Accessibility links

რუსეთის პრესა 300 წლის იუბილეს აღნიშნავს


წლეულს რუსეთი ერთ მეტად საამაყო იუბილეს აღნიშნავს: შესრულდა 300 წელი პირველი რუსული ბეჭდური გაზეთის გამოსვლიდან. საერთოდ, რუსული ჟურნალისტიკის ისტორიის დასაბამად ერთნი 1702

წლის 16 დეკემბერს მიიჩნევენ, როცა, პეტრე პირველის ბრძანებულების მეორე დღეს, გაზეთ "ვედომოსტის" პირველი ნომერი გამოვიდა. მაგრამ მეორენი ფიქრობენ, რომ რაკი დღემდე შემორჩენილი გაზეთებიდან უძველესი გახლავთ 1703 წლის 2 იანვრით დათარიღებული ნომერი, რუსული ჟურნალისტიკის დაბადების დღედ სწორედ ეს თარიღი უნდა გამოცხადდეს. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ სამი საუკუნის წინათ რუსეთს უკვე პერიოდული ბეჭდური გამოცემა ჰქონდა.

რუსეთის პრესის 300-წლიან ისტორიაში ცენზურა - რამდენიმე ხანმოკლე გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით - მუდამ უზარმაზარ როლს ასრულებდა. და, ცხადია, პირველი რუსული გაზეთიც ხელისუფლების პოლიტიკის პროპაგანდას ემსახურებოდა. საინტერესოა, რომ გაზეთის გამოშვებაში თვით პეტრე პირველიც აქტიურად მონაწილეობდა და ამიტომ არის, რომ ზოგიერთი ისტორიკოსი მას ერთ-ერთ პირველ რუს ჟურნალისტად მიიჩნევს.

იუბილეს აღსანიშნავად მოსკოვში გაიხსნა გამოფენა, რომელზეც, "ვედომოსტის" უძველეს შემორჩენილ ნომერთან ერთად, წარმოდგენილია სხვადასხვა ეპოქის უნიკალური საგაზეთო გამოცემები - როგორც მე-18 და მე-19 საუკუნეებისა, ისე საბჭოთა პერიოდისდროინდელი პროპაგანდისტული ნაბეჭდი პროდუქცია.

გამოფენის გახსნაზე გამოსვლისას, მოსკოვის საქალაქო საბჭოს პრესის განყოფილების უფროსმა ალექსანდრ მუზიკანსკიმ რუსული ჟურნალისტიკის ისტორიაში ცენზურის როლზე ისაუბრა:

[ალექსანდრ მუზიკანსკის ხმა] "რუსეთის პრესის 300-წლიან ისტორიაში სულ რამდენიმე მეტად ხანმოკლე მონაკვეთი იყო, როცა იგი თავისუფლებით სარგებლობდა. დანარჩენ დროს განუყოფლად ბატონობდა ცენზურა."

მუზიკანსკის თქმით, ამ ხანმოკლე პერიოდებიდან ორი 1905 და 1917 წლების რევოლუციებს მოჰყვა. გამოფენის ერთ-ერთი ექსპონატია 1917 წელს, ბოლშევიკური მთავრობის მიერ გამოცემული დეკრეტი, რომელშიც ხელისუფლება მოსახლეობას ჰპირდება "უაღრესად ლიბერალური" პრესის კანონის მიღებას, როგორც კი პოლიტიკური ვითარება საამისო საშუალებას მისცემს. იმ დეკრეტის წამკითხველთა უდიდესი უმრავლესობა იმ "ლიბერალური" კანონის მიღებას ვერ მოესწრო: როგორც მოგეხსენებათ, ლოდინი შვიდ ათეულ წელიწადზე მეტ ხანს გაგრძელდა.

ცენზურამ განსაკუთრებით სასტიკი ფორმები მიიღო იოსებ სტალინის ზეობის პერიოდში, როცა ჟურნალისტიკა კომუნისტ მმართველთა ლამის უმთავრეს იდეოლოგიურ იარაღად იქცა. მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან კონტროლს რუსეთის პრესა მანამდეც, მეფის რუსეთშიც განიცდიდა. თვით ეკატერინე მეორემაც კი, რომელიც ფრანგ განმანათლებლებს ემეგობრებოდა და ევროპული ყაიდის პირველი რუსული ჟურნალის გამოცემასაც ჩაუყარა საფუძველი, 1790 წელს, ბატონყმობის კრიტიკისთვის, ციხეში ამოაყოფინა თავი ქვეყნის პირველ ინტელექტუალად აღიარებულ ალექსანდრ რადიშჩევს.

ან, თუნდაც, ალექსანდრ გერცენი გავიხსენოთ - კიდევ ერთი ინტელექტუალი და მე-19 საუკუნის რუსეთის ყველაზე გამოჩენილი ჟურნალისტი. სოციალური რეფორმების ამ თავგადაკლულმა მომხრემ ცხოვრების ერთი ნახევარი ხომ შინაგან ემიგრანტად იცხოვრა, ხოლო მეორე ნახევარი - ნამდვილ ემიგრაციაში გაატარა.

სტალინის ეპოქა უკვე ვახსენეთ. ასეთივე პროპაგანდის ინსტრუმენტად იყო ქცეული პრესა მისი მომდევნო მმართველების ხელში, თუმცა აქ მცირე გამონაკლისად უნდა ჩაითვალოს ხრუშჩოვის დროინდელი "დათბობის" პერიოდი.

ვითარება რადიკალურად შეიცვალა გასული საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევარში, ხელისუფლების სათავეში მიხაილ გორბაჩოვის მოსვლის შემდეგ. ჟურნალისტებმა შვებით ამოისუნთქეს და თავისუფალმა აზრმაც თანდათანობით იწყო გაფურჩქვნა. მართალია, რუსეთში იმხანად ობიექტურობისა თუ სტილის მეტად თავისებური ნორმები დამკვიდრდა (განსაკუთრებით, დასავლელი ადამიანისთვის), მაგრამ დაწყებულ რეფორმებში პრესის როლი უდავოდ დიდი იყო. ისევ ალექსანდრ მუზიკანსკის მოუსმინეთ:

[ალექსანდრ მუზიკანსკის ხმა] "პრესამ სრულიად განსაკუთრებული როლი შეასრულა იმ ცვლილებებში, ათი წლის წინათ რომ მოხდა. ის ზოგადი თავისუფლების, სამყაროს იმ ძირეული გარდაქმნის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარია, რომელიც ბოლო ათი წლის მანძილზე გაწეული ძალისხმევის შედეგად მივიღეთ."

თუმცა, მოსკოვის საქალაქო საბჭოს პრესის განყოფილების უფროსს არც იმის აღნიშვნა ავიწყდება, რომ რუსულმა პრესამ ვერ გაუძლო "თავისუფლების გამოცდას". ბორის ელცინის ხანაში ხელისუფლების ზეწოლისგან მეტ-ნაკლებად გათავისუფლებული პრესა ახლა ოლიგარქებისა თუ ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების გავლენის ქვეშ მოექცა.

2000 წელს, პრეზიდენტის თანამდებობაზე ვლადიმირ პუტინის მოსვლით, ამ ტენდენციას წერტილი დაესვა. ბოლო ორი წლის მანძილზე სახელმწიფო სულ უფრო ვიწრო მარწუხებში აქცევს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, რაც განსაკუთრებით მკაფიოდ გამოჩნდა 2001 წლის აპრილში, როცა კრემლმა საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარა რუსეთის პრესის მაგნატის ვლადიმირ გუსინსკის საინფორმაციო-საგამომცემლო იმპერია და უწინარესად ყველაზე პოპულარული ტელეარხი ენ-ტე-ვე.

მიუხედავად ყოველივე ამისა, რუსული ჟურნალისტიკის ერთ-ერთი უხუცესი წარმომადგენელი, მოსკოვის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი იასენ ზასურსკი, თავის კოლეგებს მაინც პეტრე პირველის ტრადიციის გამგრძელებლებად მიიჩნევს, რადგან ისინი დღესაც დასავლეთისკენ "საინფორმაციო ფანჯრის" გამჭრელებად გვევლინებიან. ზასურსკი არ უარყოფს, რომ ვითარება საკმაოდ რთულია, თუმცა, მისი აზრით, პრესა ამ პირობებში ურიგოდ არ გამოიყურება.

[იასენ ზასურსკის ხმა] "ჩვენი, რუსული ჟურნალისტიკის ისტორია - ეს არის ცენზურისა და ზეწოლის მიმართ ჟურნალისტთა წინააღმდეგობის ისტორია. ჟურნალისტის სიტყვა თავისუფალი იყო მე-18 საუკუნეშიც, მეცხრამეტეშიც და მეოცეშიც. და, ჩემი აზრით, რუსული დემოკრატიის განვითარების თანამედროვე ეპოქისთვის დამახასიათებელ ყველა სიძნელესთან ერთად, ის დღესაც ყველაზე თავისუფალია რუსეთში, და იქნებ არა მარტო რუსეთში."

სხვები სიტუაციას კიდევ უფრო ოპტიმისტურად აფასებენ. აი, რას ამბობს, მაგალითად, ლუდმილა სმირნოვა - მოსკოვის საქალაქო არქივის თანამშრომელი და იმ გამოფენის ერთ-ერთი მომწყობი, რომელიც საუბრის დასაწყისში ვახსენეთ:

[ლუდმილა სმირნოვას ხმა] "დღეს პრესიდან ყველას შეუძლია ის აირჩიოს, რაც მოსწონს, რაც მისთვის მისაღებია. და, ჩემი აზრით, ეს ნორმალურია. თითოეული ადამიანი იმ გაზეთს კითხულობს, რომელიც მოსწონს, რომელიც მის შეხედულებებს უპასუხებს. ჩვენ ახლა არჩევანი გვაქვს და, ვფიქრობ, ეს სულაც არ არის ურიგო."

კრემლიდან კი სულ უფრო ხშირად და ხმამაღლა გაისმის 1991 წელს მიღებული პრესის კანონის შეცვლის მოთხოვნა: პუტინსა და მის გარემოცვას ეს კანონი მეტისმეტად ლიბერალურად ესახებათ.
XS
SM
MD
LG