Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელმა გვარდიელებმა საქართველოში ქიმიური და რადიოაქტიური გამოკვლევები ჩაატარეს


მეორე დღეა საქართველოში იმყოფებიან ამერიკის ჯორჯიის შტატის საგანგებო სიტუაციების სააგენტოსა და ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები, რომლებიც ქართველ კოლეგებს ბუნებრივი და

ხელოვნურად გამოწვეული კატასტროფებისა და კრიზისების მართვის თანამედროვე გამოცდილებას უზიარებენ. უფრო ადრე კი ეროვნული გვარდიისა და მომწამლავი ნივთიერებებით დაავადებულთა რეგისტრაციის სააგენტოს წევრებმა საქართველოს სამხედრო ნაწილების ტერიტორიაზე ქიმიური და რადიოაქტიური შემოწმება ჩაატარეს და რამდენიმე საშიში კერაც გააუვნებელყვეს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობის პირველ ეტაპზე რუსი სამხედროების მიერ დაცარიელებულ ყაზარმებში ქართველი ჯარისკაცების შესახლება სპონტანურად, ყოველგვარი წინასწარი სამუშაოების ჩატარების გარეშე ხდებოდა, რის გამოც ზოგიერთ სამხედრო ნაწილში რადიაციული კერის არსებობა მხოლოდ პირად შემადგენლობაზე მათი მავნე ზემოქმედების შემდეგ გამომჟღავნდა. საქართველოში დღემდე ახსოვთ თბილისთან ახლომდებარე ლილოს სასაზღვრო საგუშაგოზე მომხდარი ისტორია, როდესაც სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მიმოფანტული რადიოაქტიური ნივთიერება "ცეზიუმის" კაფსულით თერთმეტმა ჯარისკაცმა მიიღო დასხივება.

ერთი წლის წინ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის თხოვნით, სამხედრო ნაწილებში არსებული რადიაციული ფონის შესწავლა ითავა ამერიკის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის დეპარტამენტმა, რომელთანაც ორმხრივი ურთიერთობა ჯერ კიდევ 1995 წელს ჩამოყალიბდა. ჯორჯიის შტატის ექსპერტებმა შარშან, ივნისიდან ოქტომბრამდე, შირაქისა და თელავის საავიაციო ბაზები დაათვალიერეს. ჯგუფის ხელმძღვანელის მაიორ მაიკლ სკოულზის თქმით, ეს ობიექტები იმიტომ შეირჩა, რომ არსებობდა ზეპირი ინფორმაცია დამარხული ბირთვული ნარჩენების შესახებ. თანაც, ისინი უშუალოდ ესაზღვრებიან პანკისის ხეობას, სადაც რამდენიმე საერთაშორისო ტერორისტი აფარებდა თავს. თუმცა, სპეციალური ლაბორატორიული შემოწმებით, შირაქში საავიაციო რადიაციული ნივთიერებები არ აღმოჩნდა. გამონაკლისი იყო თელავის სამხედრო ნაწილი, სადაც რამდენიმე რადიაციული წყაროს არსებობა დაფიქსირდა.

[მაიორ მაიკლ სკოულზის ხმა] "ეს იყო ცეზიუმის მცირე ზომის რადიოაქტიური კაფსულები და ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რათა ეს წყაროები გაგვეუვნებელყო, რადგან არ გვსურს, რომ მსგავსი ნივთიერებები მოსახლეობის ან ტერორისტების ხელში მოხვდეს."

ამერიკის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის ქიმიური სამსახურის სპეციალისტებმა თელავის სამხედრო აეროდრომის ანგარებში აგრეთვე აღმოაჩინეს და გააუვნებელყვეს ტესტერი სტრონციუმ 90 წყაროთი, რადიუმისა და ტრიტის საზომები. აგვისტოს დასაწყისში მათ სპეციალური შემოწმება ფიჩხოვანის იმ წყალსაცავზეც ჩაატარეს, საიდანაც პანკისის ოპერაციის მსვლელობის დროს ქართული საჯარისო ნაწილები წყლით მარაგდებოდნენ. ამერიკელი სამხედრო ექსპერტების პარალელურად, სამხედრო ნაწილებში რადიაციული ფონისა და რადიოაქტიური წყაროების მოძიებით აქტიურად არიან დაკავებული ქართველი სპეციალისტებიც შესაბამისი სამინისტროებიდან. როგორც საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გენერალმა თენგიზ შუბლაძემ რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში აღნიშნა, დასავლეთ საქართველოში მომხდარი სტრონციუმის სკანდალის შემდეგ ერთობლივმა შემოწმებამ თითქმის მთელი საქართველო მოიცვა.

[თენგიზ შუბლაძის ხმა] "აღმოჩნდა ახალციხეში, სასაზღვრო ნაწილში, ერთ-ერთში ასეთი წყარო. არ იყო იმდენად მნიშვნელოვანი, მაგრამ ის ამოღებულ იქნა. ასევე წყარო იყო, თქვენ გახსოვთ, წალენჯიხის რაიონში. ისიც ამოღებულ იქნა. და დღეს, ფაქტობრივად, საქართველოში თუ რაიმე გამოჩნდება, მიუვალ ადგილას არის და არ ჩანს, თორემ ძირითადი ტერიტორია მაინც გადამოწმებულია."

გენერალ შუბლაძის თქმით, ასევე არ შეეფერება სინამდვილეს ინფორმაცია საქართველოში ბირთვული ნარჩენების შესახებ. რაც შეეხება ქიმიურ ნივთიერებებს, შუბლაძის განცხადებით, მოცულობა ამიაკის და ქლორისა, რომელსაც სხვადასახვა საწარმო იყენებს, არ არის იმ მასშტაბის, რომ მისმა გაჟონვამ გარემოს სერიოზული საფრთხე მიაყენოს. გამონაკლისს წარმოადგენს აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ეშერის ლაბორატორია, რომლის შესამოწმებლად ქართველ სპეციალისტებს ხელი არ მიუწვდებათ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG