Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოლინ პაუელის გამოსვლა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დავოსში


ანდრო ეული, პრაღა შვეიცარიის ქალაქ დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ მოერიდება ომს,

თუკი ეს ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის ლიკვიდაციის ერთადერთი საშუალება იქნება. პაუელის ამგვარმა განცხადებამ სერიოზული შეშფოთება გამოიწვია ეკონომიკური ფორუმის მონაწილეთა შორის.

აი, კოლინ პაუელის გამოსვლის ერთი მონაკვეთი: [კოლინ პაუელის ხმა] "აშშ-ს მიაჩნია, რომ დრო იწურება. ჩვენ არ შევუშინდებით ომს, თუ ეს იქნება ერაყის განიარაღების ერთადერთი გზა. ჩვენ ვიტოვებთ სუვერენულ უფლებას, ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დამოუკიდებლად, ან მომხრე სახელმწიფოთა კოალიციასთან ერთად დავიწყოთ."

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ტრიბუნაზე იორდანიის მეფე აბდულამ შეცვალა. ერაყის კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების პერსპექტივა მან ერთობ პესიმისტურად შეაფასა: [მეფე აბდულას ხმა] "საუბედუროდ, ვხედავ, რომ უკვე დავიგვიანეთ, დავაგვიანეთ გამოსავლის, დიპლომატიური გამოსავლის მონახვა უთანხმოებაში ერაყსა და საერთაშორისო თანამეგობრობას შორის. ბუნებით, ოპტიმისტი ვარ. ორიოდ თვის წინათ შესაძლოა სულ სხვა მეთქვა. მაგრამ დღეს, ვფიქრობ შექმნილია იმგვარი მექანიზმები, რომ იქნება ძალზედ ძნელი, ალბად სასწაული უნდა მოხდეს იმისთვის, რათა კრიზისი მშვიდობიანი გზით, დიალოგის მეშვეობით მოგვარდეს."

როგორც საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ დომინიკ მუასიმ აღნიშნა ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში, მეფე აბდულას პოზიციას დავოსის ფორუმზე დამსწრე მრავალი ევროპელი პოლიტიკოსი და წამყვანი ბიზნესმენი ეთანხმება. მუასიმ დასძინა, რომ იმ არგუმენტებს, კოლინ პაუელმა რომ მოიყვანა თავის გამოსვლაში, დამაჯერებლობა აკლდა: [დომინიკ მუასის ხმა] "მართალია, კოლინ პაუელის არგუმენტები ერთობ შთამბეჭდავად ჟღერდა, დანარჩენი მსოფლიო სამხილს მოელის. როგორ შეუძლია მას ნათქვამის დადასტურება? ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ. ასე რომ, დავოსის ფორუმზე დამსწრე ევროპელები უფრო მეტად შეშფოთდნენ. ის, რაც მათ მოისმინეს, ბოლომდე დამაჯერებელი არ იყო."

კოლინ პაუელის აზრით, ერაყმა, ფაქტობრივად, უკვე დაარღვია გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ნოემბერში მიღებული 1441-ე რეზოლუცია. "ექვსმა კვირამ განვლო მას შემდეგ, რაც გაეროს განიარაღების კომისია საქმიანობას შეუდგა ერაყში, საერთაშორისო თანამეგობრობას კი დღემდე ვერ მიუღია პასუხი საკვანძო შეკითხვებზე. სად არის იმის დასტური, რომ ერაყმა გაანადგურა ათეულათასობით ლიტრი ანთრაქსი და ბოთულინი, რაც, ვიცით რომ ჰქონდა, ვიდრე გაეროს განიარაღების უწინდელ კომისიას გააძევებდა ქვეყნიდან? სად არის ეს? მოვნახოთ! დაე განიარაღების ექსპერტებმა შეამოწმონ ყოველივე. რა ბედი ეწია 30 000-მდე ქობინას, რომლებსაც ქიმიური კომპონენტების გატყორცნა შეუძლია? განიარაღების ექსპერტებმა მხოლოდ 16 მათგანს მიაკვლიეს. სად არის ეს ქობინები? რა ბედი ეწია ერაყის მიერ იმპორტირებულ სამ მეტრულ ტონა მცენარეულ მასალას, რომლიდანაც ძალზე სწრაფად შეიძლება მომაკვდინებელი ბიოლოგიური შხამების წარმოება? რატომ განაგრძობს ერაყი ურანისა და საგანგებო მოწყობილობის შეძენას, რომლის მეშვეობითაც ბირთვული იარაღისათვის საჭირო გამდიდრებული ურანის მიღება შეიძლება? – აი, შეკითხვები, რომლებიც, კოლინ პაუელის თქმით, პასუხს მოითხოვს.
XS
SM
MD
LG