Accessibility links

ნინო ანანიაშვილის მორიგი ტრიუმფი თბილისში


გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა დიდი თეატრის პრიმა-ბალერინა, რუსთაველის პრემიის ლაურეატი ნინო ანანიაშვილი.

თუმცა ნამდვილი ჯილდო ანანიაშვილმა იმ საღამოს ოპერის თეატრში თავისი თაყვანისმცემლებისგან მიიღო – ოცწუთიანი აპლოდისმენტები მინკუსის ბალეტის, “დონ კიხოტის”, დასრულების შემდეგ.

ეტყობა, თბილისელი ბალეტის მოყვარულები ძალ-ღონის ნაკლებობას არ უჩივიან - მათ ხელისკვრით, მუშტი-კრივით შეაღწიეს ოპერის თეატრში ნინო ანანიაშვილის სპექტაკლზე, რომელიც 22 იანვარს გაიმართა. 80 ლარიანი ბილეთის ყიდვა ანანიაშვილის ფანატებს, რა თქმა უნდა, არ შეეძლოთ, მაგრამ, საბედნიეროდ, ოპერის თეატრის დირექციას მათთვის განსაკუთრებული წინააღმდეგობა არ შეუქმნია: აბა, ვინ უნდა იყვიროს ყველაზე ხმამაღლა “ბრავო” ანანიაშვილის განუმეორებელ ფუეტეებზე, თუ არა ბალეტის მოყვარულმა “პროლეტარიატმა”. იმ საღამოს ეს ხალხი განსაკუთრებით აქტიურობდა. ალბათ, იმიტომ, რომ მსოფლიო ბალეტის პრიმა თბილისში ძალიან მოენატრათ. თანაც, დიდი თეატრის ვარსკვლავმა საქართველოში ამჯერად “ქორეოგრაფიის პრინცად” წოდებული მოცეკვავე, დიდი თეატრისა და “ჰიუსტონ ბალეტის” სოლისტი, სერგეი ფილინი ჩამოიყვანა და, რაც მთავარია, ჩამოვიდა “თავის დირიჟორთან”, ალექსანდრ სოტნიკოვთან ერთად, რომელმაც თურმე ყველაზე კარგად იცის, როდის უნდა მოუმატოს ტემპს ანანიაშვილის ცეკვაზე.

მოკლედ, ნინო ანანიაშვილმა იმ საღამოს სრული კომფორტი შეიქმნა სცენაზე. ბრწყინვალე პარტნიორი, კარგი დირიჟორი და მოცეკვავის ნიჭით თითქმის “დაბრმავებული” თაყვანისმცემლების ხმამაღალი ოვაციები საკმარისი გახდა იმისთვის, რომ მსოფლიო პრიმას სამშობლოში თავისი უბადლო ტექნიკა ეჩვენებინა. მართალია, ანანიაშვილისთვის დამახასიათებელმა ერთგვარმა ინფანტილიზმმა, რომელიც მოსწონთ მის თაყვანისმცემლებს და არ მოსწონთ მისი შემოქმედების ოპონენტებს, აშკარად, ზედაპირული გახადა მინკუსის ჩელიტა. ქორეოგრაფიით გმირის ხასიათის გაღრმავებას მოცეკვავეს აქ არც არავინ სთხოვდა – თბილისი თავისი კერპისგან ტექნიკის დემონსტრირებას მოითხოვდა და პრიმამაც არ დააყოვნა – მესამე მოქმედების ვარიაციაში “ბისზე” დაატრიალა სახელგანთქმული 34 ფუეტე. ასე დაემსგავსა ბალეტი სპორტულ სანახაობას, პრინციპით, “ბევრჯერ დატრიალდი და გაიმარჯვებ!”... ეს უკვე დიდი რუსული ბალეტის ტრადიციაა, რომელიც უკვე მერამდენედ დაამკვიდრა ანანიაშვილმა თბილისში და რომელზეც ჭკუას კარგავენ ბალეტის ქართველი მოყვარულები. გაუგებარია მხოლოდ, რა საჭიროა მარიუს პეტიპას ხავსმოდებული ბალეტის დადგმა სამ მოქმედებად, ასევე ხავსმოდებულ დეკორაციებში, უსაშველოდ გაჭიანურებული სცენებით, როცა შეიძლება მხოლოდ ვარიაციები შეასრულო, ორჯერ დაატრიალო ბისზე “34 ფუეტე” და გაახარო ის, ვინც ამის სანახავად 80 ლარიანი ბილეთი შეიძინა და ისიც, ვინც ჭიდაობით შემოძვრა ანანიაშვილის “დონ კიხოტზე”.
XS
SM
MD
LG