Accessibility links

logo-print

პრეზიდენტი შევარდნაძე 2005 წელს კენჭს აღარ იყრის საპრეზიდენტო არჩევნებზე


თამარ ჩიქოვანი, თბილისი გასულ კვირადღეს ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში პრეზიდენტმა შევარდნაძემ იმ კითხვას გასცა პასუხი, რომელიც ოპოზიციას პერიოდულად მეტად აწუხებს.

პრეზიდენტმა შევარდნაძემ 100 პროცენტით გამორიცხა თავისი მონაწილეობის შესაძლებლობა 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. შეგახსენებთ: სახელისუფლებო პარტიები და საჯარო პირები პერმანენტულად განცხადებას აკეთებენ იმის თაობაზე, რომ აუცილებელია კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა, რის შემდეგაც მესამე ვადით პრეზიდენტობა ნებადართული იქნება. რამდენად გულწრფელია პრეზიდენტი შევარდნაძე, როცა ამგვარი საკონსტიტუციო ცვლილების მიღების წინააღმდეგ გამოდის?

შეგახსენებთ: პირველად იდეა პრეზიდენტობის მესამე ვადის შესახებ ამ სამიოდე წლის წინათ თბილისის მერმა ვანო ზოდელავამ გაახმოვანა. თბილისის მერის განცხადებით, როცა ქვეყანას ჰყავს ისეთი დონის პოლიტიკოსი, როგორიც ედუარდ შევარდნაძეა, უგუნურება იქნებოდა მისთვის საპრეზიდენტო უფლებამოსილებების მხოლოდ ორი ვადით განსაზღვრა. ამ განცხადებამ ისეთი ჟივილ-ხივილი გამოიწვია ოპოზოციის რიგებში, რომ უკვე პრეზიდენტ შევარდნაძეს მოუწია განმარტების გაკეთება, რომ მესამედ პრეზიდენტობას ნამდვილად არ აპირებს.
საქართველოს კონსტიტუცია მკაცრად განსაზღვრავს, რომ ერთსა და იმავე პიროვნებას მხოლოდ ორჯერ შეუძლია ზედიზედ ქვეყნის პრეზიდენტობა. ედუარდ შევარდნაძე ორჯერ - 1995 და 2000 წელს - აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად. შესაბამისად, დიდი სურვილიც რომ ჰქონდეს, იგი მესამედ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, თუკი კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილება არ შევა.
სწორედ ეს არის საინტერესო - რამდენად რეალურია, რომ პარლამენტმა ამგვარ საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი დაუჭიროს. დღევანდელი მოწვევის პარლამენტში რომ ასეთი ცვლილების მსურველი 154 პარლამენტარი არ მოიძებნება, ფაქტია. არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, საეჭვოა საკონსტიტუციო ცვლილებისთვის აუცილებელი ხმების რაოდენობა მოგროვდეს თუნდაც მომავალ პარლამენტში , რომელიც, როგორც ჩანს, პრეზიდენტის ოპოზიციით იქნება დაკომპლექტებული. რჩება რეფერენდუმის ჩატარების გზა, მაგრამ საეჭვოა, დღევანდელი ხელისუფლება, საზოგადოების ფართო ფენების უკმაყოფილების გათვალისწინებით, პრეზიდენტობის ვადის გაზრდის მოთხოვნით რეფერენდუმის ჩატარების ავანტიურაზე წავიდეს.
სხვათა შორის, არაერთი ექსპერტის დასკვნით, ოპოზიციის გაერთიანების შემაფერხებელი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სწორედ 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებია. დღეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ორგანიზაციების ერთი ნაწილის ლიდერები დაახლოებით თანაბარ შანსებს ინარჩუნებენ საპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინში. გაერთიანებული დემოკრატების ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ უკვე განაცხადა, რომ იგი მონაწილეობას მიიღებს 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. რა თქმა უნდა, საპრეზიდენტო მარათონის მონაწილედ აუცილებლად ვიხილავთ ლეიბორისტების ლიდერს შალვა ნათელაშვილს, რომლის პარტიის რეიტინგი, დღევანდელი მონაცემებით, ყველაზე მაღალია. სავარაუდოა საპრეზიდენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობაც. ალბათ, 2005 წლის არჩევნებზე კვლავ ვიხილავთ, ასე ვთქვათ, ძველ სახეებს:ერთობის ლიდერს ჯუმბერ პატიაშვილსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ასლან აბაშიძეს. თუ გავითვალისწინებთ ახალი მემარჯვენეების პოლიტიკურ ამბიციას, გასაკვირი არ იქნება ამ ჩამონათვალში, დავუშვათ, დავით გამყრელიძის მოხსენიებაც. ანუ შეიძლება დავასკვნათ, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინში პარტიათა ლიდერებს გაუჭირდებათ ერთმანეთისკენ სავალი გზების მოძიება. არადა, საკითხი საკმაოდ მარტივად გადაწყდება, თუ ლიდერები შეთანხმდებიან, რომ 2005 წლისთვის - ანუ, როცა ამოიწურება პრეზიდენტ შევარდნაძის უფლებამოსილება - პარლამენტი მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლის თანახმადაც, საქართველო რესპუბლიკურ მმართველობაზე გადავა, ანუ აღარ იარსებებს პრეზიდენტის თანამდებობა. მოვლენების ამგვარად განვითარების წინააღმდეგი არც დღევანდელი პრეზიდენტი უნდა იყოს.
XS
SM
MD
LG