Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენერგეტიკის სფეროში შექმნილ პრობლემებს


ენერგეტიკის სფეროში შექმნილ პრობლემებს

დედაქალაქის კულტურულ ცხოვრებაზე ჯერჯერობით არ უმოქმედია. გასული კვირის კულტურული აფიშა უჩვეულოდ მდიდარი და მრავალფეროვანი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ქართულმა ხელოვნებამ უკვე გამოიმუშავა გარკვეული იმუნიტეტი: ზამთარში, როცა თეატრალური და მუსიკალური დარბაზების უმრავლესობას ვეღარ ათბობენ, უფრო აქტიურად იწყებენ მუშაობას სამხატვრო დარბაზები. კვირის აფიშაზე ამჯერად ვხედავთ დიზაინერ მაკა ასათიანისა და მხატვარ გუგა კოტეტიშვილის ერთობლივ გამოფენას, რომელიც ხელოვნების საერთაშორისო ცენტრში გაიხსნა: აქ წარმოადგინეს მაკა ასათიანის საკმაოდ სკანდალური “პანკისური შოუს” ნარჩენები – თეატრალიზებული კოსტიუმები, რომელიც ასეთი ხელოვნების მოყვარულებს შეუძლიათ ამჯერად ახლოდან დაათვალიერონ და ხელითაც შეეხონ. ამჯერად ეს კოსტიუმები, ასე ვთქვათ, “ახალ ანტურაჟში მოხვდა”: პანკისი გუგა კოტეტიშვილის ლითონის კონსტრუქციებმა და ეგრეთ წოდებული “მაკინტოშის” სტილის ავეჯმა შეცვალა, რაც ან იმას ნიშნავს, რომ მაკა ასათიანის სტილი ყველანაირ გარემოს ექვემდებარება, ან იმას, რომ ამ დიზაინერისთვის სულერთია, როგორი იქნება ფონი მისი მოდელებისთვის. ამას ჰქვია, ალბათ, “ქართული პოსტმოდერნიზმი”, ე.ი. რაციონალურის, კარგად მოფიქრებულის აბსოლუტური იგნორირება და ეკლექტიკით კეკლუცობა. დაახლოებით იგივე შეიძლება ითქვას ეროვნულ გალერეაში მოწყობილ ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრების გამოფენაზე, სადაც ძალიან საინტერესო ნამუშევრები ვიხილეთ, მაგრამ ექსპოზიციის ერთიანობის პრობლემა ისევ გადაუწყვეტელი დარჩა. გასული კვირის აფიშაზე ვხედავთ, აგრეთვე, “ძველ გალერეაში”, როგორც ჩანს, ტრადიციად ქცეულ ექსპოზიციას “დაჯექი” – მხატვარ ლია შველიძის ნამუშევართა გამოფენა-აქციას, რომელიც ყოველწლიურად, ახლა უკვე მესამედ და, რაც მთავარია, ერთსა და იმავე დროს, იანვრის მიწურულს, იმართება. ამ ექსპოზიციის კონცეფცია უაღრესად ორიგინალურია; “ძველი გალერეის” ძალიან ვიწრო სივრცეში გამოფენილი სურათების დათვალიერებას ავტორი ყოველი ჩვენგანისგან ახალი რაკურსით, “დამჯდარი”, ე.ი. ქვევიდან –ზევით, მოითხოვს. ბუნებრივია, ლია შველიძის გამოფენაზე წარმოდგენილი სურათებიც ამ რაკურსის გათვალისწინებით იქმნება, თუმცა “დაჯექი”, პირველ რიგში, “აქციაა” და არა გამოფენა: ავტორისთვის მთავარია შექმნას მაქსიმალურად მყუდრო გარემო, რომელიც დამთვალიერებელს ჩვეულებრივზე უფრო ხანგრძლივად შეაჩერებს სურათებთან, ჩვეულებრივზე უფრო ხანგრძლივად “დატოვებს” პატარა გალერეაში. ამის შემდეგ კი, ვინ იცის, შესაძლოა, ადამიანებმა არა მარტო სურათების დათვალიერებაზე, არამედ ერთმანეთთან ურთიერთობაზეც იფიქრონ.

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ენერგეტიკული კრიზისიც კი თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ. ცხადია, აქ ქართული ენერგეტიკის “მამებს” არ ვგულისხმობთ. ამ შემთხვევაში ლაპარაკია კულტურის “ელექტროფიკაციით” შეშფოთებულ ხალხზე. ისინი ამტკიცებენ, რომ სანთლის შუქზე, როცა ტელევიზორს ვერ ჩართავ, ოჯახის წევრები, უბრალოდ, იძულებულნი ხდებიან ერთმანეთთან დაამყარონ კონტაქტი და რომ სანთლის შუქზე წიგნის წაკითხვას სულ სხვა ფასი აქვს. შეიძლება ამიტომაც გახშირდა იანვრის მიწურულს თბილისში ახალი ქართული წიგნების პრეზენტაციები, თანაც, ოდნავ შეცვლილი ფორმატით. თავისი წიგნის პრეზენტაციაზე ავტორი ახლა არა მარტო მეგობრებს იწვევს, არამედ უცნობ მკითხველსაც ხვდება და წიგნის მოყვარულთათვის ავტოგრაფსაც არ იშურებს. ასეთი ფორმით გაიმართა კლუბ “სარდაფში” პრეზენტაცია მიხეილ ქვლივიძის ახალი წიგნისა “შენ, ჰეი, ხმელეთზურმუხტო, გამოიხედე აქეთ”, რომელშიც პოეტის ძველი და ახალი პატრიოტული ლექსებია თავმოყრილი. დაახლოებით ასეთი ფორმით წარმოადგინა 20 იანვარს რეზო გაბრიაძემ ახლახან გამოცემული საშობაო მოთხრობა “ექიმი და ავადმყოფი” და კინომცოდნე გოგი დოლიძემ წიგნი “აკაკის მოგზაურობა”, რომელიც პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის, ვასილ ამაშუკელის “აკაკის მოგზაურობის”, იუბილეს მიეძღვნა. ამ დღეებშივე წიგნის მაღაზია “პარნასში” ვახუშტი კოტეტიშვილის ახალი წიგნის “აღმოსავლურ-დასავლური დივანის” პრეზენტაცია საკმაოდ ორიგინალურად გაიმართა: ჰაიამის, ბროდსკის, რილკეს ლექსები, რომელიც ვახუშტი კოტეტიშვილმა თარგმნა, იქვე, ქუჩაში, წაიკითხეს, თანაც - არა მსახიობებმა, არამედ უბრალო მკითხველებმა. როგორც შევიტყვეთ, გამომცემლობა “დიოგენე” მომავალშიც აპირებს წიგნების პრეზენტაციას ასეთი ფორმით. “დიოგენეს” დირექტორი თამარ ლებანიძე აღნიშნავს:

[თამარ ლებანიძის ხმა] “საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ამქვეყნად არის პოეზია, არსებობს მაღალი ღირებულებები”.

მაღალ ღირებულებებზე არც დამძიმებული ყოფა მოქმედებს, არც ენერგეტიკული კრიზისი და არც ბიუჯეტის პრობლემები. საქართველოში იყვნენ და არიან ადამიანები, რომლებიც, უამრავი წინააღმდეგობის მიუხედავად, ყოველთვის ცდილობდნენ ამ მაღალი, ე.ი. მარადიული, ღირებულებებით ეცხოვრათ. ერთ-ერთი რუსთაველის თეატრის ყოფილი მსახიობი, გრუშე ვაჩნაძის უკვდავი როლის შემსრულებელი რობერტ სტურუას სპექტაკლში “კავკასიური ცარცის წრე”, იზა გიგოშვილი, 21 იანვარს თბილისელებმა უკანასკნელ გზაზე გააცილეს. გააცილეს არა რუსთაველის თეატრიდან, საიდანაც მსახიობი 90-იანი წლების დასაწყისში გარიცხეს, ოფიციალურად, “რეპეტიციაზე დაგვიანების გამო”, არამედ იმ თეატრიდან, რომელიც იზა გიგოშვილმა თავად შექმნა და რომელიც იზა გიგოშვილის გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე, სიმბოლურად თუ ბედის ირონიით, რუსთაველის თეატრის დასის თავშესაფრად იქცა. შესაძლებელია, იზა გიგოშვილსაც გულისხმობდა რობერტ სტურუა “ძველი ახალი წლის” ღამეს, ხარაჩოებში ჩასმულ რუსთაველის თეატრის შენობაში წარმოთქმულ სადღეგრძელოში:

[რობერტ სტურუა]: ”მინდა დავბრუნდეთ ორი წლის შემდეგ... განახლებულ თეატრში დავბრუნდეთ ახალი სათქმელით. მინდა ის ხალხიც გავიხსენო, ვინც აქ ვეღარ დაბრუნდება”.

რუსთაველის თეატრი თავის სახლს ორი წლის შემდეგ დაუბრუნდება და ისევ ითამაშებს “კავკასიურ ცარცის წრეს”... ვერ დაბრუნდება იზა გიგოშვილი, რომელიც, მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად, სიცოცხლის ბოლო დღემდე მუშაობდა. ასე, ავადმყოფმა, გაიარა გზა პალესტინისკენ და შეასრულა ერთ-ერთი მთავარი როლი მერაბ თავაძის ფილმში “ხვეული კიბე”, რომელიც ეკრანებზე ახლახან გამოვიდა, არ დანებდა ავადმყოფობას და ორი წლის წინ შუშანიკის ურთულესი როლი განასახიერა “სამეფო უბნის თეატრში” დადგმულ “შუშანიკის წამებაში”. იმხანად, პრემიერის წინ, ქალბატონ იზა გიგოშვილს ჩვენც გავესაუბრეთ. წარმოდგენის კონცეფცია მსახიობმა ასე ახსნა:

[იზა გიგოშვილის ხმა]: “ის ფორმა, შუშანიკისა და პიტიახშის წერტილი, სადაც მთავრდება სპექტაკლი – ეს არის ურთიერთპატივისცემა, სიყვარული”.

ურთიერთპატივისცემა და სიყვარული - და არა მტრობა და შეუწყნარებლობა, და არა ღალატი და ფანატიზმი - დაედო საფუძვლად “სამეფო უბნის თეატრში” დადგმულ “შუშანიკს”, რომელიც ამ თეატრის მსახიობებმა სულ რამდენჯერმე ითამაშეს. და არა იმიტომ, რომ იზა გიგოშვილი ვერ გაუმკლავდა როლს. წარმოდგენის პრემიერის შემდეგ თეატრს, რომლის შენობა იზა გიგოშვილმა, ფაქტობრივად, თავისი ხელებით აღადგინა, ბიუროკრატიული პროცედურების გავლა და სასამართლოს წინაშე თავის მართლება მოუხდა – “სამეფო უბნის თეატრს” შენობას ართმევდნენ. ამჯერადაც რაღაც მისტიკური დამთხვევა მოხდა: ისევ სიმბოლურად თუ ისევ ბედის ირონიით, განმეორდა იზა გიგოშვილის ცხოვრებაში “კავკასიური ცარცის წრის” სიუჟეტი... და ისევ სიმბოლურად ჟღერს დღეს, შესანიშნავი ქართველი მსახიობის გარდაცვალების შემდეგ, იზა გიგოშვილის გრუშე ვაჩნაძის ეს მონოლოგი:

[ფრაგმენტი სპექტაკლიდან “კავკასიური ცარცის წრე”]
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG