Accessibility links

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში აფხაზეთის საკითხის განხილვა არ შედგა


დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა არაოფიციალური სამიტის პარალელურად, აფხაზეთის საკითხი და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა მსჯელობის საგნად უნდა ქცეულიყო სტრასბურგშიც,

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ამ ორგანიზაციისთვის უცხო არ არის საქართველოსა და რუსეთის დელეგაციების მწვავე დაპირისპირება, თუმცა ამჟამად მკვეთრ კონფრონტაციას ორივე მხარე მოერიდა და აფხაზეთის საკითხის განხილვაც მომავლისთვის გადაიდო.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში 28 იანვარს გახსნილ სესიაზე საქართველოს დელეგაცია აფხაზეთის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების გამო მწვავე განხილვის მოწყობას გეგმავდა. ბუნებრივია, რომ ასამბლეის მხრიდან გაკიცხვის ობიექტად აფხაზეთის მიმართ რუსეთის ქმედებები იქცეოდა. მაგრამ, რუსეთის დელეგაციის ინიციატივის შედეგად, აფხაზეთის საკითხი საპარლამენტო ასამბლეის განხილვის მიღმა დარჩა.

კერძოდ, 27 იანვარს საქართველოს დელეგაციას რუსეთის წარმომადგენელმა დიმიტრი როგოზინმა ასამბლეის სხდომაზე დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად კონსულტაციები სთხოვა. მოლაპარაკებებზე აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებულ პრობლემებზე იმსჯელეს, მათ შორის - პასპორტიზაციის, სარკინიგზო მიმოსვლისა და პრივატიზების საკითხებზე.

ქართული მხარის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, სიტყვიერი შეთანხმების ნაცვლად, ერთობლივ განცხადებას მოეწერა ხელი. თანახმად ამ დოკუმენტისა, დელეგაციათა შემადგენლობიდან უნდა შეიქმნას ფაქტების დამდგენი ჯგუფი, რომელიც ადგილზე შეისწავლის და რეაგირებას მოახდენს ორმხრივ ურთიერთობებში შემჩნეულ საგანგაშო ფაქტებზე.

ჩემთან სატელეფონო ინტერვიუში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ზურაბ ჟვანიამ განაცხადა:

[ჟვანიას ხმა] „ჩვენი თვითმიზანი არ არის თავდასხმები რუსეთზე და, ვინაიდან რუსეთის დელეგაციამ ჩვენი პოზიციები აღიარა და გაიზიარა, ბუნებრივია, ჩვენ გვირჩევნია მივაღწიოთ შედეგს და არ ვაქციოთ ჩხუბი ჩვენს თვითმიზნად.“

ზურაბ ჟვანია დასძენს, რომ თუ რუსეთის მხარე ხელმოწერილ დოკუმენტს ასამბლეის დამთავრების შემდეგვე მიივიწყებს, მომდევნო სხდომაზე, რომელიც მარტში გაიმართება, საქართველოს დელეგაცია კვლავ მსჯელობის საგნად აქცევს აფხაზეთში რუსეთის არასამართლებრივ ქმედებებს.

[ჟვანიას ხმა] „მოსალოდნელია, რომ იყოს პრეზიდენტი პუტინი, გამოვიდეს და მიმართოს ასამბლეას, ასე რომ, მანდ იქნება უფრო მეტი შესაძლებლობა და ჩვენ დავეყრდნობით იმ დოკუმენტს, რომელსაც, ერთი მხრივ, მე ვაწერ ხელს, მეორე მხრივ, როგოზინი. ასე რომ, ჩვენ ყველა შემთხვევაში ჩვენი პოზიციები გვაქვს დაზღვეული.“

რუსეთის მხრიდან საქართველოს დელეგაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი მაინც უცნაურად გამოიყურება, რადგან რუსეთი აქამდე დიდად არ შეუწუხებია საერთაშორისო ორგანიზაციებში ქართველთა აქტიურობას. აფხაზეთიდან დევნილი ხელისუფლების ლიდერი თამაზ ნადარეიშვილი რუსეთის მხარის პოზიციების შერბილებას ასე ხსნის:

[ნადარეიშვილის ხმა] „რუსეთმა დაძაბა ვითარება რკინიგზით, დაძაბა პასპორტებით და მერე ამას ყველაფერს მოუშვა. თქვა, რომ მატარებლებს გააჩერებს, გამოაცხადა, რომ პასპორტიზაცია შეაჩერა, გაზი გამოუშვა. ამიტომ ვითარება ახლა წავა დათბობაზე, მოეწერება სამშვიდობო ძალებს ხელი და ჩვენ, დაახლოებით, 1 თვეში ამ პრობლემებთან დავრჩებით პირისპირ.“

თამაზ ნადარეიშვილს ამ პესიმისტური პროგნოზის დაძლევა შესაძლებლად მიაჩნია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გლობალურად, მსოფლიო პოლიტიკის დონეზე, გადაწყვეტის შემთხვევაში. ოფიციალური თბილისი კი დიდ იმედებს რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების არაოფიციალურ შეხვედრაზე ამყარებს და მისი მეშვეობით აფხაზეთის ირგვლივ შექმნილ პრობლემებში სიცხადის შეტანას ვარაუდობს.
XS
SM
MD
LG