Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიცვლება თუ არა კანონმდებლობა ადამიანის უფლებათა დაცვის სასარგებლოდ


დავით პაიჭაძე, თბილისი ოთხშაბათს, 29 იანვარს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იმ სარჩელის პასუხად, რომელიც სასამართლოში გასულ წელს შეიტანა საქართველოს

სახალხო დამცველმა ნანა დევდარიანმა. პროცესზე ომბუდსმენს შეუერთდნენ და მას წარმოადგენდნენ იურისტები საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან. სარჩელი ეხება რამდენიმე მუხლს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომელთა მოქმედება, მოსარჩლეთა აზრით, ლახავს ადამიანის უფლებებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. გადაწყვეტილების გამოტანამდე ვესაუბრე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრს გიორგი ჩხეიძეს.

სახალხო დამცველის სარჩელი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 5 პრინციპს ასაჩივრებს. ერთი მათგანია მოქალაქის გაურკვეველი სტატუსი დაკავებიდან პირველი 12 საათის მანძილზე, როცა ის ჯერ კიდევ არ არის ეჭვმიტანილი. ეჭვმიტანილად ცნობიდან 72 საათში უნდა გადაწყდეს, არის თუ არა პირი ბრალდებული, მაგრამ ეჭვმიტანილად ცნობამდე შეიძლება გავიდეს 12 საათი, როცა მოქალაქე, უბრალოდ, წარდგენილია პოლიციაში. გიორგი ჩხეიძის თქმით, [ჩხეიძის ხმა] “ფაქტობრივად, რადგან ის არ არის ეჭვმიტანილი, არა აქვს დუმილის უფლება, არა აქვს უფლება, მოიწვიოს დამცველი და მოითხოვოს სამედიცინო შემოწმება და ა.შ. ჩვენი სტატისტიკით, სწორედ ამ 12 საათის განმავლობაში ხდება პიროვნებაზე ზემოქმედება”.

მოსარჩლეთა მეორე პრეტენზია დაცვის უფლების შეზღუდვას ეხება. საპროცესო კოდექსი ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს დამცველთან ურთიერთობის დროს დღეში ერთი საათით განუსაზღვრავს, რაც გიორგი ჩხეიძეს კონსტიტუციის საწინააღმდეგო შეზღუდვად მიაჩნია [ჩხეიძის ხმა]: “არანაირი ლოგიკა ამაში არ არის. კონსტიტუცია არ იცნობს დაცვის უფლების შეზღუდვის რაიმე ფორმას. კონსტიტუციაში წერია, რომ დაკავებისთანავე პირს შეუძლია მოითხოვოს დამცველის მომსახურება და ის უნდა დაკმაყოფილდეს”. აქვე დავძენთ, რომ განვითარებულ ქვეყნებში შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ამას მოითხოვს გამოძიების ინტერესები. სახალხო დამცველი ასევე ასაჩივრებს მუხლს, რომლის ძალით დამცველს არა აქვს უფლება, პირის დაკავებიდანვე გაეცნოს საქმის მასალებს. ასეთი ვითარება არღვევს კონსტიტუციით აღიარებულ მხარეთა თანასწორობის პრინციპს.

სისხლის სამართლის კოდექსი შეიცავს სხვადასხვა ორგანოს იმ მოქმედებათა ჩამონათვალს, რომლის გასაჩივრებაც შეიძლება სასამართლოში. [ჩხეიძის ხმა] “საპროცესო კოდექსი უთითებს, რისი გასაჩივრება შეიძლება სასამართლოში. იქ არაფერია ნათქვამი ექსტრადიციის შესახებ. სარჩელში ეს მუხლიც შევიტანეთ”.

საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი მოითხოვს ანტიკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებული რამდენიმე მუხლი. ბრალდებულს წინასწარი პატიმრობის მაქსიმალურ ვადად კონსტიტუცია 9 თვეს უსაზღვრავს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსმა კი ეს ვადა ზოგ შემთხვევაში შეიძლება 2 წლამდეც კი გაზარდოს. კონსტიტუცია არ იცნობს სხვა ტერმინს, გარდა წინასწარი პატიმრობისა, კოდექსს კი შემოაქვს სასამართლო პატიმრობის ცნება. პატიმარს, როგორც განსასჯელს, სწორედ ამ ცნების ძალით უგრძელდება 9 თვეზე მეტ ხანს საპყრობილეში ყოფნა სასამართლოს განაჩენის გამოტანამდე [ჩხეიძის ხმა]: “თუ ადამიანის რომელიმე უფლებასა და თავისუფლებასთან მიმართებით კონსტიტუციაში რაიმე შეზღუდვა არ არის მოცემული – ყოველგვარი შეზღუდვა არაკონსტიტუციურად მიგვაჩნია”.

დაბოლოს, კონსტიტუცია მოქალაქეს აძლევს უფლებას, არ მისცეს საკუთარი თავის საწინააღმდეგო ჩვენება. კოდექსი კი პირს ავალდებულებს, გამომძიებელს წარუდგინოს პირის მიერვე დანიშნული ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა იმ შემთხვევაშიც, თუ დასკვნა მისი საწინააღმდეგო იქნება. ესაა მეხუთე პრეტენზია უფლებადამცავთა სარჩელში.

არც ერთი ეს მუხლი საპროცესო კოდექსში არ იყო, როცა საქართველოს ევროსაბჭოში იღებდნენ. საკანონმდებლო რეგრესი მიღებიდან ორიოდ კვირაში დაიწყო. ევროპულ კანონმდებლობასთან შეუსაბამო ნორმების გაუქმება საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია. მის განჩინებამდე რამდენიმე საათი რჩება.
XS
SM
MD
LG