Accessibility links

არსებობს თუ არა რეზერვი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 28 იანვარს პრეზიდენტი შევარდნაძე კიევში გაემგზავრა დსთ-ს წევრ სახელმწიფოთა პრეზიდენტების არაფორმალურ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად. წინასწარი ცნობებით,

კავკასიური ოთხეულის შეხვედრის გარდა, კიევში გაიმართება საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაც. ქართული მხარის განცხადებით, შეხვედრის ძირითადი თემა აფხაზეთის კონფლიქტი იქნება. რუსული წყაროები კი არ გამორიცხავენ პუტინ-შევარდნაძის შეხვედრისას პანკისის ხეობის თემის წამოჭრას. არსებობს თუ არა რეზერვი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში?

პრეზიდენტი შევარდნაძე კიევში 28 იანვარს ნაშუადღევს გაემგზავრა. ამ დროისთვის რუსეთის პრეზიდენტი უკვე უკრაინაში იმყოფებოდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმასთან ერთად რამდენიმე ორმხრივ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, გახსნა უკრაინაში რუსეთის დღეები და ჯილდოები გადასცა უკრაინის კულტურის მოღვაწეებს. რაც შეეხება დსთ-ს წევრ სახელმწიფოთა პრეზიდენტების არაფორმალურ შეხვედრას, - კიევში 12 წევრი სახელმწიფოს ნაცვლად, 8 სახელწიფოს პირველი პირი ჩავიდა, - როგორც ცნობილია, აქ რაიმე ხელშეკრულების გაფორმება დაგეგმილი არ გახლავთ. ასეთი არაფორმალური შეხვედრები, პრეზიდენტების, ასე ვთქვათ, დამეგობრების გარდა, მნიშვნელოვანი საკითხების არაფორმალურ განხილვას ისახავს მიზნად.

საეჭვოა, კიევში გატარებულმა ორმა დღემ რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტები დაამეგობროს. აფხაზეთის კოფნლიქტის მოგვარების საკითხის განხილვისთვის კი არაფორმალური შეხვედრა ნამდვილად ზედგამოჭრილია. მართალია, აფხაზეთში მყოფი რუსეთის სამშვიდობო ნაწილებისთვის მანდატის გაგრძელების წინ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ყოველთვის იძაბება, მაგრამ ახლა ვითარება ნამდვილად განსაკუთრებულია, აფხაზეთში მცხოვრებთათვის რუსეთის პასპორტების მასობრივ გაცემასა და სოხუმი-სოჭის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით.
კიევის გარდა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხს 28 იანვარს საქართველოს პარლამენტშიც განიხილავდნენ. პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით:
[ნინო ბურჯანაძის ხმა] ” რა თქმა უნდა, გულისტკივილით, მაგრამ მაინც მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ, ალბათ, კარგად უნდა გავითავისოთ, რომ საქართველოსთვის რუსეთი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა და ჩვენთვის რუსეთთან ურთიერთობა გახლავთ პირველხარისხოვანი ამოცანა, მოგვწონს ეს თუ არა. მაგრამ ჩვენ კარგად უნდა გავითავისოთ ისიც, რომ რუსეთისთვის საქართველო არ არის პირველხარისხოვანი პრობლემა.”
აფხაზეთის საკითხზე სტრასბურგში გამართული მოსმენების თაობაზე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ სანამ სტრასბურგში საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდა ელენე თევდორაძე, თბილისში პარლამენტმა ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ ნანა ბიჭიაშვილი აირჩია. მას შემდეგ, რაც გაერთიანებულმა დემოკრატებმა ვერ მიაღწიეს არჩევნების ერთი კვირით გადადებას, მათ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ელენე თევდორაძის კანდიდატურა საერთოდ მოხსნეს.
XS
SM
MD
LG