Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ხდებოდა 25 იანვარს მე-5 საპყრობილეში


დავით პაიჭაძე, თბილისი ყოფილ საგამოძიებო იზოლატორში, დღევანდელ მე-5 საპყრობილეში, 25 იანვარს მომხდარ მოვლენებს ორშაბათს, 27 იანვარს, გამოეხმაურნენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციათა

წარმომადგენლები და ადვოკატები, ისე სასჯელთა აღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე.

სასჯელთა აღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე პაატა მხეიძე აცხადებს, რომ, სხვადასხვა წყაროდან შემოსული ინფორმაციით, 27 იანვარს მე-5 საპყრობილეში სერიოზული დესტაბილიზაცია იგეგმებოდა. სპეცკონტინგეტს ჰქონდა აკრძალული ნივთები, გართულდა ურთიერთობა პატიმრებსა და ადმინისტრაციას შორის, ადმინისტრაციის წევრებს ღიად ემუქრებოდნენ მოკვლით, ისმოდა მუქარა, რომ ზოგიერთ პატიმარს იარაღის ძალით გაათავისუფლებდნენ და ა.შ. ამის ატანა უზნეობა და კაპიტულაცია იქნებოდა, განაცხადა პაატა მხეიძემ, რომელიც 25 იანვარს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროთა შეიარაღებული ქვედანაყოფების ქმედებას ფართომასშტაბიან პროფილაქტიკურ-სარეჟიმო ღონისძიებას უწოდებს. პაატა მხეიძე ირწმუნება, რომ ოპერაციისას არ დარიდებიან ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს და, პირველ რიგში, სწორედ მათ მიადგნენ. სასჯელთა აღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე ასე აღწერს მოქმედებათა თანმიმდევრობას [მხეიძის ხმა]: “ოპერაცია მიმდინარეობდა შემდეგი ტაქტიკური გეგმით: დაიწყო ყველა სართულზე ერთდროულად. სართულები დაყოფილი იყო 7 სექტორად. თითოეულ სექტორში დაახლოებით 80 თანამშრომელი იყო. აღებდნენ საკნებს, გამოჰყავდათ პატიმრები და გარეთ განალაგებდნენ პირადი ჩხრეკისთვის. ერთი ჯგუფი კი შედიოდა საკნების გასაჩხრეკად. როცა ხმაური და დაუმორჩილებლობის მცდელობა დაიწყო, გარეთ 100-დან 200 პატიმრამდე უნდა ყოფილიყო. სწორედ მათ გაუწიეს წინააღმდეგობა სპეცდანიშნულების რაზმს. გარწმუნებთ, სანამ თანამშრომელი არ დაჭრეს, გულუას სახელობის სპეცრაზმი ჩხრეკა-დათვალიერების ღონისძიებაში არანაირად არ ჩარეულა. შემდგომ – ყვავილების სროლა არ ყოფილა, ჩხუბში ძნელია ვინმე დაზოგო; ეს იყო პატიმართა ეგზალტირებული მასა, რომელიც შეიძლება ისევე იმყოფებოდეს ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ დღეს, როგორც მე პირადად”.

ადამიანის უფლებადამცავ ორგანიზაციებსა და ადვოკატებს სხვა რიგის კითხვები უჩნდებათ. კერძოდ, თავმჯდომარე ორგანიზაციისა “ყოფილი-პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისათვის”, ნანა კაკაბაძე, ითხოვს, რომ იუსტიციის სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს წევრებს მიეცეთ უფლება, შევიდნენ ინციდენტის ადგილას, აგრეთვე, ციხის საავადყოფოში და, ოფიციალური ინფორმაციის გარდა, თავად მოიპოვონ და გაავრცელონ ცნობები იმის შესახებ, თუ ნამდვილად რა მოხდა 25 იანვარს. ზუსტი და სანდო ცოდნის უქონლობა უამრავ ვერსიას წარმოშობს ოპერაციის შესაძლო მიზეზებზე და ამძაფრებს ეჭვს მისი შედეგებისადმი. მითქმა-მოთქმას, თითქოს ეს აქცია ე.წ. ობშჩაგის, ანუ პატიმართა საერთო ფულის ამოსაღებად იყო გამიზნული, ან კიდევ პროვოცირებული იყო საპყრობილის ყოფილი ხელმძღვანელობის მიერ, სჯობს, არსებობდეს მრავალმხრივი და სარწმუნო ინფორმაცია. ნანა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ იუსტიციის სამინისტროსა და პოლიციის ქვედანაყოფები არაადეკვატურად მოქმედებდნენ და გადაამეტეს თავიანთ უფლებამოსილებას [კაკაბაძის ხმა]: “იქ 9 აპრილის მსგავსი აქცია ჩატარდა. ესენი თავს დაესხნენ მძინარე პატიმრებს, დახსნეს საკნები, შევიდნენ და ხელკეტების ცემით ჩაატარეს ეს აქცია. პატიმრები ამბობენ, რომ დაზიანდნენ არა მარტო ის პატიმრები, რომელთაც წინააღმდეგობის გაწევა შეეძლოთ, არამედ ისინიც, რომელთაც, ავადმყოფობისა და უძლურების გამო, საერთოდ არ შეეძლოთ არავითარი წინააღმდეგობის გაწევა”.

პასუხად იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტზე საქმე აღძრულია და უფლებამოსილების გადამეტებას ძიება დაადგენს. ხოლო პატიმრებისა და მათი ახლობლების ჩივილს, რომ, აქციის შედეგად, ჯანმრთელობის მოშლას რომ თავი დავანებოთ, დაიკარგა პატიმართა პირადი ნივთები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და თეთრეული, სამინისტროში რატომღაც არასერიოზულად მიიჩნევენ.
XS
SM
MD
LG