Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს განიარაღების საერთაშორისო კომისიის პირველი საანგარიშო მოხსენება ერაყში გაწეული ორთვიანი საქმიანობის შესახებ


ანდრო ეული, პრაღა ორშაბათს, 27 იანვარს, გაეროს განიარაღების საერთაშორისო კომისიის თავმჯდომარე, შვედი დიპლომატი ჰანს ბლიქსი და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი მოჰამედ ელ-ბარადეი,

განიარაღების ექსპერტთა მიერ ერაყში, განვლილი ორი თვის მანძილზე გაწეული საქმიანობის შესახებ, საანგარიშო მოხსენებით წარდგნენ უშიშროების საბჭოს წინაშე. საბჭოს დახურული სხდომა ჰანს ბლიქსის გამოსვლით დაიწყო. განიარაღების საერთაშორისო კომისიის თავმჯდომარემ კვლავ განაცხადა, რომ დეკლარაცია, რომელიც გასულ დეკემბერს წარუდგინა ბაღდადმა თავისი შეიარაღების შესახებ უშიშროების საბჭოს არაა ამომწურავი და უპასუხოდ ტოვებს არაერთ საკვანძო შეკითხვას. ხოლო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა მოჰამედ ელ-ბარადეიმ თავის გამოსვლაში ერაყს მოუწოდა - უფრო აქტიურად ითანამშრომლოს განიარაღების ექსპერტებთან, წარუდგინოს მათ ყველა საჭირო დოკუმენტაცია და შესაძლებლობა მისცეს ექსპერტებს - ოფიციალურ პირთა თანდასწრების გარეშე გაუსაუბრონ იმ ერაყელ მეცნიერებს, ვინც შეიარაღების სფეროში მოღვაწეობდა.


ჰანს ბლიქსმა განაცხადა, რომ 60-მა დღემ განვლო მას შემდეგ, რაც გაეროს განიარაღების კომისიამ განაახლა თავისი საქმიანობა ერაყში, და მაინც უპასუხოდ რჩება არაერთი შეკითხვა, მათ შორის რა ბედია ეწია ერაყში ანტრაქსისა და ნერვული გაზის "ვი--ექსის" მარაგს.
"ერაყისთვის, როგორც ჩანს დღემდე არაა ბოლომდე მისაღები განიარაღება, რასაც მისგან მოითხოვენ, და რაც აუცილებელია იმისთვის, რათა ქვეყანამ მსოფლიოს ნდომა მოიპოვოს და მშვიდობიანად იცხოვროს".

გაეროს განიარაღების საერთაშორისო კომისიის თავმჯდომარემ განაგრძო: "უპასუხოდ რჩება, მაგალითად, განიარაღების ექსპერტთა შეკითხვა: რა ბედი ეწია 30 000-მდე ქიმიურსა და ბიოლოგიურ ქობინას, რომელსაც წარსულში ფლობდა ბაღდადი და რომელიც მოხსენიებული არ არის გაეროს უშიშროების საბჭოსადმი დეკემბერში წარდგენილ დეკლარაციაში. ეჭვი იმის თაობაზე, რომ ბაღდადმა განზრახ დაუმალა ისინი განიარაღების ექსპერტებს, კიდევ უფრო გაღრმავდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი ობიექტის შემოწმებისას ექსპერტებმა, მიმდინარე თვის დამდეგს, 12 ქიმიური ქობინა იპოვეს."

ხოლო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა მოჰამედ ელ-ბარადიემ, უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა: [მოჰამედ ელ-ბარადეის ხმა] "ახლა, როცა განიარაღების საერთაშორისო კომისია ერაყში საქმიანობს, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა და ერაყი აქტიურად ითანამშრომლებს ჩვენთან, მომავალ რამდენიმე თვეში უნდა შევძლოთ სარწმუნო დასკვნის გამოტანა, რომ ერაყს არ გააჩნია ბირთვული შეიარაღების პროგრამა. და ეს რამდენიმე თვე, ჩემის აზრით, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მშვიდობის საქმეში, ვინაიდან მოგვეცემა შესაძლებლობა, თავიდან ავიცილოთ ომი."

ერაყის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში მოჰამედ ალ-დურიმ, ჰანს ბლიქსის გამოსვლის შემდეგ კორესპონდენტებთან შეხვედრისას გაიმეორა ოფიციალური ბაღდადის მტკიცება, რომ რომ ერაყი არ ფლობს მასობრივი განადგურების იარაღს. მისივე თქმით, ერაყის ლიდერები მზად არიან ნებისმიერი საკამათო საკითხი განიხილონ ბლიქსთან და ელ-ბარადეისთან.

შეერთებული შტატების ოფიციალურ წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ორშაბათს დაიწყო ახალი ეტაპი, როცა უშიშროების საბჭოში მეტი მომხრე გამოუჩნდება თეთრი სახლის ადმინისტრაციის პოზიციას, რომ მხოლოდ ძალის გამოყენებითაა შესაძლებელი ერაყის განიარაღება.

ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ჯერემი გრინსტოკმა განაცხადა: [ჯერემი გრინსტოკის ხმა] "მე მგონი, ის რაც ბლიქსისა და ელ-ბარადეისაგან მოვისმინეთ კატალოგია გადაუჭრელი საკითხებისა, და სავსებით ცხადია უშიშროების საბჭოს ყველა წევრისთვის, რომ თუ ერაყის მხრიდან ასპროცენტიან თანამშრომლობას არ ექნება ადგილი, ეს პრობლემა, გაეროს შუამავლობით, მშვიდობიანად ვერ მოგვარდება".

ჰანს ბლიქსი ბაღდადს იმ ერაყელი მეცნიერების დაშინებაში ადანაშაულებს, ვისთანაც გაეროს ექსპერტებს ინფორმაციის მიღების მიზნით სურთ გასაუბრება. თუმცა, ბლიქსმა და მოჰამედ ელ-ბარადეიმ მიანიშნეს ამასთანავე, რომ უშიშროების საბჭოს სთხოვენ, მეტი დრო მისცეს მათ ერაყში თავიანთი მისიის დასასრულებლად.

ხოლო აშშ-მა და ბრიტანეთმა, რომლებსაც ზოგიერთი ევროპელი მოკავშირე და ავსტრალია ემხრობიან, არაერთგზის განაცხადეს, რომ ბაღდადმა უკვე დაგვანახა, რომ ყოველნაირად აბრკოლებს განიარაღების კომისიის მუშაობას. ტელეკომპანია BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა კვირას განაცხადა: [ტონი ბლერის ხმა] "ჩვენს ხელთ არსებული სადაზვერვო ინფორმაციის თანახმად, სადამი განაგრძობს მასობრივი განადგურების იარაღის შექმნას. ორმაგი დანიშნულების სამრეწველო საწარმოთა გამოყენებით იგი ქიმიურსა და ბიოლოგიურ იარაღს აწარმოებს. ჩვენთვის ისიც ცნობილია, რომ ქვეყანაში განხორციელდა გადამალვის საგულდაგულო პროგრამა, ანუ მასობრივი განადგურების იარაღი ერაყის სხვადასხვა ნაწილებში გადაზიდეს და, ამდენად, კატა-თაგვობანას ეთამაშებიან გაეროს განიარაღების ექსპერტებს."

კვირას, შვეიცარიის ქალაქ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ ერაყისათვის დრო იწურება.

ერაყი კვლავინდებურად ირწმუნება, რომ მასობრივი განადგურების იარაღი არ გააჩნია. ორშაბათს, ბაღდადში გამართულ პრესკონფერენციაზე, ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნაჯი საბრიმ განაცხადა, რომ გაეროს ექსპერტებმა იმიტომ ვერ იპოვეს ვერავითარი სამხილი, რომ ერაყში აკრძალული იარაღი არ არის.

[ნაჯი საბრის ხმა]

ამასობაში, თეთრი სახლის ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რამდენიმე კვირაში მიღებულ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების თაობაზე.
XS
SM
MD
LG