჩვენი უცხოელი კოლეგა არ გვირჩევდა პანკისის ხეობაში შესვლას, არც ერთი ექსპერტი, არც ერთი სპეციალისტი. მე მქონდა კონსულტაციები გერმანელებთან, ინგლისელებთან, ამერიკელებთან - ეს ისე არ ხდება, ესეთი საკითხების გადაწყვეტა - და ყველას დასკვნა იყო უარყოფითი. მე მქონდა პრეზიდენტთან ამ საკითხზე ლაპარაკი, მაგრამ მისი გადაწყვეტილება იყო შეუცვლელი. მობილიზებული იყო მთელი სამსახურის პირადი შემადგენლობა, თავისთავად შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროები გვეხმარებოდა ამ ღონისძიების ჩატარებაში. ჩვენი შესვლა ხეობაში უხილავი იქნა ყველა იქ მყოფისათვის და, ფაქტობრივად, გამოსვლაც."

ოთხი წლის წინ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სამსახურს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია - საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ნავთობსადენების დაცვა - დაეკისრა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სპეცსამსახურის საბრძოლო მომზადების ასამაღლებლად, ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დახმარებით, საქართველოს ტერიტორიაზე სპეციალური საწვრთნელი ბაზა აშენდა. სულხან პაპაშვილის თქმით, თუკი აქამდე ტერორისტთა ნომერ პირველ სამიზნედ საქართველოს პრეზიდენტი ითვლებოდა, ამჯერად სამიზნეთა რაოდენობა კიდევ ერთით გაიზარდა.

[სულხან პაპაშვილის ხმა] "ნომერ პირველი ობიექტი დასაცავი ქვეყანაში არა პრეზიდენტია, არამედ ნავთობსადენები და მილსადენები. ეს მისი სიტყვებია. უმნიშვნელო შემთხვევა იყო ერთი ზესტაფონში და მეორე რამდენიმე დღის წინ გორის რაიონში.ეს არ იყო არც ერთ შემთხვევაში ქურდობის მცდელობა. ეს იყო კონკრეტულად დისკრედიტაციის მცდელობა მომავალი ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის და, აგრეთვე, დისკრედიტაციის მცდელობა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, რომ ჩვენ ვერ ვიცავთ, თითქოსდა, ნავთობსადენს. მაგრამ ფაქტი ჯიუტია და სხვაზე მეტყველებს - ჩვენ ოთხი წლის განმავლობაში არც ერთი შემთხვევა არ გვქონია ადრეული ნავთობსადენის დაცვაზე. და ჩვენ უფრო მეტი დატვირთვით დავიცავთ ამ ნავთობსადენს ასეთი ხელყოფისაგან, რაც გორის რაიონში მოხდა. ასმაგი დატვირთვით იქნება დაცული - სენსორებით, დამცველებით, ვიდეოკამერებით. აი, ამ ყველაფრით ვართ ჩვენ დაკავებული და მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ამ 4000 ახალგაზრდა ქართველის სამსახური, რომელსაც სახელმწიფო დაცვის სამსახური ჰქვია, ემსახურება მთელ საქართველოს."
XS
SM
MD
LG