Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა საგადასახადო ცვლილებები ახლავს თან 2003 წლის გაზრდილ ბიუჯეტს


2003 წლის ბიუჯეტის კანონის პირველი მოსმენით მიღების მიუხედავად, ჯერ კიდევ არ არის ნათელი, თუ რის ხარჯზე შეიძლება შესრულდეს ბიუჯეტის გაზრდილი შემოსავლითი ნაწილი.

საქართველოს პარლამენტის სესიაზე ბიუჯეტის მეორე მოსმენა 28 იანვრისთვის იგეგმება. მანამდე კი 27 იანვარს საკანონმდებლო ორგანოს ეკონომიკური პროფილის კომიტეტებში საგადასახადო კოდექსის იმ ცვლილებებზე იმსჯელეს, რომელთა განხორცილებამ ბიუჯეტის ზრდა უნდა უზრუნველყოს.

თუ რომელი შემოსავლების ხარჯზე უნდა მომხდარიყო მინიმალური ხელფასის 115 ლარამდე გაზრდა, ამ იდეის ინიციტორ გაერთიანებულ დემოკრატებს დეტალურად არ გაუანგარიშებიათ. თუმცა არც მთავრობის მიერ მოსახლეობისთვის აღთქმული მინიმალური ხელფასის 35 ლარამდე გაზრდა აღმოჩნდა სერიოზულად მოფიქრებული. ერთი თვის წინ, იდეის პოპულარიზებისას, ბიუჯეტის გასაზრდელად საჭირო რეზერვების არსებობა საეჭვოდ მიაჩნდა ეკონომიკის ბევრ ექსპერტს, მათ შორის, ლადო პაპავასაც:
[პაპავას ხმა] „გადასახადების განაკვეთის გაზრდაზე, ვფიქრობ, რომ ამას ვერ მიიღებენ, იმიტომ რომ ეს არის ძალზედ არამომგებიანი პოლიტიკურად და წინასაარჩევნო პერიოდში მთავრობა ამაზე ნამდვილად არ წავა.“

თუმცა მთავრობა საწინააღმდეგო გზით წავიდა და პარლამენტს ბიუჯეტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ გადასახადების იმგვარი გაზრდა ან დამატება შესთავაზა, რაც, ერთი შეხედვით, უწყინრად გამოიყურება. მაგალითად, სამეწარმეო საქმიანობის 1%-იანი გადასახადის დაწესება.

ამის კატეგორიულად წინააღმდეგი გამოვიდა საქართველოს პარლამენტის გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარე დავით სალარიძე. მისი განცხადებით:
[სალარიძის ხმა] „არ შეიძლება, რომ ჩვენ კიდევ მეტად დავტვირთოთ ჩვენი გადამხდელი. ეს ვიღაცას ჰგონია, რომ მარტო გადამხდელის ტვირთია, - ეს ყველა მოქალაქის ტვირთია. გარდა ამისა, მე არ მგონია, რომ ასე იოლად მივიღოთ წელს ჩვენ შემოსავლები. 41 მილიონი ლარი არის ჩასმული პრივატიზაციიდან. შარშან 8 მილიონი ლარიც ვერ შევასრულეთ და ახლა 41 მილიონის რა უნდა გავყიდოთ, ჩემთვის წარმოუდგენელია.“

მთავრობა თანხების დაზოგვას იმითაც აპირებს, რომ ძველი დავალიანებები არ გაისტუმროს და ახლები დააგროვოს. მაგალითად, ფინანსთა სამინისტრო პარლამენტს სთხოვს დაეთანხმოს 500 ათასი ლარის გადავადებას იმ თანხიდან, რომელიც წელს გასაცემი სახელმწიფო ჯილდოებისთვის არის გათვალისწინებული. ამ პრაქტიკით, პრეზიდენტს დღემდე ყოველწლიურად, დაახლოებით, 500 ჯილდო აქვს გაცემული და საერთო ვალი 5 მილიონ ლარს შეადგენს.

კითხვაზე, რა ბედი ეწევა ბიუჯეტის დაგეგმილ ზრდას, თუ პარლამენტი 1%-იანი გადასახადის დაწესებას ან ჯილდოების დაფინანსების გადავადებას არ დაეთანხმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ვასილ გიგოლაშვილი ასეთ პასუხს იძლევა:

[გიგოლაშვილის ხმა] „მაშინ ჩვენ მოგვიხდება ხარჯების ცალკეული მუხლების გადახედვა და ზოგიერთი მუხლების შემცირება, რათა ამ დამატებითი ხარჯებისათვის გამოიძებნოს არსებული პარამეტრების ფარგლებში დამატებითი რესურსები.“

ყველაზე მთავარი რესურსი, რაზეც მთავრობა იმედებს ამყარებს, საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის შეცვლაა. დღემდე ამ გადასახადის დიფერენცირებული სისტემა მოქმედებს. ახლა მთავრობა ყველას გათანაბრების ინიციატივით გამოდის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, ვთქვათ, 20 ლარიანი ხელფასის მქონე მოქალაქე თუ აქამდე, საშემოსავლო გადასახადის სახით, 12 პროცენტს იხდიდა, მომავალში 20 პროცენტს გადაიხდის. სამაგიეროდ, შემცირდება, ვთქვათ, 600 ლარიანი ხელფასის მქონეთა საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 22 პროცენტიდან 20 პროცენტამდე. ანუ ხელფასების მატების დაპირება მცირეშემოსავლიანთა გადასახადების გაზრდის ხარჯზე ხორციელდება. დავით სალარიძე ფინანსთა სამინისტროს სთავაზობს საშემოსავლო გადასახადის სხვა მოდელს, რომლის მიხედვითაც, ძირითადი ტვირთი მაღალშემოსავლიან მოქალაქეებს დააწვებათ. ამ პროექტის განხილვა კი 5 თვის შემდეგაა დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG