Accessibility links

დემოკრატიული აღორძინების კავშირის პრობლემები


1999 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ასლან აბაშიძის პოლიტიკურმა წარმატებამ ზედა ზღვარს მიაღწია. ერთადერთი, რაც მაშინ აჭარის ლიდერმა ვერ შეძლო, დიდ საარჩევნო ბლოკში შალვა ნათელაშვილის

და მისი პარტიის მიზიდვა იყო. სამაგიეროდ, ბათუმში თავი მოიყარეს სრულიად განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციის ლიდერებმა და თავად დემოკრატიული აღორძინების კავშირიც მეტყველი სახეებით შეივსო.

ბოლო პერიოდში კი ასლან აბაშიძის გარემოცვაში სრული დეზინტეგრაციის პროცესი მიმდინარეობს. არის თუ არა ეს პროცესი შემთხვევითი?

ასლან აბაშიძის პოლიტიკურ გარემოცვას ერთი თვისება ახასიათებს: ამ სივრცეში განვითარებული კონფლიქტის რეალური შინაარსი ყოველთვის დაფარული რჩება - მაშინაც კი, როდესაც განხეთქილება აშკარაა. აჭარის ლიდერზე აუგს მისი ყოფილი თანამოაზრეებისგან ვერასოდეს მოისმენთ. მიზეზად ასლან აბაშიძის პიროვნული თვისებები სახელდება: ზოგი მის დაუნდობელ ხასიათზე მიუთითებს, ზოგი კი აჭარის ლიდერს "სიტყვის ერთგულ კაცად" მოიხსენიებს.

ურთიერთშეუხებლობის ტრადიცია შენარჩუნებულია ამჟამადაც, როდესაც კონფლიქტმა ასლან აბაშიძის პარტია ერთიანად მოიცვა. ტრადიციონალისტები და სოციალისტები, კარგა ხანია, ბლოკის ლიდერისთვის მიუღებელი მიმართულებებით მოძრაობენ, თუმცა ეს ფაქტი აჭარის ლიდერს საჯაროდ არასოდეს შეუფასებია. სამაგიეროდ, თავად აბაშიძის სიმშვიდე შეფასდა როგორც იძულებითი რეაქცია: მას არც ასათიანზე და არც რჩეულიშვილზე ზემოქმედების ბერკეტები, სავარაუდოდ, არ გააჩნდა. მაგრამ საზოგადოებისთვის სრულიად უცნობი და გაუგებარია, რატომ დაუშვა პარტიის თავმჯდომარემ ის, რაც ახლა ხდება: აღორძინების კავშირს თითქმის ყველა ცნობილი სახე ემიჯნება.

პრესის ვერსიით, პრობლემები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიის მოკრძალებულ შედეგს მოჰყვა და გიორგი თარგამაძის სახელს დაუკავშირდა. თუმცა პირველი განაწყენებული, ალბათ, მაინც ვალერი გელბახიანი იყო. "აღორძინების კავშირი" დიდხანს საჯაროდ ითხოვდა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს ვალერი გელბახიანისთვის. მაგრამ როდესაც პარლამენტში კომიტეტები ხელახლა გადანაწილდა და "აღორძინებამ" მისთვის სასურველი იურიდიული კომიტიტეტი ჩაიბარა, თავმჯდომარის პოსტზე რატომღაც გოჩა პაიჭაძე აღმოჩნდა. დღემდე უცნობია, რა მოხდა მაშინ პარტიაში, თუმცა ჩუმი კონფლიქტების სერია სწორედ ამ ფაქტით დაიწყო.

არის თუ არა შემთხვევითი, რომ ავტორიტეტულ და ავტორიტარულ პოლიტიკურ ფიგურას - ასლან აბაშიძეს - გარემოცვის დიდი ნაწილი გაუნაწყენდა და პროცესმა სკანდალის სახე მიიღო? წინა საპარლამენტო არჩევნებში აჭარის ლიდერს, ხმების და სხვა რესურსის გარდა, შეუცვლელი ფუნქციაც ჰქონდა - იგი ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრს ხელმძღვანელობდა. შესაძლოა, ამჟამად განვითარებული მოვლენები იმას ადასტურებდეს, რომ ასლან აბაშიძის ძველი ფუნქცია გაუქმებულია იმათ მიერვე, ვინც ეს ფუნქცია შექმნა გასული არჩევნების წინ. არის თუ არა პარტიის შიდა პრობლემები გარედან მომდინარე პრობლემების გაგრძელება? ამ კითხვის პასუხს საზოგადოება მოგვიანებით, ოღონდ უსათუოდ მიიღებს.
XS
SM
MD
LG