Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა “ოქროს საუკუნის” წინა


ყოველკვირეული პროგრამა “ოქროს საუკუნის” წინა

გამოშვება ელდარ შენგელაიას შემოქმედებას მიეძღვნა. დღეს ვასრულებთ საუბარს თანამედროვე ქართული კინოს ერთ-ერთ ლიდერზე, რომელსაც 26 იანვარს 70 წელი შეუსრულდა.

ელდარ შენგელაიას შერეკილებმა, ქრისტეფორემ და ერთაოზმა, არა მარტო გაარღვიეს საპყრობილის კარები, დროისა და სივრცის შემოსაზღვრულობიდან უსასრულობაში გავიდნენ, არამედ ჩვენც, მაყურებელიც, “აგვიყვანეს” ამაოებაზე მაღლა და იქიდან, უსაზღვროებიდან, დაგვანახვეს ჩვენივე ბუნების სილამაზე და განუმეორებლობა.

საპყრობილის მეტაფორა განუწყვეტლივ თავს იჩენს ელდარ შენგელაიას შემოქმედებაშ: მონობას ნიშნავს დახავსებული ადათ-წესების დაცვა მის ადრეულ ფილმში “მიქელა”; მონობაა აგული ერისთავის უუნარობა განთავისუფლდეს თავისი კლიენტების “შეკვეთებისგან”, გადალახოს, ასე ვთქვათ, “ნორმალური ცხოვრების ნორმები”; მონობას, საკუთარ თავში ჩაკეტვასა და უკიდურეს ეგოცენტრიზმს გულისხმობს პლატონ სამანიშვილის ამაო ზრუნვა საკუთარი სამყოფლის შესანარჩუნებლად, რაც, საბოლოოდ, ამ სამყოფლის დავიწროებითა და შემოფარგვლით სრულდება. თავის ერთ ინტერვიუში ელდარ შენგელაია აღნიშნავდა: “ჩემი იდეალია, როცა ადამიანები მიდიან ზევით და წინ და ერთ ადგილს არ ტკეპნიან”. “შერეკილების” ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ბევრი აღნიშნავდა, რომ ეს არის პირველი საბჭოთა ფილმი, რომელშიც დისიდენტების სახეები შეიქმნა – იმ ადამიანებისა, რომელთაც აპატიმრებენ, საგიჟეთში ამწყვდევენ. ჩვენს კითხვაზე, სად მიფრინავენ შერეკილები, ელდარ შენგელაიამ ასე გვიპასუხა:

[ელდარ შენგელაიას ხმა] “შერეკილები არც დასავლეთში მიფრინავდნენ, არც აღმოსავლეთში და არსად. ისინი, უბრალოდ, მოსწყდნენ იმ რეალობას, რომელშიც ვნახეთ ქვემოთ და ამაღლდნენ ამ რეალობაზე... “მოსწყდნენ იმ რეალობას, სადაც არ იყო თავისუფლება”.

“ადამიანი თავისუფლებისთვისაა დაბადებული” – უცნაურია, მაგრამ ამ ბანალურ, დიდი ხნის წინ დამკვიდრებულ ჭეშმარიტებას, საბჭოთა კულტურის წარმომადგენლების უმრავლესობა როგორღაც თავს არიდებდა ხოლმე. თავისუფლების მათაც ეშინოდათ. შეიძლება ამიტომაც შეხვდა წინააღმდეგობები “შერეკილებს” ხელისუფლების მხრიდან. ზღაპრის ქვეტექსტი ადვილად გაშიფრეს და სურათის საკავშირო პრემიერა დიდი ხნით შეაჩერეს:

[ელდარ შენგელაიას ხმა] “პრაქტიკულად სურათი ეკრანზე არ გამოუშვეს. იყო მაშინ გარკვეული გრიფები. ამ გრიფებს დაადებდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ სურათი გავიდოდა მხოლოდ საქართველოში, მხოლოდ კლუბებში და ა.შ. ეს ფილმი მერე გახდა უფრო მისაწვდომი მაყურებლისათვის. ისეთი პერიოდი იყო, რომ ვერ აკრძალავდი, მაგრამ მაინც ახერხებდნენ რაღაცას.”

ამ გრიფებმა ელდარ შენგელაიას ფილმებს დასავლეთისკენ გზა ჩაუკეტეს. მაშინ, როდესაც “არაჩვეულებრივი გამოფენის”, “შერეკილების” დიალოგები, რომელიც ამ სურათების სცენარის ავტორს რეზო გაბრიაძეს ეკუთვნის, მთელმა საქართველომ ზეპირად იცოდა, დასავლეთის კინოფესტივალებზე სულ სხვა საბჭოთა ფილმებს უჩვენებდნენ. არადა, იგავის ესთეტიკა, რომელიც რეზო გაბრიაძემ და ელდარ შენგელაიამ ამ ფილმებში დაამკვიდრეს, ეს თავისებური “ეზოპეს ენა” მხოლოდ ცენზურისთვის უნდა ყოფილიყო გაუგებარი. თორემ ხალხი, სულერთია, რომელ ქვეყანაში, ამ დიალოგების არსს ადვილად ჩასწვდებოდა. შემთხვევით არ შეადარებენ ელდარ შენგელაიას ფილმებს მოგვიანებით, როცა ამ სურათების ნახვა დასავლეთშიც გახდა შესაძლებელი, ლუის ბუნუელის, ვიტორიო დე სიკას ყველა დროის შედევრებს.

[ხმა. “არაჩვეულებრივი გამოფენა”. როგორ გავს]

[ხმა. “არაჩვეულებრივი გამოფენა”. თვალებში ხომ გავს]

მაშ ასე – ამბავი, რომელსაც ელდარ შენგელაია გვიამბობს, ყოველთვის ალეგორიული ხასიათისაა და როგორც ეს იგავს შეეფერება, ზნეობრივ-დამრიგებლური დასკვნებიც ახლავს. ამავე დროს, შენგელაიას ფილმებში ზნეობრივ-დამრიგებლური დასკვნები არსადაა გაშიშვლებული. იმპროვიზაცია, მოულოდნელობა, თამაში ყველგან წამყვანია. ავტორი დასკვნებს თავად ჩვენ გვაკეთებინებს და მოქმედებაში არასდროს ერევა. მისი თქმით:

[ელდარ შენგელაიას ხმა] “ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა თემას იღებ, რა გინდა განასახიერო და მერე ეძებ ფორმას... წინასწარ რომ თქვა, რომ იგავურ ვარიანტს გააკეთებ, ამის თქმა წინასწარ ძნელია. შეიძლება სულაც არ მოითხოვოს იმან, რაც მე მაწუხებს. თუმცა ჩემს ხასიათში, რაც მე უფრო მეხერხებოდა, ყოველთვის იყო გაზვიადებული ხერხები, რაც არის ზღაპართან ახლოს, რომელიც უფრო სახიერია, ჩემი აზრით.. პირადად მე ვარ მომხრე ბრეხტისა, რომელიც ამბობდა, რომ ხელოვნება არის თამაში.”

მუსიკა [“არაჩვეულებრივი გამოფენა”]

ელდარ შენგელაია თითქოს განზრახ ირჩევს იმ ცხოვრებისეულ, ნაცნობ სიტუაციებს, რომელიც სასაცილოა თავისი დრომოჭმულობის ან თავისი გაცვეთილობის გამო. ეს სამწუხარო სიცილია, როცა კომიკური სცილდება თავის საზღვრებს და ღრმავდება, ახალი აზრით იტვირთება. კომიკური პირდაპირ უკავშირდება თავის ანტინომიას – დრამატულს, ზოგჯერ ტრაგიკულსაც კი. სასაცილოა და, თანაც, დრამატული, როცა სამყარო მოძრაობს, ამ ქვეყანაში კი არაფერი იცვლება, როცა მექანიკურად მეორდება ყველაფერი. სასაცილოა და, თანაც, დრამატული მოშლილი მექანიზმი, დახავსებული სისტემა, რომელიც ასეთი გაყინულობის გამო სრულიად არაბუნებრივი, არაადამიანური ხდება.
[ხმა “ცისფერი მთები”. სესილია თაყაიშვილი]

“ცისფერ მთებში” მიზეზი კატასტროფისა, რომელიც ქართულ-საბჭოთა დაწესებულებას ატყდება თავს, დაუინტერესებლობის, შემგუებლობის ზოგადი მექანიზმია, რომელიც კონკრეტული სახით არც ერთ გმირში არ ჩანს, რადგან ფილმის ავტორს უყვარს ადამიანი... არ ჩანს თვით ავტორიც, რომელიც ამ მექანიზმს ებრძვის. ეს მექანიზმი ისევ ჩვენშია და არა იმდენად სისტემაში. სწორედ ეს მექანიზმი ბორკავს ადამიანს და არ აძლევს მას განთავისუფლების საშუალებას.

მაგრამ ადამიანი ხომ თავისუფლებისთვის დაიბადა! “შერეკილებისა” არ იყოს, ნეტარება ყოფილა საკუთარი სამყოფლის შეზღუდული სივრციდან გარეთ გასვლა, სხვისი სიყვარული. ელდარ შენგელაიას თითქოს ქადაგება არ უყვარს, მაგრამ თავის პოზიციას იგი მაინც ვერ ნიღბავს – ვერც ფილმებში, ვერც ცხოვრებაში.

ორი კვირის წინ ელდარ შენგელაიას ერთ მუდმივ ოპონენტს მისი ფილმებისთვის “მასხრობა” უწოდებია. შენგელაიას უთქვამს: “მეფის კარზე სიმართლეს მხოლოდ მასხარა ღაღადებსო”.

იგი ისევ “კარზეა” – პარლამენტში. აღარაა “მეფის კარზე” და კინოში აღარ “მასხრობს”... თორემ ცხოვრებაში ისევ ერთსა და იმავეს იმეორებს: “ადამიანი თავისუფლებისთვისაა დაბადებული”.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG