Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განიარაღების ექსპერტთა საანგარიშო მოხსენებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა


გაეროს განიარაღების კომისიის ხელმძღვანელის ჰანს ბლიქსის გუშინდელ მოხსენებაზე არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოსალოდნელიც იყო. ვაშინგტონი და ლონდონი აძლიერებენ ერაყის

ლიდერზე ზეწოლას და განიარაღებაზე უარის თქმის შემთხვევაში მას სამხედრო თავდასხმით ემუქრებიან. დანარჩენი მსოფლიოს დიდი ნაწილი კი ერაყში გაეროს ინსპექციის ვადის გახანგრძლივებას მოითხოვს.

თეთრი სახლის პრეს-მდივანმა არი ფლაიშერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტი ბუში ჯერ კიდევ იმედოვნებს, რომ ერაყთან ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნება. თუმცა, ფლაიშერისავე განცხადებით, ჰანს ბლიქსის გუშინდელმა მოხსენებამ დაადასტურა, რომ ერაყის ხელისუფლება უბრალოდ ატყუებს გაეროს ინსპექტორებს.

[ფლაიშერის ხმა]
"დღევანდელმა დღემ ცხადყო, რომ ერაყმა ვერ შეძლო გაეროს მოთხოვნის დაკმაყოფილება, რომ ის კვლავ ფლობს აღურიცხავ მასობრივი განადგურების იარაღს. ყოველივე ამან განაპირობა ის, რომ გაეროს ინსპექტორები ცრუ ინფორმაციას იღებენ".

ფლაიშერის პოზიციას ეხმიანება ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეკ სტროუს გამოსვლა. როგორც ადრე გატყობინებდით, ბრიტანეთმა, რომელიც ერაყის საკითხში შეერთებული შტატების ყველაზე მძლავრი მოკავშირეა, ცოტა ხნის წინ სპარსეთის ყურეში ათასობით ჯარისკაცი გადასხა. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერაყის ლიდერის გაეროს ინსპექტორებთან თანამშრომლობის შესახებ განაცხადა:

[ჯეკ სტროუს ხმა]
"ახლა სრულიად აშკარაა, რომ სადამ ჰუსეინმა გაეროს ინსპექცია ფარსად აქცია. ის თანამშრომლობდა ინსპექციის პროცესში, მაგრამ არა არსებითად საკითხის გარკვევაში".

რაც შეეხება საფრანგეთის, გერმანიისა და რუსეთის პოზიციებს, სამივე ქვეყანა აცხადებს, რომ ჰანს ბლიქსისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის მოჰამედ ელბარადეის ანგარიშში არასათანადოდ არის შეფასებული გაეროს ინსპექციის მნიშვნელობა და რომ ინსპექტორებს მეტი დრო სჭირდებათ რეალური სურათის წარმოსაჩენად.

უშიშროების საბჭოს წინაშე გამოსვლისას ელბარადეიმაც აღნიშნა, რომ მის ინსპექტორებს კიდევ რამდენიმე თვე სჭირდებათ იმის დასადგენად განაახლა თუ არა ერაყმა ატომური იარაღის პროგრამა.

რუსეთის პრეზიდენტმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ გაეროს ინსპექტორებს უნდა მიეცეთ ერაყში მუშაობის გაგრძელების საშუალება. იმავეს აცხადებს შეერთებული შტატების მოკავშირე თურქეთიც, რომლის პოზიციაც არსებითია ერაყში ნებისმიერი ომის წარმოებისას. ინსპექციის ვადის გაგრძელებას ემხრობიან გერმანიის კანცლერი გერჰარდ შროდერი და საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკიც.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშკა ფიშერმა კი განაცხადა:

[ფიშერის ხმა]
"ინსპექტორები წარმოადგენენ უმნიშვნელოვანეს იარაღს საფრთხის კონტროლის და მისი აღმოფხვრის თვალსაზრისით. მათ სჭირდებათ დრო თავიანთი საქმის ბოლომდე მისაყვანად".

აჩქარების მომხრე არ არის არც ჩინეთი. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ერაყის პრობლემის პოლიტიკური გზით გადაჭრისთვის.

მიუხედავად დემოკრატების უკმაყოფილებისა, ბუშის ადმინისტრაცია, რომელიც უკვე შეუდგა სპარსეთის ყურეში ჯარების განლაგებას და თებერვლის ბოლომდე იქ 150 ათასი ჯარისკაცის გადაყვანას აპირებს, თვლის, რომ შეერთებული შტატები დიდ ხანს აღარ დააცდის ერაყის პრეზიდენტს, რომ ის ინსპექტორებთან თანამშრომლობას შეუდგეს.

სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი თვლის, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობა მზად უნდა იყოს იმ "სერიოზული მოსალოდნელი შედეგების" ხილვისთვის, რომელზეც უშიშროების საბჭოს მიერ გასულ ნოემბერს მიღებულ 1441-ე რეზოლუციაში იყო საუბარი.

[პაუელის ხმა]
"საკითხავია არა ის თუ კიდევ რა დრო სჭირდებათ ინსპექტორებს სიბნელეში ხელის ცეცებისთვის, არამედ ის თუ რა დრო მიეცეს ერაყს იმისათვის, რომ ყველაფერს ნათელი მოფინოს. ამის პასუხად ვიტყვი, რომ ერაყს ცოტა დრო დარჩა. ერაყის მიერ არჩევნის მშვიდობიან განიარაღებაზე შეჩერების ვადა სწრაფად იწურება."

ამ კვირის ბოლოს ვაშინგტონის მახლობლად კემპ დევიდში ბუშისა და ბლერის შეხვედრაა დაგეგმილი. კვირის მანძილზე ერაყის საკითხის განსახილველად ვაშინგტონს ეწვევა იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონიც.

მოლაპარაკებებზე ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი იქნება ერაყის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს ახალი რეზოლუციის მომზადების შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონი სამხედრო ოპერაციის დაწყებისთვის გაეროს წინა რეზოლუციასაც სრულიად საკმარისად მიიჩნევს, ის ასევე არ გამორიცხავს ახალი რეზოლუციის მიღებასაც და როგორც ცნობილია, სახელმწიფო დეპარტამენტი მეორე რეზოლუციის პროექტზეც მუშაობს. ზოგიერთი დიპლომატის თქმით, მსგავსი პროექტი დიდ ბრიტანეთსაც აქვს მომზადებული.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG